Volkswagen-მა მოახერხა 20,000 თანამშრომლის დაყოლიება, რომ სამსახური საკუთარი ნებით დაეტოვებინათ. კომპანიაში აცხადებენ, რომ რესტრუქტურიზაციის გეგმა – რომელიც 2030 წლამდე შტატის 35,000-ით შემცირებას ითვალისწინებს – წარმატებით დაიწყო. პირველ ეტაპზე კომპანიამ უკვე შეძლო 20,000 თანამშრომელთან შეთანხმება.
წასვლის კომპენსაციებზე ავტო გიგანტმა 900 მილიონი ევრო გამოყო, რაც თანამშრომლების უმრავლესობისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
შემცირებები ეხება გერმანიას და მხოლოდ იქაურ ქარხნებს, სადაც Volkswagen-ის 120,000-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს.
პერსონალთან „მშვიდობიანი“ შეთანხმება გათავისუფლებების ნაცვლად ნიშნავს იმას, რომ დასაქმებულები დათანხმდნენ დროზე ადრე პენსიაზე გასვლას ან კონტრაქტების ნებაყოფლობით შეწყვეტას.
Volkswagen-ის მიზანია წარმოების მოცულობის შემცირება 700,000 ერთეულით, რადგან ამ რაოდენობის მანქანის გამოშვება გერმანიაში ეკონომიკურად მიზანშეწონილად უკვე აღარ ითვლება.