LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

82 წლის მამაკაცი 105 დღის განმავლობაში ყოველდღე 12 საათს გზაში ატარებდა, რათა მეუღლე ენახა

125
ქირიას NEWS შაბლონი

ჩინეთში 82 წლის პენსიონერი 105 დღის განმავლობაში ყოველდღიურად დაახლოებით 12 საათს გზაში ატარებდა, რათა რეანიმაციაში მყოფ მეუღლეს მხოლოდ ნახევარი საათით შეხვედროდა. ამის შესახებ South China Morning Post წერს.

ჩენ აჩუნი, ფერმერი ჟეჟიანგის პროვინციიდან, მეუღლესთან – სუესთან 50 წელი იმყოფებოდა ქორწინებაში. 2025 წელს 76 წლის ქალს ინსულტი დაემართა, რაც შემდეგ პნევმონიით გართულდა. პაციენტი შორეულ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მიუხედავად რთული გზისა, აჩუნი ყოველდღე აკითხავდა.

ის დილით 04:30-ზე დგებოდა, ამზადებდა საჭმელს და გზას ადგებოდა. ჯერ ავტობუსით მიდიოდა ნინბოში, შემდეგ იცვლიდა ტრანსპორტს და დაახლოებით 10:30-ზე საავადმყოფოში ჩადიოდა. ხარჯების შესამცირებლად, თან მიჰქონდა სახლში მომზადებული საკვები.

მოკლე შეხვედრების დროს ის მეუღლეს ესაუბრებოდა, იხსენებდა მათ საერთო ცხოვრებას – როგორ მუშაობდა თავად მინდორში, ხოლო ქალი ოჯახს უძღვებოდა. აჩუნი უვლიდა მას, უსწორებდა საბანს და ზრუნავდა როგორც შეეძლო.

13 მარტს სუეს მდგომარეობა შედარებით სტაბილური ჩანდა. წასვლისას ქმარმა უთხრა, არ ენერვიულა, რაზეც ქალმა თავი დაუქნია. თუმცა გზაში მას საავადმყოფოდან დაურეკეს – მეუღლის გული გაჩერდა. მოგვიანებით ის შვილთან ერთად დაბრუნდა, რათა საყვარელ ადამიანს უკანასკნელად დამშვიდობებოდა.

„ჩვენი ერთად ცხოვრება ამ სამყაროში დასრულდა, მაგრამ ამას ვერ ვიღებ..”

მკურნალობის პერიოდში ოჯახმა დახარჯა მთელი დანაზოგი – 100 ათას იუანზე მეტი. მათმა შვილმა სახლიც კი გაყიდა. მამაკაცის ერთგულების შესახებ რომ შეიტყვეს, საავადმყოფომ ვიზიტების დრო გაახანგრძლივა, სატრანსპორტო კომპანიებმა მგზავრობის საფასური მოუხსნეს, ხოლო მოქალაქეებმა ოჯახისთვის დაახლოებით 140 ათასი იუანი შეაგროვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები