რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ გია ნაცვლიშვილი სტუმრობდა, რომელმაც თავის მუსიკალურ კარიერაზე, „ოთხი გიას“ შექმნის ისტორიაზე ისაუბრა და მსმენელს სოლო ნამუშევარი „აქ ემღერება გულს“ წარუდგინა.
ბატონო გია, როგორ დაიწყო თქვენი მუსიკალური კარიერა და როგორ შეიქმნა ჯგუფი „ოთხი გია“?
ყველაფერი „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ დაიწყო. მაშინ, უნივერსიტეტის ანსამბლში ვმღეროდი, ანსამბლის ხელმძღვანელი ენრი ლოლაშვილი იყო, დრამზე ნუგზარ სარაჯიშვილი უკრავდა, კლავიშზე – დათო მალაზონია, გიტარაზე – ზაზა მიმინოშვილი, ოთარ ბესელიძე, პლუს ამას დამატებული იყო უნივერსიტეტის კამერული ორკესტრი, სასულე ინსტრუმენტების ჯგუფი, სერიოზული ბიგ ბენდი იყო გაკეთებული. ამის შემდეგ, მოხდა, ისე რომ 1977 წელს ბიჭვინთაში იყო პირველი საესტრადო სიმღერის ფესტივალი, საკმაოდ კარგად გამოვედი ამ ფესტივალზე და ხალხმა გამიცნო და მათ შორის, გამიცნო ქალბატონმა ეთერ ჭელიძემ და შემომთავაზა, რომ მის კონცერტზე 2 სიმღერა მემღერა. ამის შემდეგ, ერთი პერიოდი, ცოტა ხნით „რეროში“ ვიყავი. მერე, ძალიან მეცნიერებაში გადავვარდი, მოგეხსენებათ, ფიზიკოსი ვარ. შემდეგ, მოხდა „ოთხი გიას“ შეკრება, ეს იყო 1986 წელს. წელს, 40 წელი გადის ჩვენი შეხვედრიდან. იცით, გამართლებაც არის, მაშინ, მაგალითად, გაგვიმართლა, შეიძლება, ჩვენზე უკეთესად ემღერა ვიღაცას, მაგრამ რაღაც სტილი დავიჭირეთ და ასე გავხდით პოპულარულები.
მართალია, დღეს, ძალიან იშვიათად, რომ ერთად ვიმღეროთ, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, საკმაოდ ნორმალურად ვმღერით კიდევ. რაღაც-რაღაც ჩანაწერები, ახლებური ვერსიები კიდევ გავაკეთეთ.

ვისაუბროთ სიმღერაზე „აქ ემღერება გულს“.
შემიძლია ვთქვა, რომ ამ სიმღერის ერთ-ერთი პირველი შემსრულებელი ვარ. დღეს, ამ სიმღერის უკვე რამდენიმე ვარიანტია და რატომღაც, ყველას ვალსის რიტმში აქვს გაკეთებული. მე როდესაც ამ სიმღერას ვმღეროდი, ეთერი თვითონ მიკეთებდა აკომპანემენტს. ახლა, რატომღაც, მომინდა, რომ ეს სიმღერა გამეკეთებინა, არანჟირების დიდ ოსტატობაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ რაც გავაკეთე, გავაკეთე. მუსიკა ეთერ ჭელიძის არის.
ამ სიმღერის თავდაპირველი ვერსიის სტუდიური ჩანაწერი არ არსებობს.
ვიცი, რომ ადრე ყველაფერი ცოცხლად სრულდებოდა…
რა თქმა უნდა, ერთადერთი სიმღერა იყო, რომელიც „ოთხმა გიამ“ რამდენჯერმე შევასრულეთ ფონოგრამაზე, ისიც იმიტომ, რომ მინუსი არ გვქონდა და მერე, მინუსიც გავაკეთეთ. დანარჩენი, ყველაფერი ცოცხლად სრულდებოდა. ჩვენი ძველი ჩანაწერები სულ ორ არხზეა ჩაწერილი, ცალკე გიტარას ვწერდით და მერე, ხმას ვადებდით. მაშინ, არ იყო დღევანდელი პროგრამები.

ვინ გადაწყვიტა, რომ ჯგუფისთვის „ოთხი გია“ დაგერქმიათ?
მაგ დროისთვის, ბატონ თენგიზ ჩოჩუას კონცერტი უნდა გაკეთებულიყო ტელევიზიით და უნდოდა, რომ კვარტეტი გაეკეთებინა. ბატონ თენგიზს უნივერსიტეტიდან ვიცნობდი. გია ავაგუმაშვილი და ნიკა დოლენჯაშვილი დუეტში მღეროდნენ ხოლმე. სამი ადამიანი ეგრევე შეგვარჩია და მეოთხე წევრი გვინდოდა. გია ღარიშვილი ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლობდა და წამოვიყვანე. ვიმღერეთ, საკმაოდ კარგი ჩანაწერი გამოგვივიდა. მერე, ნიკას უფრო სოლო კარიერა უნდოდა და ცოტა ხანს ჩავიქნიეთ ხელი. მერე, ვთქვით, მეოთხე გია ხომ არ ვიპოვოთო. ზუსტად მახსოვს აგვისტოს თვე იყო და ბიჭებმა დამირეკეს, სახლში თუ ხარ, არსად გახვიდეო. მომაკითხეს ბეროშვილის მანქანით, წავედით გიასთან სახლში. ჩვენი მეგობრის ძმა აღმოჩნდა. მეოთხე გია ვიპოვეთ. აქედან დაიწყო ყველაფერი.
გია ნაცვლიშვილი – აქ ემღერება გულს
გადაცემის აუდიოჩანაწერი
გია ნაცვლიშვილი (4 გია). “პრემიერა თაკოსთან”