LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის ხშირი შარდვის მიზეზი ქალებში და რა კვლევები ტარდება ამ დროს – ალექსანდრე ხელაიას რჩევები გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“

2258
ალექსანდრე-ხელაია

„რას გულისხმობს ტერმინი გახშირებული შარდვა, რა ძირითადი გამომწვევი მიზეზები აქვს მას და რამდენად სერიოზულია აღნიშნული პრობლემა, რა ნიუანსებს უნდა მივაქციოთ ყურადღება პრობლემის არსებობის შემთხვევაში, როდის არის აუცილებელი ექიმთან ვიზიტი და რა კვლევების ჩატარება არის საჭირო გახშირებული შარდვის დროს“ – ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ექიმმა-უროლოგმა – ალექსანდრე ხელაიამ ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ისაუბრა.

ბატონო ალექსანდრე, რას გულისხმობს ტერმინი გახშირებული შარდვა?

შარდვა ცხოვრებისეული პროცესია, ის ნივთიერებათა ცვლის ერთ-ერთი საბოლოო პროდუქტია. თუ ადამიანში ნივთიერებათა ცვლა ძალიან გაძლიერებულია, გვაქვს მოჭარბებული შარდის გამოყოფა. შესაბამისად, ამ მომენტს ძალიან სიღრმისეულად უნდა ჩავწვდეთ და უნდა ჩავეძიოთ, რა ხდება ორგანიზმში. რაც შეეხება ნორმას, ეს გახლავთ დღის განმავლობაში 6-7 მოშარდვა და არა უმეტეს 1 მოშარდვა ღამის საათებში. ღამის საათებში ერთზე მეტ მოშარდვას ცალკე თავისი დეფინიცია აქვს და მას ნოქტურია ეწოდება. დღის განმავლობაში გახშირებულ შარდვასაც (7-ჯერ ან მეტჯერ) აქვს თავისი დეფინიცია და მას პოლაკიურია ეწოდება. ზოგადად, დათვლილია, თუ  რა რაოდენობის შარდი უნდა გამოყოს კონკრეტულმა პიროვნებამ და ეს გამოყოფილი შარდის რაოდენობა მისი წონის ერთ კილოგრამზე არ უნდა აღემატებოდეს 40 მილილიტრს. შესაბამისად, ამ ყველაფრის გადათვლა მარტივად შეგვიძლია. როდესაც პაციენტი მოდის და ამბობს, რომ მას გახშირებული შარდვა აქვს, ვეკითხებით წონას. შემდეგ, პაციენტი ადგენს მოშარდვის დღიურს, თუ რომელ საათზე რამდენი მოშარდა. მაგალითისთვის, თუ პაციენტის წონა არის 70 კილოგრამი , მისთვის ნორმა იქნება 70 გამრავლებული 40 მილილიტრზე, ანუ 2800 მილილიტრი. თუ მისი მოშარდვის რაოდენობა აღემატება, მაგალითად, 4000 მილილიტრს, ეს უკვე მისთვის ფიზიოლოგიურად დაუშვებელია და მიზეზის ძიებაა საჭირო.

 მეტ სითხეს დავლევთ, მეტს მოვშარდავთ, თუ გვაქვს არტერიული ჰიპერტენზია და ვართ დამოკიდებული წნევის დამწევ საშუალებებზე, მეტ შარდს გამოვყოფთ, თუ გვაქვს შაქრიანი ან უშაქრო დიაბეტი, ასევე გახშირებულია შარდვა. ასევე, აღსანიშნავია უროლოგიური სეგმენტი, როდესაც ადამიანს აქვს გახშირებული შარდვა, მაგრამ მცირე რაოდენობის გამო უწევს მას საპირფარეშოში სიარული. ხშირად, პაციენტი ამბობს, რომ ე.წ. გადავსების შეგრძნება აქვს, მაგრამ როდესაც საპირფარეშოში შედის, სულ რაღაც წვეთებია. აქ უკვე აუცილებლად უროლოგის ჩართულობაა საჭირო.

გახშირებული შარდვის დროს, პირველ რიგში, მაინც საშარდე გზების ინფექციაზე მიაქვთ ადამიანებს ეჭვი. მართლაც არის თუ არა საშარდე გზების ინფექცია იმდაგვარი პათოლოგია, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება გახშირებული შარდვისას?

საშარდე გზების ინფექციის განმარტებაში ერთ-ერთ სიმპტომად გახშირებული შარდვაც არის შეტანილი, თუმცა იქ კიდევ არის მეორე მომენტი, წვა მოშარდვის დროს და ტკივილი შარდის ბუშტის საპროექციო არეში. თუ სახეზეა ეს სამივე სიმპტომი, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საშარდე გზების ინფექციასთან გვაქვს საქმე. მხოლოდ გახშირებული შარდვა არ არის საკმარისი, რომ საშარდე გზების ინფექციაზე ვისაუბროთ.

როგორც უკვე აღვნიშნე, საშარდე გზების ინფექციას ახასიათებს გახშირებული შარდვა, წვა მოშარდვის დროს და ტკივილი შარდის ბუშტის საპროექციო მიდამოში, მაგრამ მერე ისმის  კითხვა პაციენტთან, თუ რა რაოდენობის შარდს გამოყოფს ყოველ მოშარდვაზე. ზოგჯერ, პაციენტი ამბობს, რომ მხოლოდ წვეთებს გამოყოფს. მოტყუებითი შეგრძნება, წვეთების გამოყოფა, შეიძლება, ახასიათებდეს კენჭის გავლასაც, რომელიც შარდის ბუშტთან ძალიან ახლოს არის მოსული, მაგრამ მას თან ემატება სხვა სიმპტომიც, შეიძლება იყოს – წელის ტკივილი, პირღებინების შეგრძნება და ა.შ. ასე, „ფაზლებით“ უნდა შევადგინოთ ჩვენი დიაგნოზი. რა თქმა უნდა, საშარდე გზების ინფექციის დროს, შარდის ანალიზშიც არის ცვლილებები და ამით ჩვენ უკვე ვსაზღვრავთ, რომ გვაქვს საშარდე გზების ინფექცია. შეიძლება, პაციენტმა აღნიშნოს, სპეციფიკური სუნის მქონე შარდიც. ძალიან ბევრი ნიუანსია და ამ ყველაფრის ჩაძიება და დალაგება არის საჭირო. შესაძლოა, პაციენტმა თავისით ყველა სიმპტომს ვერ მოუყაროს თავი, ყველაფერი არ ახსენოს, ამიტომ ჩვენ უნდა დავუსვათ კითხვები, საჭირო ინფორმაციის მისაღებად.

გახშირებული შარდვის ძალიან ბევრი მიზეზი ჩამოთვალეთ, ასევე ახსენეთ გახშირებული შარდვა დღის და ღამის საათებში, შესაძლებელია თუ არა, რომ აღნიშნული მახასიათებელი დაგვეხმაროს პრობლემის იდენტიფიცირებაში, ანუ არსებობს პრობლემები, რომელთაც დღის საათებში ახასიათებთ გახშირებული შარდვა და პირიქით, რომელთაც ღამის საათებში ახასიათებთ?

სულ იმას ვამბობ, რომ შარდის ბუშტს არ აქვს ბიოლოგიური საათი, ისე როგორც ადამიანს აქვს, რომ მაგალითად, ახლა საღამოს ათი საათია და უნდა დავიძინო. ასეთი რამ გამორიცხულია, მაგრამ უამრავი შემთხვევა ყოფილა ისეთი, რომ დღის განმავლობაში წარამარა დარბის ადამიანი საპირფარეშოში, მაგრამ ღამე მშვიდად სძინავს. არის შემთხვევებიც, როცა ღამე წარამარა დარბის ადამიანი მოსაშარდად, მაგრამ საკმარისია რაიმე დამამშვიდებელი, საძილე საშუალება მიიღოს და მთელი ღამე მშვიდად სძინავს.

თუ ადამიანი დღის საათებში იშვიათად შედის საპირფარეშოში, მაგრამ ღამის საათებში მეტი სიხშირით შარდავს და გამოყოფილი შარდის რაოდენობაც ბევრია, ეს მაფიქრებს, ხომ არ არის გულსისხლძარღვთა უკმარისობა. თუ პაციენტი ამბობს, რომ ის მოსაშარდად ყოველ ორ საათში დგება, თუ თითო ჯერზე გამოყოფილი შარდის რაოდენობა 300-400 მილილიტრია, ყოველ ორ საათში 1200 მილილიტრი მაინც გამოდის. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, არ არსებობს შარდის ბუშტი, რომელიც 1200 მილილიტრს დაიკავებს. ესე იგი, ორგანიზმში ხდება რაღაც ისეთი, რაც რაც ღამის საათებში მეტი რაოდენობით შარდის გამოყოფას იწვევს. ამ მხრივ მამაკაცები განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში არიან, ქალში კიდევ არ ვიცით რას დავაბრალოთ და მამაკაცებში სულ პროსტატას ვაბრალებთ. ხშირად, მამაკაცს ასაკში ისედაც აქვს წინამდებარე ჯირკვლის ზრდის ცოტათი მატება და ამის გამო შეძლება მას ოპერაციაც კი გაუკეთდეს. გარანტირებულად მაინც დარჩეს, რომ 4-ჯერ ადგომა, ეს არის გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემები. ამ დროს გვაქვს სპეციალური ხრიკები, დარიგებები, თუ როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი, როგორ დაიცვას წყლის ბალანსი, როგორ გადაანაწილოს შარდის გამოყოფა დღის საათებში ისე, რომ ღამე თავისუფალი იყოს ორგანიზმი ზედმეტი სითხისგან, რომ ნაკლებად ადგეს ღამე და მეტად მშვიდად ეძინოს, რათა მეორე დღეს ენერგიულად იყოს, რადგან უძილობა მართლაც ძალიან სერიოზული პრობლემაა.

როდესაც ადამიანი ამბობს, რომ შარდვა გაუხშირდა, ხშირად ეკითხებიან „ხომ არ შეგცივდა?“, მართლა არის თუ არა შეციება, ფეხების გაყინვა, ცივ ამინდში გარეთ გასვლა შარდვის გახშირების მიზეზი თუ ეს მხოლოდ მითია?

ყველას გვსმენია სამსახურში კონდიციონერი იყო ჩართული, დამიბერა, თხელი ფეხსაცმელი მეცვა და ამან გამოიწვია გახშირებული შარდვა… ეს ყველაფერი იწვევს სიცივეზე მარეაგირებელი რეცეპტორების გააქტიურებას და ეს ყველაფერი მერე გაუთავებლად მიდის სადღაც, იმ ცენტრამდე, რომელიც თერმორეგულაციაზეა პასუხისმგებელი. ეს ცენტრი განაპირობებს მერე იმას, რომ თუ ადამიანს შესცივდა, ის უნდა გავათბოთ, ის აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას და შესაბამისად, ძლიერდება შარდის წარმოქმნის პროცესი. მოგეხსენებათ, შარდის ტემპერატურა გარე სივრცეზე გაცილებით თბილია, ამიტომ ორგანიზმი ცდილობს, რომ შარდის ბუშტი ამ შედარებით თბილი შარდით გაავსოს, რომ ამან ყველაფერი ან მინიმუმ მცირე მენჯი მაინც შედარებით შეათბოს. ეს თემა მეც ძალიან მაინტერესებდა და დაახლოებით ასეთი ახსნა ვიპოვე, რადგან ეს ასე დეტალურად არსად არის აღწერილი, თუმცა ჩატარებულია რამდენიმე ექსპერიმენტი. მაგალითად, პატარა ზაზუნა გაჰყავდათ თბილი ოთახიდან ცივ ოთახში და აკვირდებოდნენ, როგორ იქცეოდა. როდესაც ის ცივ ოთახში გადიოდა, გაცილებით ხშირად გამოყოფდა შარდს. ასე რომ, რეალობაა, რომ ფეხზე შეციება ასეთ მოვლენებს იწვევს. მე ყოველთვის ვცდილობ, რომ აღნიშნულსაც მიაქციოს პაციენტმა ყურადღება და ეს მაპროვოცირებელი ფაქტორი შეამციროს.

ცხოვრების სტილი, კვება თუ ახდენს გავლენას შარდის გამოყოფის გახშირებაზე და რა რეკომენდაციები შეიძლება გაითვალისწინონ ადამიანებმა, რომელთაც მსგავსი პრობლემა აქვთ?

ადამიანს შეიძლება უთხრა „წყალი არ მიიღო ძილის წინ“, „წყალი არ მიიღო 6 საათის შემდეგ“ და იმან, მაგალითად, მაწონი ან ვაშლი მიირთვა. ეს ორივე პროდუქტიც ძალიან დიდი რაოდენობით  შეიცავს სითხეს, შესაბამისად, ეს მომენტები და ნიუანსები გასათვალისწინებელია.

არის შემთხვევები, როცა ადამიანს ქვედა კიდურები უშუპდება, ასეთ დროს, ზოგადი რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, ანგიოლოგთან, ფლებოლოგთან და ა.შ. ვიზიტია. ამასთან ერთად, თუ ჩვენ განვიხილავთ ღამე გახშირებულ შარდვას, ანუ ნოქტურიას, აუცილებელი რეკომენდაციაა, რომ ამ პიროვნებამ ჩაიცვას გოლფები, რადგან ეს ფეხის მეტად შეშუპების საშუალებას არ იძლევა. როცა ადამიანი შეშუპებული ფეხებით წვება, ორგანიზმი გრძნობს, რომ მასში ზედმეტი სითხეა და ამ ყველაფრის ფილტრაციას ცდილობს. სუსტი შეშუპების მქონე პაციენტები ხშირად აღნიშნავენ რომ, დილაობით უკეთესად აქვთ ფეხები, ისე, რომ ისინი ვერც აანალიზებენ, რომ ეს ყველაფერი ღამე გამოყოფილი შარდის ხარჯზეა.

არსებობს თუ არა ქალებში ისეთი ასაკი, რა დროსაც კიდევ უფრო მეტად ხდება გახშირებული შარდვის პრობლემის გამოვლენა, ანუ რომელია ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი ამ ტიპის პრობლემების მიმართ?

ერთი, ეს არის გოგონა, რომელიც იწყებს სექსუალურ ცხოვრებას. მეორე, კლიმაქტერული ასაკის მქონე ქალბატონი, რადგან საშვილოსნოს ფლორის დარღვევა გარკვეულ გავლენას ახდენს შარდის ბუშტის ლორწოვანზე. საბოლოოდ, ყველაფერი მიდის შარდის ბუშტის ლორწოვანისკენ.

ხშირად, ჩვენ შეიძლება შარდი ჩავაბაროთ და არანაირი ცვლილება არ გვქონდეს, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვამუშავებთ შემდეგ კონცეფციას და ლიტერატურაშიც არის მთელი რიგი ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ შარდის ბუშტის ლორწოვანი ამოფენილია ე.წ. რძემჟავა ბაქტერიით, კრისპატუსით, რომელიც საუკეთესო რძემჟავა ბაქტერიაა და ის არის დომინანტი ბაქტერია ქალის თეთრ რასაში. იგივე ბაქტერია ცხოვრობს შარდის ბუშტში. მისი პოვნა იქ ჩვეულებრივი შარდის ნათესით შეუძლებელია და ამას სხვადასხვა კვლევა სჭირდება. თუ ახალგაზრდა გოგონა წარამარა საპირფარეშოში დარბის, თუმცა შარდში არანაირი ცვლილება არ არის, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ის იყოს ცხარე საკვების, პეპსი-კოლას, კოკა-კოლას და ა.შ. მოყვარული, რაც ქიმიურად ცვლის მის შარდს და შარდის ბუშტი მისი დაზიანებული ლორწოვანით, ამ ლაქტობაქტერია კრისპატუსის გარეშე მეტად მგრძნობიარე ხდება ამ ქიმიურად შეცვლილი შარდის მიმართ, რაც იწვევს მოშარდვის რეფლექსს. შემდეგ, ვიწყებთ საშვილოსნოს ფლორის მოწესრიგებას, ვნიშნავთ სპეციალურ პრეპარატს, აღვადგენთ საშვილოსნოს ამომფენ გარსს, რის შედეგადაც, მშვიდდება და წყნარდება სიტუაცია.

რა ძირითადი კვლევები ინიშნება გახშირებული შარდვისას?

ნომერ პირველი კვლევა ეს არის მოშარდვის დღიური. ადამიანი 3 დღე-ღამის განმავლობაში ინიშნავს, თუ რომელ საათზე რა რაოდენობას შარდავს. მერე, ჩვენ შეგვიძლია მის მიერ 24 საათის განმავლობაში გამოყოფილი შარდის რაოდენობა გავამრავლოთ მის წონაზე და ვნახოთ, თუ რამდენ მილილიტრს გამოყოფს მისი ორგანიზმი თითო კილოგრამზე. ნორმა 40-ზე ნაკლები უნდა იყოს. თუ პაციენტთან ჭარბი სითხის წარმოება გვაქვს, ესე იგი პაციენტთან არის ნივთიერებათა ცვლის პრობლემა და სხვა, შესაბამის სპეციალისტთან ვამისამართებთ მას. ასევე, შეიძლება, შარდში იყოს რაღაც გარკვეული ბაქტერია და შარდის გამოყოფა 24 საათში იყოს 4 ლიტრი. მაგალითად, ეს ძალიან ხშირია დიაბეტის მქონე პაციენტებთან, რადგან ასეთი ადამიანები საშარდე გზების ინფექციებისკენ ძალიან არიან მიდრეკილნი. მერწმუნეთ, რომ ბაქტერიის მოკვლის შემდეგ, 4 ლიტრი შარდი მაინც იქნება. ჩვენ 24 საათში 4 ლიტრი შარდის გამოყოფას, ამ ბაქტერიას ვერ დავაბრალებთ. შესაბამისად, ხშირად ამბობენ – „ მაქვს ხშირი შარდვა, შარდში მქონდა ბაქტერიები, ექიმმა ანტიბიოტიკები დამინიშნა, ვიმკურნალე, მაგრამ იგივე ჩივილების წინაშე ვდგავარ“. თუ ბაქტერიის გამო გვაქვს პრობლემა, გვაქვს ხშირი შარდვა მცირე რაოდენობით და არა – დიდი რაოდენობით. აქ ძალიან ბევრი ნიუანსია.

რა თქმა უნდა, მოშარდვის დღიურთან ერთად, ვაკეთებთ: შარდის საერთო ანალიზს, შარდის ბაქტერიულ ანალიზს, საშარდე გზების ექოსკოპიას, უროფლომეტრიას. ასეთი გახლავთ ძირითადი, რუტინული კვლევები.

აღსანიშნავია, რომ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ნარჩენი შარდიც, რაც მუდმივად იწვევს მოშარდვის სურვილს, ამიტომ აუცილებელია უროფლომეტრია. უროფლომეტრია, შარის ჭავლის განსაზღვრაა.

რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს გახშირებული შარდვის მკურნალობა?

ეს დამოკიდებულია მიზეზზე, მაგრამ ყველანაირი მკურნალობის თავი და თავი ეს არის ორგანიზმში რაღაც ნივთიერებების და პროცესების შეცვლა. ეს არის ე.წ. ქცევითი თერაპია. შესაბამისად, ღამე არ დავლიოთ  ბევრი სითხე, დღის განმავლობაშიც გვქონდეს გარკვეული შეზღუდვები. რა თქმა უნდა, თუ სუფრაზე ყოფნისას, ბევრ ალკოჰოლს მივიღებთ, ეს გახშირებულ შარდვას გამოიწვევს. ხშირად, პაციენტებთან, რომლებიც უჩივიან გახშირებულ შარდვას, აღმოვაჩენთ, რომ არ აქვთ მოწესრიგებული ძილის გრაფიკი, ასევე დიდი რაოდენობით იღებენ ყავას და ა.შ. თუ ვპოულობთ ორგანულ პრობლემებს, ინფექციას, ვიწყებთ მათ მოგვარებას და მკურნალობას.

აღსანიშნავია, ქრონიკული ცისტიტიც, რა დროსაც შარდის ბუშტის ლორწოვანი არის დაზიანებული. ეს ძალიან რთული და კომპლექსური პრობლემაა. ვმუშაობთ ლორწოვანის აღდგენაზეც. ლორწოვანი გარსის აღსადგენად ხშირად ვნიშნავთ სპეციალურ პრეპარატს, პროვაგს.

თუ ქალი კლიმაქტერულ პერიოდშია, შეგვიძლია, ჰორმონალური კრემი დავუნიშნოთ ლოკალურად.

აქტიური ანთებითი პროცესები საშოში, ვაგინიტი, ვულვოვაგინიტი და ა.შ. ძალიან ხშირად არის შარდის ბუშტისთვის გამაღიზიანებელი ფაქტორი. ამ დროს,მოშარდვის დროს და შემდეგ, გვაქვს წვა. გვაქვს მოშარდვის გახშირებული სურვილი. ასეთ პაციენტებს აუცილებლად ვეკითხები, რამე ახალი გინეკოლოგიური ჩივილი ხომ აქ აქვთ, ხომ არ აქვთ გამონადენი.

ყველაზე მთავარია, კომპლექსური მიდგომა, საშოს ფლორის მოწესრიგება, შარდის ბუშტის ლორწოვანის აღდგენა.

ბევრი ორსული აღნიშნავს გახშირებულ შარდვას, ეს შეიძლება, რომ ნორმად ჩაითვალოს?

დიახ, ეს ნორმაა, რეალური სიტუაცია და ვითარებაა. ორსულებში ნივთიერებათა ცვლა, ასე ვთქვათ, გაორმაგებულია. ნაყოფის ზრდასთან ერთად, ძლიერდება ნივთიერებათა ცვლა. გაძლიერებულია თირკმლისმიერი შარდის წარმოქმნაც. შეიძლება ვთქვათ, რომ ერთი ორად იზრდება შარდის რაოდენობა, მაგრამ ერთი ორად მცირდება შარდის ბუშტის ტევადობაც, რადგან ნაყოფი უფრო და უფრო მეტ ზეწოლას ახდენს შარდის ბუშტზე. შარდის ბუშტის უკან ჩვენ გვაქვს საშვილოსნო და ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა შეიძლება გახდეს ეს საშვილოსნო ორსულობის პერიოდში, ზოგჯერ, ხშირი მოშარდვა კი არა, სუნთქვაშიც კი უშლის ხელს პაციენტს, რადგან დიაფრაგმამდე ადის ხოლმე. შესაბამისად, ორსულობისას შარდის ბუშტის გარშემო სივრცე ძალიან მცირდება, ხდება ზეწოლა და გვაქვს ხშირი შარდვა, რაც არც თუ ისე სახარბიელო ნორმად შეიძლება ჩაითვალოს.

გახშირებული შარდვა ყოველთვის საჭიროებს ექიმთან ვიზიტს თუ შესაძლოა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ის თავისითაც ალაგდეს, რა შეგვიძლია გავაკეთოთ, გართულებების თავიდან ასაცილებლად, რომ ჩვენით მოვახდინოთ ამ პრობლემის პრევენცია?

დარწმუნებული ვარ, ამ გადაცემის წყალობით ბევრი ადამიანი მიიღებს ინფორმაციას გახშირებულ შარდვაზე, შესაბამისად, უფრო მეტად დააკვირდება სხვადასხვა ნიუანსებს, სითხის მიღების რაოდენობას და ა.შ. ჩვენ თვითმკურნალობას, დიაგნოზის თავად დასმას ყოველთვის ვეწინააღმდეგებით, მაგრამ პაციენტმა ელემენტარულად უნდა გააკონტროლოს, რა რაოდენობით ყავას, წყალს და ა.შ. იღებს, ეს მას აუცილებლად დაეხმარება. რა თქმა უნდა, თუ ამ ქცევითი კომპონენტების მოგვარება, მისთვის საკმარისი არ იქნება, აუცილებლად უნდა მიმართოს შესაბამის სპეციალისტს. მაგალითად, თუ აქვს მოჭარბებული წყურვილის შეგრძნება და მერე შარდვა, უნდა დავფიქრდეთ ენდოკრინოლოგთან ვიზიტზე, რადგან ასეთ დროს, ხშირად დაგვისვამს შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი.

რა თქმა უნდა, ოჯახის ექიმთან ვიზიტი, სტანდარტული გამოკვლევების ჩატარება ყოველთვის აუცილებელია.

გადაცემის დასაწყისში აღნიშნეთ, თუ რა რაოდენობის შარდი ითვლება ნორმად, ასევე ისაუბრეთ მომატებულ რაოდენობაზე, მაგრამ რა ხდება, მაშინ, თუ ამ ნორმამდე ვერ მიდის ადამიანი, ანუ შარდის მცირე რაოდენობით გამოყოფაც პრობლემაა თუ ეს უბრალოდ ორგანიზმის თავისებურებაა?

თუ სულ ასეა ადამიანი, ეს უკვე მისი თავისებურებაა, მაგრამ თუ უეცრად დაეწყო მსგავსი რამ, რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა და ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს. უამრავი ქალბატონი და მამაკაცია, რომელიც პრაქტიკულად არ სვამს სითხეს, ბუნებრივია, ასეთი ადამიანი მხოლოდ ერთი-ორჯერ მოშარდავს. ესეც ძალიან ცუდია. იყო კვლევები, სადაც ახალგაზრდა გოგონები შეისწავლეს, თუ ვინ რა რაოდენობის სითხეს იღებდა, რა რაოდენობით შარდავდა. ვინც ნაკლებ სითხეს იღებდა, რა თქმა უნდა, ნაკლები რაოდენობით შარდავდა და მათ მეტი მიდრეკილება ჰქონდათ საშარდე გზების ინფექციებისკენ, რადგან ეს მაინც მექანიკური გაწმენდის საშუალებაა. შესაბამისად, პრობლემაა ხშირი შარდვაც და ნაკლები რაოდენობით შარდვაც, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. დღის საათებში 5-6 მოშარდვა და ღამის საათებში მაქსიმუმ 1 მოშარდვა კლასიკური ფიზიონომიური ნორმაა.