„მინდა, გაგიზიაროთ საიდუმლო! ცხოვრება ახალ ეტაპს მიმზადებს, და ყველა სირთულე რაც გამოვიარე ამ კარებში შესასვლელად მამზადებდა! ძალიან მალე ამერიკული ფილმის მსახიობად და მუსიკალურ დირექტორად მიხილავთ!“ – ასეთი სიახლე გაუზაირა რამდენიმე დღის წინ აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა მომღერალმა, ალექსანდრე ზაზარაშვილმა საკუთარ გამომწერებს.
fortuna.ge-სთან ისე უფრო ვრცლად საუბრობს ამ საინტერესო ამბის შესახებ და დეტალებს გვიმხელს.
ალექსანდრე, გილოცავთ სიახლეს თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში. მოგვიყევით უფრო ვრცლად, რა ფილმზეა საუბარი და ვინ მიგიწვიათ?
უღრმესი მადლობა დაინტერესებისთვის. რაც შეეხება ფილმს, ჩიკაგოდან ჩამოდის ჯგუფი, რომელიც მუშაობს მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმებზე, მათ შორის მუნჯ კინოზეც. აქვთ „ნეტფლიქსსა“ და სხვა დიდ სტრიმინგ პლატფორმასთან კონტრაქტები. ჩემთან თანამშრომლობის ინტერესი გამოთქვეს. ჩემი ახალი ფოტოსესიიდან რილსი ავაწყვე და სწორედ ამ რილსის ნახვის შემდეგ დამიკავშირდნენ, ზუსტად ასეთი ტიპაჟი წარმოგვედგინა როლზეო და დამამტკიცეს.
აღნიშნავთ, რომ არა მხოლოდ მსახიობად, არამედ მუსიკალურ დირექტორადაც მოგვევლინებით. უფრო კონკრეტულად რომ გვიამბოთ, რას ნიშნავს ამ კონკრეტულ შემთხვევაში მუსიკალური დირექტორობა და რა უფლება-მოვალეობები გექნებათ?
მართალია, მსახიობად დამამტკიცეს, მაგრამ როდესაც სცენარი წავიკითხე, მივხვდი, რომ მას ძალიან მოუხდებოდა ჩემი რამდენიმე სიმღერა. პროდიუსერ გოგონას გავუგზავნე ჩემი სიმღერა, ძალიან მოეწონათ და გადაწყვიტეს, რომ ფილმის საუნდტრეკად აუცილებლად გამოოყენებენ.
ამერიკაში წარმატების მიღწევა რასაკვირველია არ არის ადვილი – მსახიობობა თქვენი კიდევ ერთი პროფესიაა, მომღერლობასთან ერთად? როგორ დაინტერესდით ამ სფეროთი?
სიმართლე რომ გითხრათ, ხელოვნების სხვადასხვა ასპექტით მუდამ ვიყავი დაინტერესებული. ეს იქნება მუსიკა, მსახიობობა, ცეკვა, თუ ნებისმიერი რამ, რასაც თავად მე ხელოვნებად აღვიქვამ, ბავშვობიდან მაინტერესებდა. საქართველოს დონეზე მსახიობობის მცირე გამოცდილებაც მაქვს მიღებული, ეპიზოდურ როლებში მონაწილეობა მაქვს მიღებული. სერიოზულ პროფესიად არ მიქცევია ჯერ, მაგრამ იქნება, იმედი მაქვს. ჩემი ოცნება კი ისაა, რომ ვიყო კინორეჟისორი და ჩემი სიმღერები გამოვიყენო საუნდტრეკებად. რეჟისორობა ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა და იმედი მაქვს, რომ ამ მხრივაც მივაღწევ წარმატებას.
რა ხდება მუსიკალური კარიერის კუთხით?
ბევრი რამ ხდება ამ მხრივ, უამრავი გულშემატკივარი მყავს, უხარიათ წარმატებები და მინდა გავაგებინო, ხმამაღლა ვიყვირო, მაგრამ ჯერ არ შემიძლია. ძალიან მალე გამოდის ჩემი ახალი სიმღერა, რომელსაც უკავშირდება გრანდიოზული სიახლე. სიმღერა არის ძალიან პერსონალური, ჩემს გულისტკენასთან დაკავშირებით დავწერე, რომელიც სიყვარულთან არის დაკავშირებული…
ბოლო პერიოდი საკმაოდ რთული გქონდათ – ძმის გარდაცვალების შემდეგ გამოიყვანეთ თავი მდგომარეობიდან, რა ან ვინ დაგეხმარათ ყველაზე მეტად და ახლა რა ეტაპია თქვენს ცხოვრებაში?
ბოლო პერიოდი ნამდვილად ძალიან რთული მქონდა ყველა ასპექტში. წინა ზაფხული იყო ყველაზე ბედნიერი, რაც ჩემს ცხოვრებაში ყოფილა. მე ოჯახის ტიპი ვარ და ექვსი წელი ოჯახის გარეშე გავიზარდე… იმ ზაფხულს, რომელიც ვახსენე, ჩემს დაბადების დღეს ოჯახთან ერთად შევხვდი და ვფიქრობ, რომ ყველაფერი მქონდა, რაც ადამიანს ბედნიერებისთვის სჭირდებოდა… ძალიან მადლობელი ვარ ღმერთის. შემდეგ იყო ეს ტრაგედია, რაც დაგვატყდა თავს, ჩემი ძმის გარდაცვალებას ვგულისხმობ… არ ვიცი, რამ გამომიყვანა ამ მდგომარეობიდან და ისიც ზუსტად ვიცი, რომ ჯერ ამ მდგომარეობიდან არც გამოვსულვარ. უბრალოდ, სხვა გზა არ მაქვს, ჩემს თავს უნდა შევებრძოლო, რომ ძლიერი ვიყო და ჩემს დებს გვერდში დავუდგე, მივცე მეტი საშუალება ცხოვრებაში. ეს მიზანი მაძლიერებს. კიდევ ერთი რთული პერიოდი უკავშირდება იმას, რაზეც სიმღერა დავწერე – მე და ჩემი შეყვარებული დავშორდით ერთმანეთს. ეს პერიოდიც ძალიან რთულად გადავიტანე… ამის მიუხედავად, ჩემი ცხოვრება ამოძრავდა, კარიერულად წინ მივდივარ, ბევრი შესაძლებლობა გაჩნდა. როცა რამე ცუდი მოხდება, ღმერთს ვესაუბრები და მისი მჯერა. თუკი რაიმე ცუდი მოხდება, მინდა ვიფიქრო, რომ ალბათ ასე იყო საჭირო… როცა ეს გაქვს გააზრებული, გეხმარება ადამიანს, დეპრესიაში არ ჩავარდე. ეს ძალიან რთული პროცესია, ზოგჯერ ფიქრობ, რომ ამით საკუთარ თავს ამხნევებ, მაგრამ მერე მინიშნებებით ცხოვრებაში ხვდები, რომ სწორ გზაზე დგახარ. მინდა, ჩემს თავს მეტი სტიმული მივცე, ჩემი ახლობელი ადამიანების გამო, რომ წინ ვიარო და მეტი გავაკეთო…