LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოულოდნელად შეიძლება გითხრას, – „ჩაალაგე, მივფრინავთ!…“ – კობა ჭეფხოძისა და ლელუკა თელიას 22-წლიანი სიყვარულის ამბავი

2978
კობა-ჭეფხოძე1

თეატრალურის კვარტეტის“ წევრის, კობა ჭეფხოძე-შემოქმედელისა და მსახიობისა და მომღერლის, ლელუკა თელიას ოჯახური ტანდემი უამრავ წელს ითვლის, მეგობრობა კი გაცილებით ადრე დაიწყეს, ისინი 22 წელია, ერთმანეთს იცნობენ. მათი შვილები, მაშკა და დუდუ უკვე 11 და 13 წლის არიან. ლელუკა და კობა არა მხოლოდ ოჯახში, არამედ სცენაზეც შეხმატკბილებული წყვილია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ახლახან ახალი სიმღერა ჩაწერეს და საახალწლოდ კლიპიც გადაიღეს. კობა სულ აგულიანებს მეუღლეს, რომ სასიმღერო კარიერას უფრო აქტიურად მიხედოს… წყვილი ახლახან ახალ სახლში გადავიდა, სადაც ჩვენი ფოტოსესია შედგა.

თქვენი ერთობლივი სიმღერით დავიწყოთ, რომელიც ლილიკო ნემსაძემ დაგიწერათ…

ლელუკა თელია:

ექსპრომტად, სპონტანურად დაიწერა ჩვენთვის… ჩაწერისთვის გვჭირდებოდა სიმღერა და კობამ დაურეკა ლილიკოს, რამე ხომ არ გაქვს, რომ გავაცოცხლოთო, ძველ სიმღერას გულისხმობდა. ლილიკომ, ერთი წუთითო, დაგვირეკა ზუსტად საათნახევარში და ახალი სიმღერა თავისი ტექსტით მოგვასმენინა. ნანა ცინცაძე ამ დროს სუფრაზე ყოფილა, გასულა აივანზე და დაუწერია ლექსი ჩვენი სიმღერისთვის…

ეს კომპოზიცია 15 წუთში ჩავწერეთ სტუდიაში. შემდეგ გადავიღეთ კლიპი მეგობრებთან ერთად. იდეის ავტორი გახლდათ ანი კავლელიშვილი. ძალიან კარგი სიმღერა გამოვიდა, მელოდიური და პოზიტიური. ახალი წელიც არის, ზამთარიც, რომანტიზმიც, ბევრი რამ დევს ამ სიმღერაში. მანამდეც გვქონია რამდენიმე ერთობლივი დუეტი, ლილიკოსაც დაუწერია ჩვენთვის და დათო არჩვაძეს, ამ მხრივ ფუფუნება ნამდვილად გვაქვს, ბევრი კომპოზიტორი გვჩუქნის სიმღერას. მინდა, ყველა მათგანს მადლობა გადავუხადო და საჯაროდ დავდო პირობა, რომ აუცილებლად ჩავწერთ, რაც ჩვენთვის შეიქმნა და გვაჩუქეს.

სიმღერის მიღმა როგორია თქვენი რომანტიზმი? რამდენი წელია, რაც ერთად ხართ?

22 წელია, ერთმანეთს ვიცნობთ. მეგობრებიც ვიყავით და რაღაც-რაღაცებიც ხდებოდა (იღიმის). 14 წელია, რაც ცოლ-ქმარი ვართ. ხან ისეა, ხან ასე, არის შავი და თეთრი ზოლებიც. მაინც სულ ვცდილობთ, ხელჩაკიდებულებმა ვიაროთ, ცხოვრება ხომ იცით, როგორია? ვიცით, რომ ყველგან არსებობს გარკვეული რუტინა, მაგრამ როცა ცდილობ მის გამრავალფეროვნებას, ყველაფერი გამოდის. ეს კობას თვისებაა – მოულოდნელად შეიძლება გითხრას, – „ახლა ჩაალაგე, მივფრინავთ!…“ ბათუმიდან ჩამოვედით და მეგონა, დასრულდა ჩვენი დასვენება, მაგრამ დამირეკა, ოთხ საათზე საფრანგეთში მივფრინავთო.

კობა როგორი მეუღლეა?

გურულია, აფეთქდება, უცებ შეიძლება გაბრაზდეს, გაღიზიანდეს, მაგრამ ძალიან მალე არაფერი ახსოვს. მე უფრო სხვანაირი ვარ. მაქვს კახური და უკრაინული გენები და მოქმედებს, კობა კი მთლიანად გურულია. ეს ბალანსის თემაში გვეხმარება.

და ბავშვებზე როგორ აისახა ხასიათების განსხვავება?

მაშკა უფრო მე მგავს, დუდუ ტიპური გურულია.

გარეგნულად უფრო მამისკენ არიან?

სულ ვამბობ, რომ ჩემი შვილები ჩემთან ჩავლით არიან, გარეგნულად არც ერთი არ მგავს (იცინის). მაშო სულ მეუბნება, მინდა, შენ გგავდეო. როგორც ყველა დედას, მეც ძალიან მომწონს ჩემი შვილები, ორიგინალური გარეგნობა აქვთ. კარგი ბუნების ბავშვები არიან. მაშკა არის ღირსეული, კარგი თვისებების მატარებელი, უფრო მეტად თავშეკავებულია, რასაც ვერ ვიტყვით დუდუზე (იღიმის). მასზე ანეკდოტი მახსენდება, ერთი ბავშვი რომ ჰყავთ და იმდენს დარბის, რამდენიმე ჰგონიათ, ზუსტად ეს არის დუდუ. დუდუ მამას ჰგავს, უფრო ახალგაზრდა ასაკში სახლში ყოფნა დიდად არც მას უყვარდა, დუდუსაც სულ გარეთ უნდა და მეგობრებთან ერთად, მაგრამ რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად სწავლობს.

კობა ძალიან დაკავებულია, მუდმივად კონცერტებზეა ან გადაღებებზე, ბავშვების აღზრდის ნაწილში უფრო მეტად ხარ ჩართული ალბათ…

მთლიანად ოჯახი ვართ ჩართულები, მეც, კობაც, ჩემი ძმა, დედა. როდესაც დედ-მამა ზრდის ბავშვებს, მარტივად არის საქმე, ჩემ შემთხვევაში, ჩემი ძმა სხვანაირად ხედავს ბავშვების აღზრდას, ჩემს ოჯახში უფრო სიმკაცრეა, კობას მხარეს, უფრო სირბილე. დედაჩემს სულ ვეუბნები, რომ ამ დროის ბავშვები ათზე აღარავინ იძინებენ. დუდუ არის 13-ის, მაშკა – 11-ის. ღირსეულები, წესიერები და განათლებულები მინდა იყვნენ და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის მეც, მამამისიც, მთელი ოჯახი. ჩვენთვის პრიორიტეტულია ის, რომ ბავშვებს მივცეთ კარგი განათლება, იყვნენ ზრდილობიანები… სულ ვეუბნებით, შეიძლება, ადამიანი იყოს ძალიან განათლებული, მაგრამ თუ ხარ უზრდელი და უღირსი, განათლებას ფასი არ აქვს.

ბავშვებთან სიმღერის ამბავში რა ხდება?

მღერის ორივე. ორივეს, სხვათა შორის, უყვარს ჯაზი და თავიანთი გემოვნებით რთავენ მუსიკას. ამბობენ, თბილისს როგორ უხდება ჯაზი, ზაფხულს, ზამთარს, შემოდგომას, გაზაფხულს, ყველაფერს უხდებაო (იღიმის). მუსიკალურ განათლებას ვერ ვაძლევ, რადგან არც ერთს არ სურს. დუდუ ძალიან კარგად მღერის და საინტერესო მუსიკასაც უსმენს. მგონია, რომ გაიზრდება, მუსიკალურ სფეროს უფრო სხვანაირად, სერიოზულად შეხედავს. მინდოდა, მათ მუსიკაზე ევლოთ, მაგრამ სამწუხაროდ, არც ერთს არ უნდა. ჩვენს ოჯახში ყველას აქვს მუსიკალური განათლება, შვიდწლედი მეც დამთავრებული მაქვს.

ახლახან გადახვედით ახალ სახლში… როგორ მოიწყვეთ თქვენი ბუდე?

საწყის ეტაპზე ყველაფერი კობამ გააკეთა. ძალიან მიყვარს რემონტის პროცესი, მაგრამ კობამ მთლიანად დაანგრია სახლი და ე.წ. შავ კარკასამდე მიიყვანა. როგორც კი ყველაფერი გაკეთდა, სახლის მოწყობა უკვე მე მომანდო. შენ გააკეთე, როგორც გინდაო. მე მარტო ვერ არ მიმიღია გადაწყვეტილებები, ყველაფერი კობას შევუთანხმე. ჩვენი გემოვნება ამ მხრივ ემთხვევა, არ ყოფილა შემთხვევა, რაღაც მომწონებოდა და კობას ეთქვა, არ მინდაო. ძველი ნივთები წამოვიღეთ სახლიდან, რადგან მიმაჩნია, რომ ძველ ნივთებს სხვა სული აქვს. დიდი დატვირთვა აქვს იმ ყველაფერს, რასაც დიდი ბებიები და ბაბუები იყენებდნენ, ოჯახს სხვა სიღრმესა და ელფერს აძლევს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენს სახლში ყველაფერი ძველია, ახლებსაც ვურევთ. ჯერ ბოლომდე არ დაგვიმთავრებია. უფრო არეული სტილი გვაქვს, მომწონს ახალი და ძველი ერთად. კობა მეუბნებოდა, ძალიან მინდოდა, ყველაფერი შენი გქონოდა და მგონი, გამომივიდაო. ამაყობს ამით. გარდერობზე აკეთებდა აქცენტს… ხომ გინდოდა დიდი გარდერობი, მარტო შენი რომ იყოსო…

„თეატრალურის კვარტეტის“ ცხოვრებაში ბევრი რთული პერიოდი ყოფილა, მათ შორის, ფინანსების ნაკლებობისაც და ეს ყველაფერი ერთად გამოიარეთ…

კობამ ყველაფერი მართლაც ნულიდან დაიწყო, შრომით, ნიჭით, მონდომებით და მერე ყველაფერი ერთად შევქმენით. ძალიან რთული პერიოდები გავიარეთ, არა მარტო ჩვენ, არამედ ბევრმა სხვა ოჯახმაც. ეს ყველაფერი გადავლახეთ ჩვენი ოჯახის წევრების დახმარებით და რა თქმა უნდა, ჩვენი ძალებით.

სიმღერა რატომ არ არის აქტიურად შენს ცხოვრებაში?

რაც ბავშვები გაჩნდნენ და ოჯახს მოვეკიდე, სიმღერამ გადაინაცვლა სხვა საფეხურზე. პროფესიით მსახიობი ვარ და ჩემდა სამწუხაროდ, თეატრში არ ვარ, მაგრამ სიმღერა ყველაზე ძალიან მინდა. კობა სულ მეუბნება, რომ რადგან ბავშვები უკვე გაიზარდნენ, სცენას უფრო აქტიურად უნდა დავუბრუნდე.

რა არის ის, რაც საოცნებო დაგრჩა?

სიმართლეს ვიტყვი, საოცნებო ისაა, რომ ჩემი სამშობლო იყოს დამშვიდებული დაწყნარებული, გაერთიანებული და ჩემმა შვილებმა ღირსეულ ქვეყანაში იცხოვრონ… მათი თაობა იყოს განათლებული და ღირსეული. ჩვენი ქვეყანა, რომელმაც ამდენს გაუძლო და ამდენი გამოვიარეთ, ბოლოს და ბოლოს იყოს გამარჯვებული და მყარად მდგარი… ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. გარდა ამისა, მინდა, რომ ადამიანები ურთიერთობებს გაუფრთხილდნენ და ვისურვებდი, რომ ხიდჩატეხილობა აღარ იყოს…

ფოტო: დათუნა აგასი

magti 5g