„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები” – ასე ეწოდება კონცერტების ციკლს, რომელიც წელს პირველად, თბილისსა და გორში ჩატარდება და საქართველოში მცხოვრებ ქართველ მუსიკოსებს გააერთიანებს.
იდეა პიანისტ თამარ ლიჩელს ეკუთვნის, რომელიც სწორედ აღნიშნული პროექტის ორგანიზატორის ამპლუაში, 4 ივნისს, რადიო „ფორტუნას“ გადაცემას „არტ-FM“ სტუმრობდა და ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების პროგრამასა და მასში მონაწილე ქართველ შემსრულებლებზე ისაუბრა.
ერთ-ერთი მათგანი პიანისტი დათუნა ალადაშვილია, რომელმაც გადაცემაში „არტ-FM“ პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და კონცერტის სამზადისზე ისაუბრა.
თამარ ლიჩელი:
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ საორგანიზაციო მიმართულებით საქმის გაძღოლას შევძლებდი, მაგრამ ადამიანს, საქმის უზომო სიყვარული, ალბათ, ყველაფერს გააკეთებინებს.
პროექტი „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო, ბევრი წელი ვფიქრობდი ხორცი შემესხა ამ იდეისთვის, ალბათ, ეს განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ყოველთვის ძალიან დიდი სიხარულით და სიამოვნებით ვასრულებდი ქართულ მუსიკას და საბედნიეროდ, საქართველოში გვაქვს ფუფუნება ქართველი კომპოზიტორებისა და შემსრულებლების მონაწილეობით ძალიან მაღალი დონის კონცერტები ჩავატაროთ.
პროექტი, რომელსაც წელს ჩაეყარა საფუძველი, უნიკალური იქნება, რადგან თავს მოუყრის არა მხოლოდ ქართული მუსიკის შედევრებს, არამედ თანამედროვე, ღირებულ ნამუშევრებს, რომელსაც ქართველი გამორჩეული შემსრულებლები შეასრულებენ. კონცერტების სერიაში მონაწილეობას საქართველოში მცხოვრები შემსრულებლები მიიღებენ.
ცხადია, ფასდაუდებელია იმ ქართველი მუსიკოსების ღვაწლი, რომლებიც საზღვარგარეთ მოღვაწეობენ, რადგან საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე გააქვთ, მაგრამ ასევე ფასდაუდებელია იმ მუსიკოსების მოღვაწეობა, ვინც დარჩნენ საქართველოში და ძალიან მაღალ დონეზე, ერთგულებითა და დიდი სიყვარულით აკეთებენ თავიანთ საქმეს.
მე ვიცი ამ შრომის ფასი და ყოველთვის მინდოდა, გამეერთიანებინა საქართველოში მცხოვრები გამორჩეული მუსიკოსები. ბედნიერი ვარ, რომ წელს ამის შესაძლებლობა მომეცა. მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიასა და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირს, რომელიც ყველა წამოწყებაში ჩვენთან ერთად არის.
როდის ჩატარდება კონცერტები, როგორია პროგრამა და რომელ ქართველ შემსრულებლებს ვიხილავთ?
„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ მოიცავს სამ კონცერტს. ორი კონცერტი, თბილისში, კონსერვატორიის მცირე დარბაზში, 27-28 ივნისს ჩატარდება, ხოლო მესამე კონცერტი 29 ივნისს, გორში, სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში გაიმართება.
ვიმედოვნებ, ეს პროექტი არ იქნება ერთჯერადი, გაგრძელდება და ყოველწლიურად, დედაქალაქთან ერთად, სხვადასხვა რეგიონშიც განხორციელდება.
კონცერტების სერიაში მონაწილეობას მიიღებენ ჩვენთვის საყვარელი მუსიკოსები, როგორებიც არიან: გიორგი შავერზაშვილი, ვალერიან შიუკაშვილი, დათუნა ალადაშვილი, ნინო ჟვანია, ნათია ბერაია, ნინო უშიკიშვილი, დიმა ბოქოლიშვილი, ირაკლი ევსტაფიშვილი, სტუდენტური სიმებიანი კვარტეტი და ასევე, სიმებიანი კვარტეტი „იბერი“.
ყველა შემსრულებელი მზად არის კონცერტები ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდეს, მათი მხრიდან დიდი სიყვარული იგრძნობა და მადლობა მათ ამისთვის.
სამივე კონცერტზე დასწრება თავისუფალია. იმედი მაქვს, გამორჩეული საღამოები იქნება.
დათუნა ალადაშვილი:
პროექტს, რომელსაც დღეს ოფიციალურად სახელი დაერქვა, თამარ ლიჩელი წლებია აკეთებს. არ მახსენდება ქართველი კომპოზიტორი, რომლის ნაწარმოებიც თამარს არ ჰქონდეს შესრულებული. პატივი მაქვს, 27 ივნისს მასთან ერთად ვიყო სცენაზე, რაც დიდი ბედნიერება და დღესასწაულია.
პროექტი „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ ფაქტობრივად ახალი განაცხადია ქართულ და მსოფლიო რეალობაში, იმისათვის რომ ქართველ კომპოზიტორებს, მათ შორის ახალგაზრდებს მიეცეთ შესაძლებლობა წარმოჩინდეს მათი ნაწარმოები და ამასთან, გაუჩნდეთ ახალი ნაწარმოების შექმნის სტიმული.
თათა არაჩვეულებრივი შემსრულებელია. ის ნებისმიერ ნაწარმოებს, რომელსაც ხელს ჰკიდებს, სულს ჩაბერავს და სწორედ ამ გზით ხდება კომპოზიტორი ცნობილი.
კონცერტზე საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ და არც თუ ისე ხშირად შესრულებულ ნაწარმოებს შევასრულებთ. ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი პიესა მერგო, ყველასთვის გამორჩეული კომპოზიტორის, ბიძინა კვერნაძის „პოემა“.
მიხარია, რომ ქართული პროფესიული მუსიკა გაჟღერდება და დარწმუნებული ვარ, მსმენელი დიდ სიამოვნებას მიიღებს.