28-29 ნოემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლის დროს, მედიაომბუდსმენის განცხადებით, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები მიზანმიმართულად გაუსწორდნენ 20-ზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე „ფორმულას“ ჟურნალისტი გურამ როგავა დაშავდა
დაშავებულებს შორის არის ონლაინგამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილიც, რომელიც გასულ ღამეს, რუსთაველის გამზირზე მისი დაკავებისა და ცემის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„მეგობრებო, ვერ გპასუხობთ ყველას, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის.
სრულიად გაუგებარ სიტუაციაში დამაკავეს და მცემეს ნიღბიანმა პირებმა, გამოცვივდნენ მოქალაქეების დასაკავებლად, მე გვერდით ვიყავი, მაგრამ მაინც უფრო უკან დახევას ვცდილობდი და ამ დროს წამავლეს ხელი. თავიდანვე ვუმეორებდი, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ მგონი მაგან პირიქით იმოქმედა, ისეც მაგინებდნენ და მერე ჟურნალისტობის გამოც დამიმატეს.
ერთგვარ კორიდორში გამატარეს, სადაც მირტყამდნენ ხელებს და ფეხებს, ძირითადად, სახეში. წამართვეს კამერები, ბეიჯი, აირწინაღი. ასე ხელიდან ხელში გადავყავდი და ყველა სათითაოდ მირტყამდა, სანამ ჭიჭინაძის ქუჩიდან პარლამენტის უკანა ტერიტორიის გავლით, 9 აპრილის ქუჩამდე არ ამიყვანეს, იქ გამიკეთეს ბორკილები.
მოვითხოვე სამხრე კამერის ჩართვა, რაზეც ძალიან გულიანად დამცინეს.
განყოფილებაში უკვე მშვიდად შემხვდნენ, ცოტა მაგრამ სახეზე დაზიანებების გამო გადამიყვანეს კლინიკაში.
ვიტარებ გამოკვლევებს, მაგრამ მხნედ ვგრძნობ თავს, გული მწყდება, რომ ვეღარ ვაგრძელებ ახლა ჩემს პროფესიულ საქმიანობას. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის“, – წერს ალექსანდრე ქეშელაშვილი სოციალურ ქსელში.
მეგობრებო, ვერ გპასუხობთ ყველას, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. სრულიად გაუგებარ სიტუაციაში დამაკავეს და მცემეს…
Posted by Aleksandre Keshelashvili on ხუთშაბათი, 28 ნოემბერი, 2024
ცნობისათვის, 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ მმართველი გუნდის გადაწყვეტილების გამოცხადებას, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი მოჰყვა. სოციალურ ქსელში, მომენტალურად დაანონსებული აქციის შემდეგ, მოქალაქეები ჯერ „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი პარლამენტის შენობასთან და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. რამდენიმესაათიანი აქციის შემდეგ, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა, მოგვიანებით კი ისინი სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით დაშალა.
შსს: „აქციაზე 32 სამართალდამცავი დაშავდა… დაკავებულია 43 პირი…“