LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავის ტვინის სიმსივნეების დროს, თავის ტკივილი ყველაზე იშვიათი სიმპტომია – ირაკლი ჭელიშვილის რეკომენდაციები

1006
ირაკლი ჭელიშვილი

ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ ნეიროქირურგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, კლინიკა „ინოვას“ ნეიროქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ირაკლი ჭელიშვილი სტუმრობდა, რომელმაც თავის ტვინის სიმსივნეებზე ისაუბრა და მსმენელს არაერთი საინტერესო ინფორმაცია და რეკომენდაცია გაუზიარა.

ბატონო ირაკლი, თავის ტვინის დაზიანება და სიმსივნეები, ეს ორი ტერმინი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება თუ ფაქტობრივად, ერთსა და იმავეს გულისხმობს?

არა, ერთსა და იმავეს არ გულისხმობს. ტვინი თავის ტვინის სიმსივნის დროსაც ზიანდება, მაგრამ თვითონ დაზიანება შეიძლება, რომ ტრავმული იყოს. სიმსივნეები ცალკე დაავადებაა. სიმსივნე ყველა ორგანოს აქვს და ის თავის ტვინშიც არის.

არსებობს თუ არა ასაკი, სადაც სტატისტიკურად ყველაზე ხშირად გვხვდება თავის ტვინის სიმსივნეები?

ჩათვალეთ, რომ ასეთი სტატისტიკა საქართველოში არ არსებობს, არსებობს მსოფლიო სტატისტიკა. ზოგადად, კვლევები ყოველთვის ძალიან ბევრ ადამიანზე ტარდება, საქართველო კი ძალიან პატარა ქვეყანაა და საქართველოში ჩატარებული კვლევა და მიღებული სტატისტიკა, დამაჯერებელი არ იქნება.

რაც შეეხება ასაკს, სამწუხაროდ, სიმსივნეები გვხვდება ბავშვებშიც, ზრდასრულებშიც, ასაკოვან ხალხშიც. ბუნებრივია, არის სიმსივნეები, რომლებიც ასაკთან ერთად უფრო ხშირად გვხვდება, ისევე, როგორც დაავადებების უმრავლესობა. ასაკს ასე კატეგორიულად ვერ დავასახელებ, რადგან ეს პრობლემა სხვადასხვა ასაკში შეიძლება იყოს.

შეიძლება აქ რისკ ფაქტორებზე საუბარი თუ შეიძლება, აღნიშნული პრობლემა ისე აღმოცენდეს, რომ ჩვენ ვერ მივხვდეთ, საიდან და როგორ?

რა თქმა უნდა, ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რის გამო ხდება ეს, თუ რატომ ჩნდება სიმსივნეები. ბოლომდე რომ გაირკვევა, რატომ ჩნდება სიმსივნე, ალბათ, წამალიც გაჩნდება.

როდესაც კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეებზე ვსაუბრობთ, აქ ჩვენ ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ დაავადებაზე ვსაუბრობთ თუ კეთილთვისებიანის შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ პროცესზე, როცა ჩვენ დროულად მოვახერხეთ სიმსივნის აღმოჩენა და ჯერ შორს წასული პროცესი არ გვაქვს?

ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება. ავთვისებიანი არ ნიშნავს იმას, რომ ის თავიდან კეთილთვისებიანი იყო და მერე გახდა ავთვისებიანი. კი, ასეთი პროცესიც შეიძლება იყოს, შეიძლება კეთილთვისებიანი სიმსივნე ავთვისებიანი გახდეს, თუმცა, ძირითადად, არის სიმსივნეების ცალკე ჯგუფი, რომელიც პირდაპირ ჩნდება, როგორც ავთვისებიანი სიმსივნე და როგორც კეთილთვისებიანი.

ზოგადად, ნეირო-ონკოლოგია სხვა ორგანოების ონკოლოგიისგან განსხვავდება. ჩვენ არ გვაქვს ავთვისებიანობის სტადიები, ჩვენ გვაქვს ხარისხები. თავის ტვინის სიმსივნეებს მეტასტაზირება არ ახასიათებს, ანუ თავის ტვინის სიმსივნიდან მეტასტაზი არ ჩნდება. არსებობს დროფ მეტასტაზები, რაც ძალიან იშვიათია. ის მიჰყვება არა სისხლს ან ლიმფას, როგორც ჩვეულებრივ ხდება, არამედ თავ-ზურგტვინის სითხეს.

ხშირია კითხვები გახშირებულ, ძლიერ თავის ტკივილსა და თავის ტვინის სიმსივნეს შორის კავშირზე, მართლა არის თუ არა მკვეთრი კავშირი მაშ შორის?

არა, თავის ტვინის სიმსივნეების დროს, თავის ტკივილი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი სიმპტომია. რა თქმა უნდა, ძალიან შორს წასული პროცესების დროს, კი ბატონო, ასეა.

თავის ტვინს არ აქვს ინერვაცია, მასში არ არის რეცეპტორები, მას არ აქვს მგრძნობელობა. არ შეიძლება, ადამიანს თავის ტვინი სტკიოდეს. შესაძლებელია, ტკივილი გარსებმა მოგვცეს, ძალიან მაღალი ქალასშიდა წნევის არსებობისას. ტკივილი შეიძლება იყოს, თუ სიმსივნე თავ-ზურგტვინის სითხის ნორმალურ ცირკულაციას ხურავს…

ეს შეკითხვა ძალიან რთულია, რადგან თავის ტვინის ანატომია უფრო რთულია, ვიდრე ადამიანის მთელი სხეულის ანატომია. იმის მიხედვით, თუ სად იზრდება სიმსივნე და სად არის პროცესი, სულ სხვადასხვა გამოვლენა აქვთ თავის ტვინის სიმსივნეებს.

არსებობს რაიმე ისეთი ძირითადი სიმპტომი, რამაც შეიძლება თავის ტვინის სიმსივნეზე მიგვატანინოს ეჭვი?

რა თქმა უნდა და ზუსტად ამისთვის არსებობს პაციენტის გამოკითხვა, მერე ნევროლოგიური გასინჯვა, თუმცა როგორც გითხარით, სიმპტომები სიმსივნის ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული. დავუშვათ, პაციენტს დაეწყო სისუსტე, დამბლა. ნევროლოგიურად გასინჯვის შემდეგ, შენ მიხვდები, რომ მაგალითად, ეს თავიდან მოდის და არა ხერხემლიდან. მგრძნობელობის დარღვევის დროსაც, ასევე უნდა მოხდეს დიფერენცირება, ზურგის ტვინსა და თავის ტვინს შორის.

ადამიანს შეიძლება ეპილეფსიური გულყრა ჰქონდეს, თუმცა არის სიმსივნეები, რომელთაც ასევე შეუძლიათ გულყრის გამოწვევა. ზოგიერთ სიმსივნეს ფსიქიკის ცვლილება, მეხსიერების აღრევა და უამრავი რამ შეუძლია, ეს ყველაფერი, როგორც უკვე გითხარით, მის ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული. ამიტომ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის ერთმანეთისგან გარჩევა, ნევროლოგიურად უნდა გაისინჯოს პაციენტი, მაგრამ მხოლოდ ამას არ უნდა დავეყრდნოთ. დღეს არსებობს ნეიროვიზუალიზაცია, ანუ რადიოლოგია, რაც ძალიან დიდ ინფორმაციას გვაძლევს და ძალიან გვეხმარება.

თავთან მიმართებაში, რა სიმპტომების და ჩვენებების დროს უნდა მიიღოს ექიმმა მაგნიტურ რეზონანსული კვლევის დანიშვნის გადაწყვეტილება და თავად პაციენტმა როდის უნდა მიიტანოს ეჭვი თავის ტვინის სიმსივნეზე, როგორ უნდა მივიდეს დიაგნოზამდე?

პირველ რიგში, პაციენტი დროზე უნდა მივიდეს ექიმთან.

რა სიხშირითაც საქართველოში კეთდება მაგნიტურ რეზონანსული კვლევა, ასეთი სიხშირით, მგონი, სხვაგან არსად კეთდება. ყველა ყველაფერზე გარბის და იღებს აღნიშნულ კვლევას. ევროპაში ეს ყველაფერი უფრო რთულია, ასე როცა შენ მოგინდება, ვერ გაიქცევი და გაიკეთებ ამ კვლევას. თან იქ უფრო დიდი მოცდის პერიოდიცაა, 1-2 თვე მაინც უნდა იცადო, რომ ეს კვლევა გაიკეთო.

საქმე იმაშია, რომ პაციენტები ტკივილს უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე სხვა, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვან სიმპტომებს. როცა სტკივა, ეს აწუხებს და უცებ გარბის ექიმთან. სმენა თუ დაუქვეითდა, არა უშავს… მეორე ყურით ხომ ესმის და ამიტომ არ მიდის ექიმთან. ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია და ამიტომ ძალიან დიდ სიმსივნეებთან გვიწევს მერე შეხება. ცივილიზებულ ქვეყნებში მათი აღმოჩენა უფრო მალე ხდება და შესაბამისად, უფრო ნაკლებ პრობლემას უკავშირდება ეს ყველაფერი. უყურადღებობის გამო, საქართველოში საკმაოდ დიდი სიმსივნეების ამოღება გვიწევს. ჩვენთან ის პრობლემაა, რომ როცა სტკივათ და წუხდებიან, მაშინ გარბიან ექიმთან და სხვა მნიშვნელოვან სიმპტომებს ყურადღებას არ აქცევენ.

შესაძლოა, რომ ნევროლოგის კუთხით საერთოდ არ იყოს გამოხატული პრობლემები, მაგრამ სიმსივნე მაინც იყოს სახეზე?

დიახ, შეიძლება. ასე ძირითადად კეთილთვისებიანი სიმსივნეების დროს არის ხოლმე, რადგან ისინი ძალიან ნელა მზარდია და ნელ ზეწოლას, გარკვეულ დონემდე, ტვინი იტანს. შესაბამისად შეიძლება სიმსივნე ძალიან ნელა იზრდებოდეს, ძალიან ნელა აწვებოდეს ტვინს, ამიტომ ის ამას იტანდეს და სიმპტომატიკას არ იძლეოდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველამ პროფილაქტიკის მიზნით მაგნიტურ რეზონანსული კვლევა გავიკეთოთ. მაშინ იმდენ რამეზე უნდა ვირბინოთ, რომ სულ კლინიკაში ვიყოთ.

რატომ არის მნიშვნელოვანი სიმსივნის ადგილმდებარეობა, რა ინფორმაციას გაძლევთ აღნიშნული?

ნეიროქირურგიაში სიმსივნის ლოკალიზაცია გადამწყვეტია, რადგან არის ადგილები, სადაც ძალიან რთულია მოხვედრა ან საერთოდ არ ღირს. თუ სიმსივნე ისეთ ადგილზეა, რომ ოპერაციის დროს შენ უფრო მეტს დაუშავებ პაციენტს, ვიდრე დაეხმარები, ასეთ შემთხვევაში, არ კეთდება ქირურგიული ჩარევა.

თავის ქალა პატარაა, მაგრამ უზარმაზარ ფუნქციას ატარებს. ადამიანის მთელი კავშირი სამყაროსთან თავის ტვინშია. შესაბამისად, იქ ძალიან რთული სტრუქტურებია.

სიმპტომების და მიხედვით ვსაზღვრავთ, თუ სად არის სიმსივნე, თუ რას აღიზიანებს, აწვება, უქმნის პრობლემას.

სიმსივნის მდებარეობაზეა დამოკიდებული, თუ რა სირთულის შეიძლება, აღმოჩნდეს ოპერაცია და როგორი იქნება რეაბილიტაციის პროცესი?

ჩვენ დაახლოებით ვიცით ხოლმე, თუ რა სირთულის იქნება ოპერაცია. ვიცით, თუ რა ხდება უბანში, რა არ უნდა დავაზიანოთ, რა არ უნდა გავაკეთოთ და ა.შ. რა თქმა უნდა, ქირურგი, წინასწარ, 100 პროცენტით ვერ იტყვის, როგორ იქნება პაციენტი ოპერაციის შემდეგ, მაგრამ დაახლოებით სიმძიმეს ელის. არის სიმსივნეები, რომელთა შემთხვევაშიც, ელი, რომ პაციენტი გარკვეული დროით რეანიმაციაში მოხდება, არის შემთხვევები, როდესაც არ ელი რეანიმაციას.

სხვათა შორის, ზოგჯერ, კეთილთვისებიანი სიმსივნეები უფრო რთული ამოსაკვეთია, ვიდრე ავთვისებიანი.

ავთვისებიანი სიმსივნისგან პაციენტის სრული გამოჯანმრთელება რაზეა დამოკიდებული?

თუ სიმსივნე მართლა ავთვისებიანია, იქ გახანგრძლივებაზე და დროზეა საუბარი. ის, რომ სრულიად მორჩა ეს პრობლემა… ამას ყველა ველოდებით, რომ ასეთი მეთოდი გაჩნდეს.

თქვენი აზრით, რატომ ცდილობენ პაციენტები კვლევების, ოპერაციის, მკურნალობის უცხოეთში ჩატარებას, რა არის იქ ისეთი, რაც ჩვენთან არ არის?

უცხოეთში ძალიან ცოტა ისეთი რამ არის, რაც ჩვენთან არაა. მიზეზი, ალბათ, უფრო მედიცინის მიმართ ასეთი დამოკიდებულებაა… ზოგადად, ქართველები ვის ვენდობით, რომელი სპეციალობის მიმართ არის სრული ნდობა?! არცერთის… შესაბამისადაა ექიმებზეც. ვერ ვიტყვი, რომ ამას თავისი მიზეზები საერთოდ არ აქვს, რა თქმა უნდა, აქვს, რადგან შეიძლება, ჩვენთან ისეთ ადგილას მოხვდე, სადაც ძალიან მაღალ დონეზეა ყველაფერი, მაგრამ შეიძლება, მოხვდე იქ, სადაც სტანდარტი არც თუ ისე მაღალ დონეზეა. დამიჯერეთ, ქირურგია ეროვნებით არ განისაზღვრება. როცა პაციენტი მეუბნება, გერმანიაში ხომ არ წავიდეო, კი, რა თქმა უნდა-მეთქი ვეუბნები, ოღონდ ვეკითხები, ვისთან აპირებს წასვლას…

რა თქმა უნდა, სკოლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში ახალგაზრდების სწავლება ძალიან რთულია. ჯერ ერთი, კერძო მედიცინის ფარგლებში როგორ უნდა ასწავლო… ასევე, ქირურგი ვერ ისწავლის მხოლოდ ყურებით… მან უნდა აკეთოს ეს ოპერაციები. კი ბატონო, მას უნდა აკონტროლებდეს ვიღაც, რაღაც პერიოდის განმავლობაში, უნდა ეხმარებოდეს და ასწავლიდეს, მაგრამ თუ ოპერაცია არ გააკეთა, ქირურგი როგორ გახდება?!

მაგალითად, ნეიროქირურგიაში გერმანული, ამერიკული სკოლა ძალიან მაღალი კლასისაა. არის ქვეყნები, სადაც ტრადიციულად მოჰყვებათ ეს „სკოლა“. თურქეთმა ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან განავითარა თავისი მედიცინა. 30 წლის წინ, იქ კარგი მედიცინა არ იყო, მაგრამ დაისახეს გეგმა, ჩადეს უზარმაზარი თანხები, საზღვარგარეთ მოამზადეს სპეციალისტები და ამავდროულად, იმდენს უხდიდნენ, რომ იმ სპეციალისტებს თურქეთში დაბრუნება უღირდათ. თურქეთში მაღალი კლასის მედიცინა ფუფუნებაა, ეს ძალიან ძვირი პროდუქტია. თურქები ძალიან სერიოზულად მიუდგნენ ამ საკითხს და რა თქმა უნდა, ექნებათ განვითარებული, ძალიან კარგი მედიცინა…

ზოგადად, შენ როცა იაფად გსურს, ძვირი პროდუქტის მიღება, ეს არ გამოდის… ასე არაფერში გამოდის და მედიცინაში რატომ უნდა გამოდიოდეს?! ფასები ქართული მედიცინის სერიოზული პრობლემაა. ისედაც უამრავი პრობლემა გვაქვს, ექიმები გვყავს სამჯერ მეტი, ვიდრე გვჭირდება, კლინიკებია იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე საჭიროა… ეს ყველაფერი იწვევს მერე გარკვეულ შეხედულებებს და დამოკიდებულებებს.

ასეთი რაღაცები საბჭოთა კავშირის დროსაც იყო… მოსკოვში მიდიოდნენ ხოლმე სამკურნალოდ… იყო ერთი რუსი ექიმი, რომელთანაც მამაჩემი 25 წელი დადიოდა და ოპერაციებს აკეთებდა. იმ ექიმს, რომ გაუჭირდებოდა, ეგრევე მამაჩემთან რეკავდა. ყოფილა შემთხვევა, რომ პაციენტი, რომელიც მამაჩემთან იყო, იმ ექიმთან წასულა, იმ მიზეზით, რომ ის მაინც რუსია… და შემდეგ, იმ ექიმს დაურეკავს მამაჩემთან, მამაჩემი მისულა და იქ გაუკეთებია ეს ოპერაცია. ანუ, ეს უნდობლობის გარკვეული პრობლემა წარსულიდან მოგვყვება…

თავის ტვინის სიმსივნის შემთხვევაში, მოქმედებს თუ არა გენეტიკური ფაქტორი და შესაძლოა თუ არა, რომ თავის ტვინის ძლიერი ტრავმა გახდეს, თავის ტვინის სიმსივნის განვითარების მიზეზი?

არა, არ შეიძლება.

რაც შეეხება გენეტიკას, ზოგადად, ითვლება, რომ ონკოლოგია, თითქოს, გენეტიკურია. ნეიროში, რომ გითხრათ, რომ ეს პირდაპირ გენეტიკურია, რომ ბაბუას ჰქონდა და ამიტომ შვილიშვილსაც აუცილებლად ექნება, ასე არაა, ასეთი პირდაპირი კავშირი არ არსებობს…

რაც შეეხება დანარჩენს, ქირურგია ნეირო-ონკოლოგიის მხოლოდ ერთი ნაწილია. ამის შემდეგ პაციენტი ონკოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ არის ხომ?! ჩვენთან მნიშვნელოვანი, რაც მოხდა, ბოლო 20 წლის განმავლობაში, საკმაოდ განვითარდა სხივური თერაპია, რაც ადრე ძალიან ცუდ დღეში იყო. ახლა ძალიან კარგ დონეზე არიან მომზადებულნი სპეციალისტები და თქმა უნდა, აპარატებიც ძალიან კარგი და თანამედროვე გვაქვს. ქიმიოთერაპიაც, ალბათ, ბოლო 20 წლის განმავლობაში განვითარდა. საერთოდ, მანამდე, ნეირო-ქიმიოთერაპია არ არსებობდა, უბრალოდ არ ტარდებოდა… ამ მხრივ განვითარება ნამდვილად არის.

როგორც აღნიშნეთ, აბსოლუტურად შესაძლებელია, ადამიანმა საქართველოში მიიღოს ყველა ის მომსახურება, რასაც უცხოეთში მიიღებს, მაგრამ შედეგისთვის მნიშვნელოვანია, ექიმთან დროული ვიზიტი…

არ მინდა, საზოგადოება შევაშინო, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც როგორც კი რაიმე დაავადებას გაიგებენ, ამას თითქოს გრძნობენ. ამას „მესამე კურსის სტუდენტების დაავადებას“ ეძახიან, რადგან როცა კლინიკური მედიცინის სწავლას იწყებ და იგებ სიმპტომებს, შენს თავზე გრძნობ იმ სიმპტომებს და გგონია, რომ რაღაც გჭირს.

ექიმთან თუ დროზე მიხვალთ, ნაკლები პრობლემა იქნება. ყველაფერზე ექიმთან სირბილი საჭირო არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანი სიმპტომები არ უნდა უგულებელყოთ.  ის, რომ დილით წამოდექით და თავი ან წელი წამოგტკივდათ, ეს სიმპტომი არ არის. თუ წამოდექი და საერთოდ არაფერი არ გტკივა, ამის უფრო უნდა შეგეშინდეს.

არის ხალხი, რომელიც ყველაფერზე გარბის ექიმთან და არის ხალხი, რომელიც უბრალოდ არ აქცევს ყურადღებას და არა უშავს, გაივლისო, ფიქრობს. მე მქონია შემთხვევა, კაცი მოვიდა, რომელსაც ხელის დამბლა ჰქონდა და რომ ვკითხე, რამდენი ხანი ჰქონდა ეს პრობლემა, მითხრა რამდენიმე თვეაო, რომ ვკითხე, აქამდე რატომ არ მოვიდა, ვიფიქრე, გამივლისო – მიპასუხა. დამბლა არ არის სურდო, იმან არ შეიძლება გაგიაროს, უნდა გაიგო რაშია პრობლემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები