100 წლის ქალბატონმა გადაწყვიტა, რომ თანამედროვე რეალობას ფეხი აუწყოს და კომპიუტერული პროგრამების შესწავლა დაიწყო.
მარგარეტ გრიფიტმა გონების გავარჯიშებისთვის ყოველკვირეულ გაკვეთილებზე დაიწყო სიარული. ბრიტანელი პენსიონერის შესახებ ინფორმაცია გამოცემა BBC-იმ გაავრცელა.
როგორც ყოფილი მასწავლებელი ამბობს, მის კლასში ძირითადად ასაკოვანი მოსწავლეები არიან და ყველა მათგანი ცდილობს, რომ ტექნოლოგიებს არ ჩამორჩეს.
1921 წელს დაბადებულმა პენსიონერმა, 40-წლიანი კარიერა დაწყებით სკოლაში დაიწყო და მალევე მთავარი მასწავლებელიც გახდა.
როგორც ის ამბობს, საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ ყოველ წელს რაღაც ახალს ისწავლიდა.
„მთელი ცხოვრება განათლების სამყაროში გავატარე და დღესაც სწავლის პროცესში ვარ. არასდროს გავჩერებულვარ.“
პენსიაზე გასვლა მისის გრიფიტს ისეთ დროს მოუწია, როცა კომპიუტერული პროგრამები ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო და ამიტომ ამ ყველაფრის ათვისება უბრალოდ ვერ მოასწრო.
სამსახურის დასრულების შემდეგ მან რამდენიმე წელი მოგზაურობას დაუთმო; აშშ, ახალი ზელანდია, ავსტრალია, სინგაპური,
ჩრდილოეთ აფრიკა, კანადა და ჰავაი მოიარა.
სახლში დაბრუნებული ისევ სწავლას დაუბრუნდა და 100 წლის ასაკში კომპიუტერებისთვისაც მოიცალა.