LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 წლის ლიზიმ არ იცის, რომ დედა გარდაეცვალა და დღეს კრძალავენ, არც ის იცის, რომ გვერდით, ფარდის მიღმა, კომაში მყოფი ძმა წევს – ავარიის შედეგად დაშავებულ და-ძმას საზოგადოების დახმარება სჭირდება

55891
ing (3)

2 ივლისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში სატვირთო მიკროავტობუსი ტრაილერს შეეჯახა. სატვირთოში ოჯახის ოთხი წევრი – მშობლები და მათი ორი შვილი იმყოფებოდა.

დედა, 40 წლის ნინო ნანუაშვილი ადგილზე დაიღუპა. მამამ მსუბუქი დაზიანებები მიიღო. მძიმედ დაშავდნენ მოზარდები – 8 წლის ლიზი და 17  წლის გიორგი ფილაურები.

ისინი თბილისში, “ამტელ ჰოსპიტალში” გადმოიყვანეს, სადაც ურთულესი ოპერაციები ჩაუტარდათ.

ამ ეტაპზე, ლიზის მდგომარეობა სტაბილურია. მას ორივე ბარძაყის ძვლის მოტეხილობა აქვს და ოპერაცია გაუკეთდა, გიორგის მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმეა – გაუკეთდა რთული ოპერაციები, მოტეხილი აქვს ორივე ფეხი, ჩამსხვრეული აქვს სახის ძვლები და ნეკნები.

და-ძმა რეანიმაციაში, ბავშვთა განყოფილებაში, ერთმანეთის გვერდით წევს. ლიზიმ არ იცის, რომ ფარდის მიღმა, მის გვერდით, კომაში მყოფი ძმა წევს. მოზარდმა არც ის იცის, რომ დედა დაეღუპა.

ლიზის და გიორგის ახლა საზოგადოების დახმარება სჭირდებათ.

ერთად გადავარჩინოთ სიცოცხლით სავსე ბავშვები!! – ამ მოწოდებით შექმნილია ფეისბუკჯგუფი – და-ძმის გადარჩენისთვის.

მძიმედ დაშავებული ბავშვების მკურნალობისთვის საჭიროა ფინანსები, რისი საშუალებაც ოჯახს აღარ აქვს.

მითითებულია ანგარიშის ნომრებიც:

თიბისი ბანკი: GE71TB7575945061100104

საქართველოს ბანკი: GE80BG0000000530428059

მიმღები ნატო ფოცხვერაშვილი.

 

 

როგორია მოზარდებისა და მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა – “ფორტუნა” ოჯახის ახლობელსა და 8 წლის ლიზის ნათლიას – ლია გულაღაშვილს ესაუბრა.

“ფილაურების ოჯახი საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში ცხოვრობს. მამას, გოჩა ფილაურს გულის ოპერაცია აქვს გაკეთებული და ფიზიკურად მუშაობა არ შეუძლია. ის თბილისში დადიოდა და ვაჭრობდა. 2 ივლისს კი ოჯახი ბავშვების დეიდაშვილის კონცერტზე იყო და სახლში ბრუნდებოდა. შემთხვევა მანავში მოხდა, თუმცა დეტალები არც მამას და არც ლიზის ახსოვს.

8 წლის ლიზი მოცეკვავეა. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია. აქვს ორივე ბარძაყის ძვლის მოტეხილობა. ოპერაცია გაუკეთდა, კონტაქტურია, მაგრამ გუშინ რომ ველაპარაკე, არ ახსოვს, რა მოხდა. მკითხა, აქ როდის შემოვედი, არაფერი არ მახსოვსო. ახლა კარგად არის. ექიმები მის მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ, ფეხებს ამოძრავებს”, – ამბობს ლია გულაღაშვილი.

 

 

როგორც ექიმები გვეუბნებიან, გიორგის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურად მძიმეა. წუხელ გავიგეთ, თითქოს, რომ ეძახიან, თვალებს ახელსო.

ფეხები სულ დალეწილი აქვს და ხელახლა აუწყვეს. მუხლი ჩამსხვრეული აქვს. მუხლს ქვემოთ ძვალი გარეთ ჰქონდა, მენჯიდან ამოვარდნილი. სახეზე ყველა ძვალი გატეხილი, კბილები ჩამტვრეული, ნეკნებიც გატეხილი.

რაც შეეხება თავს, როგორც ვიცი, თავზე ტრავმა არ აქვს. სახეზე ოპერაციას 5 საათის განმავლობაში, ფეხებზე კი 3 საათის განმავლობაში უკეთებდნენ.

ძალიან რთული ოპერაციები ჩაუტარდა, იმდენად რთული, რომ ახლიდან დაბადებული კი არა, ახლიდან აწყობილია.

როგორც ტრავმატოლოგ-ორთოპედმა გვითხრა, მდგომარეობა იმ შემთხვევაში გართულდება, თუ სადმე ინფექცია წავიდა. ამაზე ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ.

იგეგმება თუ არა მორიგი ოპერაცია, არც ამაზე უთქვამთ არაფერი – საუბარი ჯერ ნაადრევიაო.

ნეკნი ფილტვში ჰქონდა შერჭმული, ახლა დრენაჟი ჩაუყენეს, რომ დაგროვილი სითხე გამოდევნონ და მგონი, არც აქ აქვს პრობლემა. ჩამტვრეული აქვს გულის ფიცარი და ჩონჩხოვან დაჭიმულობაზე ჰყავთ, ექიმმა გვითხრა, რომ ასე თვე-ნახევარი ეყოლებათ.

რაც შეეხება ფეხებს, ექიმმა შიგნიდან რკინებს ვერ ჩავუყენებთ, რამე რომ არ გამოიწვიოსო, ისევ გირებით უმკურნალებენ.

როდესაც ავარია მოხდა, სასწრაფო მაშინვე გამოიძახეს. გადაიყვანეს საგარეჯოს საავადმყოფოში, მაშინვე გამოიძახეს კატასტროფის ბრიგადაც. გოგო თბილისში გადაიყვანეს, მაგრამ ბიჭის მდგომარეობა ძალიან გართულდა, რადგან, გული ორჯერ გაუჩერდა, მესამედ, წასულები, კატასტროფა უკან მოაბრუნეს – გზაში დაგვეღუპებაო, აქ ხელახლა აუმუშავეს გული და შემდეგ გადაიყვანეს თბილისში – უმძიმეს მდგომარეობაში.

გიორგი 17 წლის არის, მე-12 კლასში გადავიდა. ბიჭი არ მინახავს. მხოლოდ გოგოსთან შევდივარ. მართალია, ერთ პალატაში არიან, თუმცა მათ შორის ფარდაა. გოგომ არ იცის მის გვერდით ვინ წევს.

 

 

რაც შეეხება მამას, მისი მდგომარეობა სტაბილურია. სახლშია. ბავშვები ჯერ არ უნახავს. თავდაპირველად საგარეჯოს საავადმყოფოში იყო, სახლში მეორე დღეს მოიყვანეს. მეუღლეზე არ იცოდა, ფეისბუკიდან გაიგო თვითონაც…

ლიზი ჩემი გაზრდილია, მისი ნათლია ვარ. მასთან ყოველ დღე შევდივარ, მკითხულობს, საჭმელს უჩემოდ არ ჭამს, ამბობს, ნათლია მოდის და მან უნდა მაჭამოსო.

პალატაში გუშინ უნდა გადაეყვანათ, თუმცა, იმის გამო, რომ თავზე მდგომი სჭირდება, ჩვენ კი ეს მდგომარეობა გვაქვს და ნინო უნდა დავკრძალოთ, ბავშვთან ვერ ვიქნებოდით.

დედას კითხულობს. რა უნდა ვუთხრა? ჩემი ნათლულია, ჩემს ხელში გაზრდილი და ახლაც მე უნდა გავზარდო… ჩემი მესამე შვილია, ოჯახში შვილებისგან არ ვარჩევთ.

გუშინაც მკითხა – დედა და მამა სად არიანო. რამდენიმე დღის წინ, ტელეფონზე მამა დავალაპარაკე. დღეს ნინოს რომ დავკრძალავთ, მამას წავიყვანთ და ვაჩვენებთ.

გუშინ ვუთხარი, დედაც ცუდად არის, როგორც შენ გაქვს ფეხები გატეხილი, დედასაც ისე აქვს და ვერ მოვა-მეთქი. ვუთხარი: ყოველდღე ჩემთან ხარ, დედა არ გინდა და ახლა რატომ გინდა-მეთქი? – [ეჭვები] ცოტა რომ გამექარწყლებინა…

შემდეგ ფსიქოლოგსაც ჩავრთავთ, რომ ბავშვმა ძალიან მძიმედ არ გადაიტანოს.

ძმა არ მოუკითხავს… მათი მდგომარეობის შესახებ იქ ყველამ იცის და ყველას აფრთხილებენ, რომ ლიზისთან არაფერი წამოსცდეთ, ძალიან მეტიჩარა გოგოა და კითხულობს, ფარდის იქით ვინ წევს – აინტერესებს.

იმდენი შეუსაბამო რამ იწერება, თითქოს დედა იჯდა საჭესთან და სახლში შვილებისკენ მიიჩქაროდა. ამ დროს კი დედას შვილები გვერდით ჰყავდა. დაიწერა, თითქოს ბავშვს ფეხები მოკვეთეს, ამ დროს კი მე იქ ვარ და ვიცი, რომ ოპერაცია წარმატებით ჩატარდა”, – გვიყვება ოჯახის ახლობელი ლია გულაღაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g