LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველა საგანში უმაღლესი შეფასება მქონდა… მოვხვდი დეკანის რჩეულ სტუდენტთა სიაში“ – ჯაბა ქარსელაძემ ჰარვარდის უნივერსიტეტი დიდი წარმატებით დაასრულა

670
ჯაბა ქარსელაძე

ჯაბა ქარსელაძემ ახლახან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი, ჰარვარდი დაამთავრა – „ეს ის ტიტულია, რომელზეც 10 წლის წინ ვიღაცას რომ ეთქვა, ერთ დღეს შენ ამას შეძლებო, ალბათ ძალიან დაუჯერებელი მეგონებოდა…“, აღნიშნა სტატუსში, რომელიც ამ მოვლენასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

𝗢𝗻𝗲 𝘄𝗲𝗲𝗸 𝗮𝗴𝗼… I lived one of the most meaningful moments of my life. It actually took me a week to write something…

Posted by JABA KARSELADZE on Thursday 5 June 2025

fortuna.ge ჯაბას დაუკავშირდა და მისი ემოციები და სიხარული გაიზიარა…

შენი ბოლოდროინდელი წარმატება უამრავმა ადამიანმა მოგილოცა უკვე. ჩვენგანაც მიიღე მილოცვა და გვითხარი, როგორია იყო ჰარვარდის კურსდამთავრებული ქართველი. რას ნიშნავს ეს შენთვის და რა მოგცა იქ სწავლის პროცესმა?

ეს არის ჩემთვის დღემდე დაუჯერებელი ამბავი. ეს იყო ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნება, რომელიც მინდოდა, რომ ამხდარიყო ჩემს ცხოვრებაში. არ მჯერა, რომ ეს მოხდა… იმიტომ კი არა, რომ რაიმე შეუძლებელია, არამედ ზოგჯერ ფიქრობ, რომ არის რაღაცები, რაც შენთვის არ არის, თითქოს თავს ეკამათები, შევძლებ თუ ვერა, მაგრამ ალბათ, ძალიან რომ გინდა, ყველაფერი შესაძლებელია. ჰარვარდში სწავლის ინსპირაცია მამაჩემს უკავშირდება. და რა თქმა უნდა, თავად ძალიან მინდოდა ეს, რაც იმ კედლებში ხდება, არის სასწაული ენერგია, რომელსაც ან შეიგრძნობ, ან – ვერა. როცა პირველად ჩავედი ბოსტონში, ვიგრძენი ეს ენერგია, ეიფორიაში ჩავვარდი და მივხვდი, რომ ჩემი ადგილი აქ იყო.

სწავლისთვის დამჭირდა სამი წელი, გამიზნულად წავედი ნელი ტემპით, რადგან მინდოდა, ძალიან კარგად მესწავლა, წარმატებით დამემთავრებინა და ძალიან წარმატებულადაც დავამთავრე. გარდა იმისა, რომ დავამთავრე ჰარვარდი და დიპლომი ავიღე, მოვხვდი დეკანის რჩეულთა სიაში. აქ ხვდებიან მხოლოდ ის სტუდენტები, რომელთაც აქვთ შესაბამისი GPA. ეს არის ერთგვარი საზომი წარმატების, რომლის მაქსიმალური ქულა გახლავთ 4.0 და მე სწორედ ეს ქულა მქონდა. ამაზე მაღალი ქულა არ არსებობს. ყველა საგანში მქონდა მინიმუმ 94% და უფრო მაღალი შეფასება. თავს არ ვიქებ, მეც არ ვიცი, ეს როგორ შევძელი… ჩემთვის ეს წარმოუდგენელი რამ იყო, ეს, ფაქტობრივად, ძალიან ცოტა ადამიანს გამოსდის. ვიღაცას რომ მკითხოს, რა არის ამის საიდუმლო, ჩემზე ბევრად ჭკვიანი, ნიჭიერი და წარმატებული სტუდენტები იყვნენ ჩემს ფაკულტეტზე და მარტო მე, რა თქმა უნდა, არ დამიმთავრებია ასე წარმატებულად, მაგრამ პირადი წარმატების ფორმულა იყო უდიდესი შრომა, ძალიან ვიწვალე. მინდოდა, რომ სასწაული შედეგით დამემთავრებინა… სულ რამდენიმე ქართველს აქვს დამთავრებული ჰარვარდი. ემოციებს ვერ გადმოგცემ… ამჟამად ამ შეგრძნებამ მთელი ჩემი ცხოვრება მოიცვა. მადლობელი ვარ სამყაროსი, უფლის, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა, მშობლებისა და მეგობრების, ვინც გვერდით მედგა ამ გზაზე. სულ ვგრძნობდი ამ მხარდაჭერას. იმედია, ეს ყველაფერი გამომადგება არა მხოლოდ მე, არამედ უფრო დიდ მასშტაბებს. პირველ რიგში, ვისურვებდი, რომ ჩემი წარმატება გამოსდგომოდა ჩემს ქვეყანას. ჰარვარდში სწავლა მხოლოდ ის არ არის, რომ მაგარი ხარ, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ უკან დგას დიდი გუნდი, გვითხრეს, რომ ჰარვარდის ოჯახის წევრები ვართ. როგორც იტყვიან, ჰარვარდელი არასდროს დაიკარგება და არ იქნება დაჩაგრული. ძალიან დიდი ბედნიერებაა ჩემთვის, რომ ჰარვარდის დამთავრება შევძელი…

ამჟამად სად ცხოვრობ და როგორია შენი ერთი დღე, რით ხარ დაკავებული?

7 წელიწადი ვიცხოვრე საფრანგეთში, ახლა ვცხოვრობ ბარსელონასთან ახლოს მდებარე ქალაქში, მაქვს ბინა არაჩვეულებრივი ხედები ზღვაზე. ძალიან ბევრს ვმოგზაურობ, ამერიკაშიც ხომ ვიყავი წასული თვეების განმავლობაში, მაშინ ვფიქრობდი, რომ ასეთ ლამაზ ადგილას ცხოვრება ნამდვილად გამართლებაა. ეს სახლი კოვიდის დროს ვიპოვე, როცა დაბალი ფასები იყო. მინდა, ერთ დღეს არა ბინა, არამედ სახლი მქონდეს ასეთივე ხედებით.

ჩემი ერთი დღე ყოველთვის განსხვავებულია, ხან შეიძლება გავიღვიძო შვიდ საათზე, ხან ათზე. არ მიყვარს რუტინა, ამიტომაც ვიპოვე პროფესია, ლექტორობა, თუმცა მინდა ბევრი რამის შეცვლა. ჰარვარდის მერე, რა თქმა უნდა, ბევრად მეტი გინდა ადამიანს, ფინანსური და არამატერიალური კუთხითაც. ჰარვარდის დამთავრებამდე ჩემი ცხოვრება იყო ლექციების კითხვა, ხშირად ონლაინაც მქონდა ჩართვები, რადგან შეღავათს მიკეთებდნენ, კვირაში მხოლოდ ორი დღე ვკითხულობდი ლექციებს, მეტს ვერ ვახერხებდი დროის მხრივ, ამერიკაში მივფრინავდი ვთქვათ, პარასკევს, სამშაბათს კი უკან ვბრუნდებოდი და საღამოს უკვე ლექციაზე შევდიოდი, ასე რომ, ასეთი გიჟური რიტმი მქონდა…

ვცდილობ, კვირაში ხუთი დღე მაინც ვივარჯიშო. დილის საუზმე ჩემთვის კვების რაციონში მნიშვნელოვანია. ასევე ფეხით სიარული.

როგორც გითხარი, ბევრს ვმოგზაურობ, მაგრამ ადრე უფრო აქტიური დასვენება მიყვარდა, ახლა უფრო მეტად ხარისხიან დასვენებას ვეძებ.

მიყვარს ახალ ხალხთან შეხვედრა და ახალი ადამიანების გაცნობა, ადამიანებში ვცდილობ, ვიპოვო რაღაც კარგი და შევეცადო, რომ რაღაც ვისწავლო. მიყვარს კომუნიკაცია და ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი ვარ…

საქართველოში თუ ჩამოდიხარ ხოლმე და ყველაზე მეტად რა გენატრება საზღვარგარეთ ცხოვრებისას?

წელიწადში ორჯერ ჩამოვდივარ, აგვისტოში, როცა ხალხი გადის თბილისიდან. ზოგჯერ დეკემბრის ბოლოსაც, იანვარში ყოველთვის აუცილებლად ჩამოვდივარ თბილისში. მენატრება ხოლმე ოჯახი და მეგობრები, რა თქმა უნდა, საკვებიც, მაგრამ ქართული რესტორნები უკვე არის უცხოეთში. მენატრება ქვეყანა, მაგრამ სამეგობრო და ოჯახის წევრები ყველაზე მეტად. ორ კვირაზე მეტი მიჭირს გაჩერება, რადგან მენატრება რიტმი, ჩემი კატები, რომლებიც შვილებივით მყავს ესპანეთში. მივხვდი, რომ ცხოველებთან ურთიერთობა სხვა დონის თერაპიაა. არასდროს მეგონა, რომ კატა მეყოლებოდა, მაგრამ ხომ იცით, არასოდეს თქვა არასოდეს. ძალიან დიდ ენერგიას მაძლევენ კატები. ბევრი რამ მაჩვენეს ისეთი, რასაც ადრე ვერც კი ვხვდებოდი.

ალბათ, ბევრს დააინტერესებს, არის თუ არა რაიმე სიახლე შენს პირად ცხოვრებაში და როგორ უყურებ ზოგადად ამ თემას?

ისე ვუყურებ, როგორც ვუყურებდი, ანუ პირადი ცხოვრება არის პირადი. იმიტომ არა, რომ რაიმეს ვმალავ, არასდროს მიყვარდა ამაზე საუბარი. ერთს ვიტყვი, რომ პირადი ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია, არ მჯერა იმ ხალხის, რომელიც ამბობს, ან პირადი, ან კარიერაო… თუ სწორ ადამიანს შეხვდები, ის არასდროს შეგიშლის კარიერაში ხელს. პირიქით, მოგეხმარება, იქნება შენი გულშემატკივარი. თუ რაღაც გიშლის ხელს, ე.ი. არასწორ ადამიანთან ერთად ხარ და უნდა იფიქრო მის შეცვლაზე. მაქვს ერთი კრედო ამ თემასთან დაკავშირებით – გახედე კარს, ის ყოველთვის ღიაა, არასდროს უნდა ჩაკეტო ადამიანი ოთხ კედელს შორის. დაძალებული არ უნდა გინდოდეს არაფერი, მეგობრის დარეკილიც კი. ვისაც პირად ცხოვრებაში გამოცდილება და განსაცდელები არ ჰქონია, ისინი ბევრად უფრო უკან არიან და სხვანაირად უყურებენ ყველაფერს. მხოლოდ ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ, პირად ცხოვრებაში იყვნენ წარმატებულები და გადალახონ ეს სირთულეები. წლები თუ ხარ ერთ ადამიანთან, ეს კიდევ უფრო რთულდება. პირადი ცხოვრება იმიტომ არის პირადი, არავინ იცის, ვინ ვისთან და რატომ არის. არასდროს განვიკითხავ ადამიანებს ამ ნიშნით, ვინ ვისთან ერთად არის. მატერიალურ სარგებელზე არ ვამბობ, მაგრამ არის ისეთი რაღაცები, რაც ორ ადამიანს აერთიანებს. რა თქმა უნდა, თუ დავინახავ, რომ ვთქვათ, ჩემი მეგობრით ვიღაც სარგებლობს, აუცილებლად ვეტყვი, მაგრამ ზოგადად, არავის უნდა მოახვიო შენი აზრი თავზე…

ბევრი რამ ვისწავლე პირად ცხოვრებაში, ძალიან გავიზარდე ამ მხრივ, ალბათ, ადრე ბევრი რამ სხვანაირად მეგონა, სისულელეებიც მაქვს ნათქვამი, მაგრამ რეალურად ცხოვრებაში სხვა ყოფილა. რეალური პირადი ცხოვრება ძალიან განსხვავდება ფილმური, „ფეისბუქური“ და „ინსტაგრამული“ პირადი ცხოვრებისგან. ისე ვლაპარაკობ, ზოგი იტყვის, დაბერდაო (იცინის), მაგრამ ნამდვილად დიდი გამოცდილება მივიღე, მით უმეტეს, ევროპაში. თავისუფლება, კარგი გაგებით, არის წარმატების გასაღები, თუ ურთიერთობა თავისუფლებასა და პატივისცემაზე არ არის დაფუძნებული, იქ ყველაფერი მთავრდება. ყველა პრობლემაზე უნდა შეგეძლოს ღიად ლაპარაკი, რაც უნდა დრამატული იყოს. ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს ამ თემაზე საუბარი. ისე მომწონს ეს თემა, რომ არ გამოვრიცხავ, ამ მიმართულებითაც მივიღო განათლება. მინდა, ადამიანებს დავეხმარო ამ კუთხით. ხანდახან საკუთარი მაგალითები და რჩევების გაზიარება შეიძლება, ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს სხვა ადამიანისთვის…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g