LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„4 თვეა გამოვედით ასპარეზზე და ძალიან მაგარი ამბები მოჰყვა ამ ყველაფერს… ძალიან ბედნიერები ვართ“ – „გურიშ ვარდი“ პრემიერით „არ დაიდარდოში“

956
გურიშ-ვარდი

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გაცემას „პრემიერა თაკოსთან“ დუეტი „გურიშ ვარდი“ სტუმრობდა. ბოკა კვეკვესკირმა და თეა ჯგერენაიამ დუეტის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, მუსიკალური ალბომი და კონცერტი დააანონსეს და მსმენელს ახალი სიმღერა „ასე ჩონგური“ წარუდგინეს.

რამდენი ხანია, რაც დუეტად ჩამოყალიბდით?

თეო: უკვე, 4 თვეა გამოვედით ასპარეზზე და ძალიან მაგარი ამბები მოჰყვა ამ ყველაფერს. მოკლედ ვიტყვი, რომ მთელი სამეგრელო ფეხზე დგას.

როგორც დუეტს, თუ გქონდათ უკვე კონცერტები?

თეო: კონცერტები აწი იგეგმება, რადგან როდესაც მაყურებლის წინაშე წარვდგებით, რეპერტუარით უფრო მდიდარი უნდა ვიყოთ. ვემზადებით, რომ ჩვენი მსმენელის წინაშე სავსე და მრავალფეროვანი რეპერტუარით წარვდგეთ. ძალიან ახლო მომავალში იგეგმება ჩვენი სოლოკონცერტი.

პროგრამაში მხოლოდ მეგრული სიმღერები გაქვთ?

თეო: ამ ეტაპზე, კი.

დავაანონსებთ, რომ ჩვენი ალბომის პრეზენტაცია შემოდგომაზე იგეგმება.

ბოკა: ალბომსაც „გურიშ ვარდი“ დაერქმევა.

რაც შეეხება კონცერტებს, სამეგრელოში იგეგმება ჩვენი პირველი სოლოკონცერტი, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, რომ თბილისშიც ჩატარდეს. ვფიქრობთ, რომ კონცერტი, ალბომისა და კლიპის პრეზენტაცია ერთად გავაკეთოთ.

რაც შეეხება კითხვას, მარტო მეგრული სიმღერებით შემოვიფარგლებით თუ არა, არა, უბრალოდ, ეს ალბომი იქნება მეგრული სიმღერებით გაჯერებული, თუმცაღა რეგიონებში, კუთხეებში როდესაც დავიწყებთ სიარულს, იმ კუთხის სიმღერასაც აუცილებლად შევასრულებთ.

ვისაუბროთ სიმღერაზე „ასე ჩონგური“.

თეო: ეს არის ხალხური სიმღერა. რა თქმა უნდა, სიმღერის შერჩევის დროს, ძალიან ბევრს ვფიქრობთ, თუ როგორ სტილში უნდა გავაკეთოთ, რა როგორ უნდა იყოს და ჩვენი მორიგი სიმღერა „ასე ჩონგური“ სწორედ ასე შეირჩა. დიდი იმედი გვაქვს, რომ მსმენელს ეს სიმღერაც ძალიან მოეწონება, რადგან ძალიან კარგი ვერსიაა. სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 13 900 მოწონება და 350 000 ნახვა აქვს ჩვენს სიმღერას. ძალიან ბედნიერები ვართ და ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს მსმენელს.

ბოკა: ვიფიქრეთ, რომ ეს სიმღერა ჩაგვეწერა და გაგვეორკესტრებინა. ხალხურ საკრავებზე უკრავს ზურა ბარბაქაძე. ზურა იგივე ფანდურა ჩვენი ჯგუფის წევრია. უკვე მიდის ინსტრუმენტალისტების ძებნა და დუეტი „გურიშ ვარდი“ შემდგომში მოგევლინებათ, როგორც  ჯგუფი „გურიშ ვარდი“. სიმღერა „Z studio“ – ში ჩაიწერა.

ვფიქრობ, სიმღერა წარმატებული გამოდგა, რადგან აქვს 13 900 მოწონება, კომენტარები, გაზიარება. ერთი უარყოფითი კომენტარი არ არის, სულ დადებითი. გვიწერენ, როგორი კარგია, რომ ასეთი ახალგაზრდები მეგრულ სიმღერას დაუბრუნდით და პოპულარიზაციას უწევთო. ეს ჩვენ ძალიან გვახარებს, ძალიან დიდ მოტივაციას გვძენს.

სხვათა შორის, კომენტარებში იწერებიან, როდის იქნება თქვენი სოლოკონცერტი, თქვენი ცოცხლად მოსმენა გვინდა და აუცილებლად მალე გააკეთეთ ეს ყველაფერიო.

დუეტი „გურიშ ვარდი“ (ბოკა კვეკვესკირი & თეო ჯგერენაია) – ასე ჩონგური

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ბოკა კვეკვესკირი & თეო ჯგერენაია – მინდვრად დაგიჭერ პეპელას. Live

ბოკა კვეკვესკირი & თეო ჯგერენაია. “პრემიერა თაკოსთან”.