Volkswagen-ისა და ჩინური SAIC-ის ერთობლივმა საწარმომ ახალი ფლაგმანური ჰიბრიდული კროსოვერის – ID. Era 9X-ის პირველი ოფიციალური დეტალები გაამხილა. მიუხედავად იმისა, რომ მოდელის სრული პრემიერა აპრილშია დაგეგმილი, ფოტოები და ტექნიკური მახასიათებლები უკვე გამოქვეყნდა ჩინეთის ინდუსტრიის სამინისტროს მონაცემთა ბაზასა და ავტო პორტალ AutoHome-ზე. გაყიდვების დაწყება წლის პირველ ნახევარში იგეგმება.
ID. Era პირველად კონცეპტის სახით შანხაის ავტოსალონზე 2024 წლის აპრილში წარადგინეს. სერიული ვერსია თითქმის უცვლელად ინარჩუნებს კონცეპტის დიზაინს – მას ახასიათებს მასიური სილუეტი, დახურული წინა პანელი ტრადიციული რადიატორის ცხაურის გარეშე და Volkswagen-ისთვის უჩვეულო, ჩინურ ბაზარზე მორგებული წინა ოპტიკა. დიზაინის ერთ-ერთი გამორჩეული დეტალი იქნება გარე ლურჯი განათება, რომელიც კროსოვერს თანამედროვე და ტექნოლოგიურ იერს სძენს.
ზომებით ID. Era 9X სრულფასოვან ფლაგმანად პოზიციონირდება:
მისი გაბარიტებია 5207 × 1997 × 1810 მმ, ხოლო საბაზო მანძილი – 3070 მმ. ამ მონაცემებით ის აღემატება ისეთ დიდ მოდელებს, როგორებიცაა Teramont და Talagon. კროსოვერი 21 დიუმიან დისკებზე დადგება.

ტექნიკური თვალსაზრისით, ყველა ვერსიის საფუძველს წარმოადგენს 1,5-ლიტრიანი ბენზინის ძრავი (143 ცხ.ძ.), რომელიც მუშაობს ჰიბრიდულ სისტემაში.
ძირითადი კონფიგურაცია აღჭურვილი იქნება უკანა ღერძზე განთავსებული 299 ცხენისძალიანი ელექტროძრავით და 51,1 კვტ⋅სთ ბატარეით, რაც WLTC ციკლის მიხედვით 267 კმ-მდე სუფთა ელექტრული სვლის საშუალებას იძლევა. უფრო დიდი, 65,2 კვტ⋅სთ აკუმულატორი ამ მაჩვენებელს 340 კილომეტრამდე ზრდის.

ტოპ-ვერსია მიიღებს დამატებით ელექტროძრავს წინა ღერძზე (218 ცხ.ძ.), რის შედეგადაც სისტემური სიმძლავრე 517 ცხენის ძალას მიაღწევს. ამ შემთხვევაში ელექტრული სვლა WLTC ციკლით 321 კმ იქნება, ხოლო ჩინური CLTC სტანდარტით – 400 კილომეტრზე მეტი.

ვარაუდობენ, რომ ID. Era 9X-ის სერიული წარმოება აპრილში დაიწყება. ახალი მოდელი მნიშვნელოვანი ნაბიჯია Volkswagen-ისთვის ჩინეთის ბაზარზე, სადაც ბრენდი აქტიურად ავითარებს დიდ ზომის ჰიბრიდულ და ელექტრულ ავტომობილებს ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად.