„რა იწვევს ლიმფური ჯირკვლების გადიდებას, ყოველთვის საშიშია თუ არა მათი გადიდება, როდის უნდა მივმართოთ ექიმს და რა აუცილებელი კვლევები უნდა ჩავიტაროთ ლიმფური ჯირკვლების გადიდებისას, როგორია მკურნალობის ტაქტიკა“ – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ პედიატრმა – ეკა უბერმა ისაუბრა.
ეკა, რა როლს ასრულებს ლიმფური ჯირკვლები იმუნური სისტემის ნაწილში და რატომ არის ასე მნიშვნელოვანი მათი ფუნქცია?
მოდით, ვისაუბროთ ლიმფური კვანძების, ანუ ლიმფადენიტის, ლიმფადენოპათიის რაობაზე, გავიხილოთ, რა არის ლიმფადენოპათია. მშობლებისთვის უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ეს არის ლიმფური კვანძების გადიდება, ანუ ჰიპერპლაზია.
ლიმფური კვანძები ჩვენ მრავლად გვაქვს. ლიმფური კვანძების უმრავლესობა კისერზე, კეფაზე, ყბის ქვეშ, ტრაქეის გარშემო, იღლიის ქვეშ, საზარდულის მიდამოში და ა.შ. არის განთავსებული. ხშირია ლიმფური კვანძების გადიდება, მის გამო ხშირად მიმართავენ ამბულატორიას.
მშობელი ხშირად წუხს და შფოთავს იმაზე, თუ რატომ არის გადიდებული ლიმფური კვანძი. მინდა, დავამშვიდო ისინი და აღვნიშნო, რომ ხშირ შემთხვევაში, მას არ აქვს სერიოზული მიზეზი და არის თვითლიკვიდირებადი, თვითლიმიტირებადი და არ საჭიროებს სპეციფიკურ მკურნალობას. ასევე, პირველადი მომართვიანობის შემთხვევაში, არ საჭიროებს მიზეზების დადგენას, რადგან როგორც აღვნიშნე, ხშირ შემთხვევაში, ის თავისით მცირდება. იშვიათად, თუმცა მაინც შეიძლება, რომ ის სერიოზული დაავადების ერთ-ერთი პირველი გამოვლინება იყოს. სწორედ ამ იშვიათი შემთხვევების გამო, როგორც მშობელი, ისე ექიმი ხანდახან შფოთავს და არის დილემის წინაშე, თუ როდის სჭირდება ბავშვს გამოკვლევა, როდის არის ე.წ. განგაშის ნიშნები და როდის უნდა დავიწყოთ ფიქრი დამატებით გამოკვლევებზე.
როგორც ბრძანეთ, ლიმფური ჯირკვლები სხვადასხვა ადგილებში ლოკალიზდება, როდესაც ვსაუბრობთ გადიდებულ ლიმფურ ჯირკვლებზე, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მის მდებარეობას, მდებარეობა რამდენად განსაზღვრავს საშიშროებას და კონკრეტული მდებარეობა რაიმე კონკრეტულ პრობლემაზე, დაავადებაზე თუ მიუთითებს?
ძალიან მნიშვნელოვანია რა ასაკის არის ბავშვი, სად არის ლიმფური კვანძი, როგორია მისი სიდიდე და ა.შ. ყველა დეტალს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში კეფის და ყურის უკანა ლიმფური კვანძები ხშირ შემთხვევაში ნორმაა და შესაძლებელია მათი სრული იგნორი, მაგრამ თუ ეს ყველაფერი 1 წლის ზემოთ არის, შესაძლებელია, რომ სპეციფიკური კვლევები დაგვჭირდეს. 2 წლის ასაკიდან ხშირია ყბისქვეშა და კისრის ლიმფური კვანძების გადიდება, მაგრამ იშვიათია 6 თვემდე ასაკის ბავშვებში. შესაბამისად, როგორც უკვე გითხარით, თითოეულ კომპონენტს და დეტალს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ყველაზე არასასურველი და ნებისმიერ ასაკში მიუღებელი არის ლავიწზედა ლიმფური კვანძები და ტრაქეის გარშემო არსებული ლიმფური კვანძები, თუ მათ გარშემო ვიზუალურად არ ჩანს კანის დაზიანება, თუ მიმდებარედ კონკრეტულ ინფექციასთან არ გვაქვს საქმე, ანუ უსიმპტომოდ, მხოლოდ ლავიწზე და ტრაქეის გარშემო ლიმფური კვანძების არსებობა, ნიშნავს, რომ კვლევა უნდა დავიწყოთ. რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და ეს ცალსახად ავთვისებიან გადაგვარებას ან რაიმე სერიოზული დაავადების არსებობას არ ნიშნავს, თუმცა ექიმმა აუცილებლად უნდა ჩაატაროს გარკვეული კვლევები, თუნდაც ეს იყოს პირველადი მიმართვა.
არსებობს რუტინული და გაფართოებული კვლევები. როგორც წესი, ყბისქვეშა, კისრის და რეგიონალური ლიმფური კვანძების გადიდების შემთხვევაში, უხშირესად, შეიძლება იყოს A ჯგუფის ბეტა სტრეპტოკოკული ინფექცია, ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ციტომეგალოვირუსი, ასევე ძალიან ხშირია ე.წ. კატის ნაკაწრის დაავადება, რომელიც სპეციფიკურ ინფექციასთან და ბაქტერიულ ვირუსთან არის დაკავშირებული, ანუ უხშირესი მიზეზებია: ვირუსული, ბაქტერიული, პარაზიტული, ასევე სოკოვანი დაავადებები.
გადიდებული ლიმფური კვანძების შემჩნევისას აუცილებლად დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს თუ რაღაც ეტაპზე, შეგვიძლია დავიცადოთ და დავაკვირდეთ მას?
უხშირეს შემთხვევაში, ექიმიც და მშობელიც 2, მაქსიმუმ 3 კვირის განმავლობაში იცდის. ეს ყველაფერი ექიმის გადასაწყვეტია. თუ ბაქტერიულ ინფექციებზეა ეჭვი, შეიძლება, ემპირიულადაც დაინიშნოს ანტიბიოტიკი. თუ ანტიბიოტიკოთერაპიის ჩატარების შემდგომ, 2-3 კვირაში, ლიმფური კვანძის სიდიდე არ შემცირდა და ის კვლავ მტკივნეულია, მაშინ გამოკვლევების შემდგომ ეტაპზე გადავდივართ. ისევ და ისევ, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს ლოკალიზაციას, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ მდებარეობის მიხედვით იმის გადაწყვეტა, რომ ეს ძალიან საშიშია ან პირიქით, შეუძლებელია, ვერ მოხერხდება.
თქვენ ჩამოთვალეთ დაავადებები და ინფექციები, რომლის დროსაც, შესაძლოა, რომ ლიმფური კვანძები გადიდდეს და სურათი შეიცვალოს. ამ კონკრეტული დაავადებების მკურნალობის შემდგომ, რა პერიოდია საჭირო სრული აღდგენისთვის? თუ ლიმფური კვანძების გადიდება კონკრეტული დაავადებით არის გამოწვეული, ჩვენ აღარ უნდა ვინერვიულოთ აღნიშნულ პრობლემაზე?
მკურნალობის პარალელურად ლიმფური კვანძის სიდიდის შემცირებაც ხდება. აქაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორია და რა სიდიდისაა ლიმფური კვანძი. როგორც წესი, განგაშს ვტეხთ ორ სანტიმეტრზე დიდი ლიმფური კვანძის არსებობისას, როდესაც ის არის მტკივნეული, მკვრივი. ასევე, მნიშვნელობა აქვს ბავშვის ზოგად მდგომარეობას. თუ ბავშვი აქტიური, ენერგიულია და მხოლოდ ლიმფური კვანძის გადიდებაზე გვაქვს საუბარი, რა თქმა უნდა, ამ დროს, მოცდის ტაქტიკა უფრო მისაღებია, ვიდრე კვლევების გაფართოება. მნიშვნელოვანია, გადიდებულია თუ არა სხვა ლიმფური კვანძებიც.
2-დან 6 წლამდე ძალიან ხშირია საზარდულის კვანძების გადიდება, რაც არანაირ ინფექციაზე არ მიუთითებს. კიდევ ერთხელ მნიშვნელობა აქვს, სიდიდეს, სიმპტომატიკას, ტემპერატურული რეაქციების თანხლებას (ერთ კვირაზე მეტხანს), ოფლიანობას, წონაში კლებას და ა.შ. ასევე, მნიშვნელოვანია, პრობლემას თან ახლავს თუ არა რუტინულ კვლევებში, სისხლის საერთო ანალიზში, ფილტვის რენტგენოლოგიურ კვლევებში ცვლილებები. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ აღნიშნული პრობლემა უმეტეს შემთხვევაში თვითლიმიტირებადია. კვლევების მიხედვით, იმ ბავშვთა 54%-ში, რომელთაც ლიმფური კვანძების ბიოფსია ჩაუტარდათ, პრობლემის გამომწვევი მიზეზი ვერ დადგინდა და ლიმფურმა კვანძებმა თვითლიმიტირება განიცადა. ლიმფური კვანძის გადიდება არასპეციფიკური, მაგრამ თვითგანკურნებადი მიზეზებით იყო განპირობებული. ბიოფსიაზე გაგზავნილთა მხოლოდ და მხოლოდ 5-7 პროცენტში მოხდა დაავადების არასასურველი დიაგნოზის დასმა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბიოფსიაზე გაგზავნა ძალიან იშვიათად ხდება, რადგან მას თავისი აუცილებელი წინაპირობები აქვს. სადიაგნოსტიკოდ ბიოფსიაზე გაგზავნა არ ხდება, რადგან ეს გაფართოებული კვლევაა.

ახსენეთ მტკივნეული ლიმფური კვანძები, ტკივილი რამდენად საშიში მახასიათებელია და ზოგადად, რატომ ეძახიან აღნიშნულ პროცესს ლიმფური კვანძების ანთებას, ეს მართლაც ანთებითი პროცესია თუ ლიმფური კვანძები სხვა დაავადებების ფონზე დიდდება?
დიფერენცირებისთვის აქაც, პირველ რიგში, ხანგრძლივობას უნდა მივაქციოთ ყურადღება. თუ ლიმფური კვანძები მტკივნეულია, ახლად დაწყებულ ვირუსულ ინფექციასთან მიმართებაში და მას თან ახლავს სხვა რესპირატორული სიმპტომები, ცხვირის გაჭედილობა, ყელის, ყურის ტკივილი, ტემპერატურული რეაქცია, მაშინ, რა თქმა უნდა, საქმე არა ლიმფადენოპათიასთან, ანუ მხოლოდ გადიდებასთან, არამედ ანთებით პროცესთან გვაქვს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, შეიძლება, რომ ლიმფური კვანძები მტკივნეული იყოს და ამ სიტუაციაში, საშიში არაფერია. ამ ყველაფერმა ბანალური ვირუსული ინფექციის გავლასთან ერთად, შეიძლება, რომ თავისით გაიაროს. აქაც ისევ და ისევ 2-3 კვირიან პერიოდს ვიძლევით დაკვირვებისთვის, რომ ამ ლიმფურმა კვანძებმა, თუნდაც ძალიან გადიდებულმა, ზომაში დაიკლოს და ჩვეულ ნორმას დაუბრუნდეს.
აქვე აღვნიშნავ განსაკუთრებით 6 წლამდე ბავშვების ავადობის სიხშირეს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ხშირად მოავადე ბავშვები 6 წლამდე, როგორც ნორმა, ისე განიხილება. 8-10 ჯერ შეიძლება გახდეს ბავშვი ავად, განსაკუთრებით, ის ბავშვები, რომელთაც მაღალი სიმჭიდროვე აქვთ სახლში, რომლებიც ბაღში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აქტიურად დადიან, ჰყავთ შედარებით დიდი ასაკის დედმამიშვილები, რომლებიც შესაძლებელია, რომ ინფექციის წყარო იყვნენ. შესაბამისად, აქ მთელი რიგი ნიუანსებია გასათვალისწინებელი. რა თქმა უნდა, ავადობის სიხშირიდან გამომდინარე, ბავშვებს შესაძლებელია, რომ ლიმფური კვანძები ხშირად ჰქონდეთ ზომაში მომატებული. ასევე, შეიძლება, რომ ერთი ინფექციის გავლას, თან ერთოდეს ახალი ინფექციის დაწყება, რადგან ერთი ინფექციის გავლის სრული აღდგენითი პერიოდი, დაახლოებით, 10-14 დღეს მოიცავს და როცა ბავშვი ამ პერიოდში აქტიურად დადის ბაღში, განსაკუთრებით, თუ ის ასაკით პატარაა, არის 3-4 წლის, ახალი დაწყებული აქვს კონტაქტი ბაღთან, ახალ ვირუსებთან, ავადობის სიხშირეც უფრო მაღალია. პარალელურ რეჟიმში, მაღალი შეიძლება იყოს ლიმფური კვანძების გადიდების სიხშირეც. აქვე ისევ აღვნიშნავ, რომ მნიშვნელოვანია, რა მდებარეობაზეა გადიდებული ლიმფური კვანძი. მაგალითად, იღლიის ქვეშ ლიმფური კვანძების გადიდება ვირუსულ, რესპირატორულ ინფექციას ნაკლებად ახასიათებს. მწვავე პერიოდმა შეიძლება მაქსიმუმ 2-3 კვირას გასტანოს, ამის შემდეგ ის თავისით მცირდება ზომაში.
ლიმფური კვანძების მომატების შემთხვევაში, რა აუცილებელი კვლევები ინიშნება და როცა რაიმე ინფექცია დასტურდება, როცა უკვე ვიცით ლიმფური კვანძების ზომაში მომატების მიზეზი, რა ტიპის მკურნალობა ინიშნება?
ისევ და ისევ მნიშვნელობა აქვს ეტიოლოგიურ ფაქტორს, ეს არის ვირუსული, ბაქტერიული, ფუნგალური, სპეციფიკური დაავადებით, ანუ ტუბერკულოზით განპირობებული ლიმფური კვანძები თუ არის არაინფექციური, აბსოლუტურად სხვა მიზეზით განპირობებული. გამოკვლევების პროცესი ეტაპობრივად მიდის, ვიწყებთ რუტინული კვლევებით, რაც მოიცავს სისხლის საერთო ანალიზს, C რეაქტიული ცილის განსაზღვრას, გულ-მკერდის რენტგენოლოგიურ კვლევას, მუცლის ღრუს ექოსკოპიას და ა.შ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ანამნეზსაც, თუ რა ხანგრძლივობით არის გადიდებული ლიმფური კვანძი, რას უკავშირდება ის… შეიძლება იყოს ლაიმის დაავადება, იგივე ბორელიოზი, რომელიც კოღოს ნაკბენით გადაეცემა და ამ დროს მნიშვნელობა აქვს სპეციფიკურ გამონაყარს, რომელიც ამ დაავადებას ახასიათებს. მთელი რიგი სპეციფიკაციებია და რა თქმა უნდა, მხოლოდ სისხლის სისტემურ დაავადებაზე არ გვაქვს საუბარი. პირველ რიგში ინფექციებზე გვაქვს საუბარი და ბოლოს გადავდივართ არასპეციფიკურ მიზეზებზე და სისხლის სისტემურ დაავადებებზე. როგორც სტატისტიკა და მტკიცებითი მედიცინა იძახის, ლიმფური კვანძების ავთვისებიანობა ნაკლებად იშვიათია ბავშვებში, ვიდრე მოზრდილებში.

ძალიან გავრცელებული მოსაზრებაა, რომ დაბალი იმუნიტეტის მქონდე, ხშირად მოავადე ბავშვებში ხშირად გვხვდება ლიმფური კვანძების გადიდება, რამდენად სწორია აღნიშნული მოსაზრება?
ეს არასწორია იმთავითვე და ბაზისურად, რადგან ხშირად მოავადე ბავშვების 50 %, აღმოჩნდა, რომ პრაქტიკულად ჯანმრთელია. 6 წლის შემდგომ მკვეთრად მცირდება ავადობის სიხშირე. დანარჩენ 50 %-ში პროცენტულობა შემდეგნაირად გადანაწილდა, 10-15 % ეს არის ატოპიის, ალერგიის მქონე ბავშვები. ხშირ შემთხვევაში რესპირატორული ნიშნები ძალიან ჰგავს ალერგიის ნიშნებს და პირველ ეტაპზე, ექიმსაც კი შეუძლია გაუჭირდეს მათი დიფერენცირება. ალერგიის ნიშნების და რესპირატორული ნიშნების დიფერენცირება მშობელს ნაკლებად შეუძლია, თუ მას გამოცდილება არ აქვს, ხშირ შემთხვევაში, ეს ექიმის პრეროგატივაა და ის იღებს გადაწყვეტილებას. ხშირად მოავადე ბავშვებში, რომელთაც აქვთ ატოპია და არიან 6 წლამდე ასაკის, უნდა გაიმიჯნოს, როდის არის ვირუსული ინფექცია და როდის ალერგიის გამწვავება. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ ავადობის სიხშირე გაცილებით უფრო მცირე იყოს, ვიდრე ატოპიის სიხშირე. შეიძლება იყოს ვირუსინდუცირებული ალერგიაც, რაც ყველაზე ხშირია ისევ და ისევ 5-6 წლამდე ასაკის ბავშვებში. ამ დროს, ბავშვს ალერგოლოგიური კვლევებით არანაირი ალერგია არ უდასტურდება, რაც ნიშნავს იმას, რომ მას შემდგომ ეს ალერგიული კომპონენტი არ გაჰყვება, რომ ეს ვირუსინდუცირებულია, ეს არის ვირუსული, ნებისმიერი გაციების ან გრიპის შემდგომი გახანგრძლივებული მიმდინარეობა.
მეორე 10-15 % გახლავთ სხვა დაავადებების მქონე ბავშვები, რაც განაპირობებს ხშირ ავადობას, მაგალითად, ბრონქიტებით, სინუსიტებით, ცისტური ფიბროზით და ა.შ. , რაც ისევ და ისევ რესპირატორული ტრაქტით ხშირ ავადობას განაპირობებს.
მხოლოდ 5-10 %-შია ლაბორატორიული კვლევებით დადასტურებული იმუნოდეფიციტი. იმუნოდეფიციტზე ეჭვის მიტანას თავისი სპეციფიკაცია აქვს. თუ ანტიბიოტიკის მოხმარება ძალიან ხშირია, ესეც დასაბუთებული და არა მშობლის მიერ, ახლობლის რჩევით დანიშნული. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ ანტიბიოტიკის დანიშვნას მთელი რიგი მყარი ჩვენებები აქვს. ასევე, თუ ბავშვს წლის განმავლობაში ხშირად აქვს ფილტვების ანთება, შუა ყურის ანთება, თუ არის ინტრავენური ანტიბიოტიკების საჭიროება, რადგან დასალევი ანტიბიოტიკებით იშვიათად გამოდის მდგომარეობიდან, თუ ოჯახური ანამნეზით არის უეცარი ან ნაადრევი სიკვდილი, ანუ მთელი რიგი ჩვენებების მიხედვით მიაქვს ექიმს ეჭვი იმუნოდეფიციტის შესაძლო არსებობაზე. აქტიურ, ენერგიულ, ფიზიკურად კარგი განვითარების მქონე ბავშვთან იმუნოდეფიციტების არსებობის ალბათობა ძალიან დაბალია.
როგორ მოვახდინოთ ხშირი ავადობის პრევენცია, როგორ გავაჯანსაღოთ იმუნური სისტემა?
ისევ სტატისტიკას დავუბრუნდები და გეტყვით, რომ თუ იმ 50 %-შია ბავშვი, როცა ატოპიური, ანუ ალერგიული ფონი არ არის, თუ ქრონიკული დაავადება არ არის, იმუნოდეფიციტი გამორიცხულია. იმ 50 %-ში, როგორც წესი, ეს არის მსუბუქად მიმდინარე რესპირატორული ინფექციები და მათი იმუნიტეტის „გამაგრება“ შესაძლებელია გრიპის სეზონური ვაქცინაციით, რომელიც თითქმის 50 %-მდე ამცირებს ავადობის სიხშირეს, არა მხოლოდ გრიპის ვირუსით, არამედ სხვა ვირუსებითაც. ამ შემთხვევაში, ყველაზე საშიშ ვირუსად გრიპის ვირუსი განიხილება, უფრო მეტად A ტიპის, ვიდრე B ტიპის. სხვათა შორის, ახლა უკვე დაიწყო გრიპის ვირუსის სეზონი და ხშირად არის ბავშვებში მაღალი ტემპერატურით, გულისრევით, ღებინებით, ზოგადი ინტოქსიკაციით. არსებობს გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტები, მაგრამ ამაზე აღარ შევჩერდები.
სხვა მედიკამენტები, რომლებიც იმუნიტეტის „გასამყარებლად“ გამოიყენება, კვლევების მიხედვით, მხოლოდ 10-15 %-ით ამცირებს ავადობის სიხშირეს, ანუ თუ ბავშვი 10-ჯერ უნდა გახდეს ავად, ავადობას 8-მდე შეამცირებს. არსებობს პლაცებო ეფექტიც, მშობლის განწყობა ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ სიტუაციაში. ნებისმიერი პრეპარატი, რომელიც ორგანიზმის გასაჯანსაღებლად არის მოწოდებული, იქნება ის თუთიის შემცველი, C ვიტამინის, ეხინაცეას თუ სხვა, რა თქმა უნდა, უხშირეს შემთხვევაში უსაფრთხოა და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. თუ დედას ამშვიდებს ამ პრეპარატების მიღება, აბსოლუტურად თავისუფლად შეიძლება მათი დაწყება, თუ ბავშვს კონკრეტულ კომპონენტებზე ალერგიული რეაქცია არ აქვს.