იაპონური ავტოკომპანია Honda ჩინეთში წარმოების შემცირების შესაძლებლობას განიხილავს. სააგენტო Reuters-ის ცნობით, საუბარია ორ საწარმოზე, რომლებიც ბენზინზე მომუშავე ავტომობილებს აწარმოებენ. გადაწყვეტილება დაკავშირებულია ჩინეთის ბაზარზე გაყიდვების კლებასთან და ადგილობრივი ელექტრომობილების მწარმოებლების მზარდ პოპულარობასთან.
პირველი შესაძლო დახურვა შეეხება საწარმოს, რომელიც Guangzhou Automobile Group-თან (GAC) ერთობლივი პროექტის ფარგლებში ფუნქციონირებს. არსებული ინფორმაციით, GAC Honda-ს ერთ-ერთმა ქარხანამ მუშაობა შესაძლოა უკვე ივნისში შეწყვიტოს.
კომპანია ასევე განიხილავს კიდევ ერთი საწარმოს დახურვას, რომელიც Dongfeng Motor Group-თან თანამშრომლობით არის შექმნილი. აღნიშნული ქარხანა, სავარაუდოდ, მომდევნო წელს დაიხურება.
ამჟამად Honda ჩინეთში ოპერირებს მხოლოდ პარტნიორულ სტრუქტურებზე დაყრდნობით და ჯამში ექვს საწარმოს მართავს – მათ შორის როგორც შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების, ისე ელექტრომობილების წარმოებისთვის.
გეგმების განხორციელების შემთხვევაში, ბენზინზე მომუშავე ავტომობილების წარმოება თითქმის ორჯერ შემცირდება, დაახლოებით 960 ათასიდან 480 ათას ერთეულამდე წელიწადში. მთლიანობაში, კომპანიის წარმოების მოცულობა 1.2 მილიონიდან დაახლოებით 720 ათას ავტომობილამდე დაიკლებს.
კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე დამატებით ზეწოლას ახდენს შედეგების გაუარესებაც – ბოლო მონაცემებით, Honda-ს ოპერაციული მოგება 60%-ზე მეტით შემცირდა. მიზეზებად სახელდება ელექტრომობილების მიმართულებით გაზრდილი ინვესტიციები და რესტრუქტურიზაციის ხარჯები.