რატომ ვერ ვაკონტროლებთ თავს როცა ვნერვიულობთ – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა თეო გუბიანურმა ისაუბრა.
როგორ რეაგირებს სტრესულ სიტუაციაში თქვენი ტვინი?
გქონიათ შემთხვევა, კამათისას, როცა ზუსტად იცით, რომ გაჩუმება ჯობს, მაგრამ მაინც აგრძელებთ და შემდეგ ნანობთ? ან, როცა ძალიან დაღლილი ხართ და უეცრად ისეთ გადაწყვეტილებას იღებთ, რომელსაც ნორმალურ შემთხვევაში ზუსტად იცით, რომ არ მიიღებდით? ან, როცა ნერვიულობთ და თითქოს ტვინი გეთიშებათ, უმარტივეს რაღაცასაც კი ვერ ფიქრობთ? – ეს არ ხდება იმიტომ, რომ თქვენ სუსტი ნებისყოფა გაქვთ, ამის მიზეზი ბიოლოგიაა.
სტრესულ სიტუაციებში ჩვენი ტვინის „მოაზროვნე“ ნაწილი ისვენებს და კონტროლს იღებს უფრო პრიმიტიული სისტემა, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენ გადარჩენაზე.
საფრთხეზე ადამიანს უაქტიურდება ცნობილი „იბრძოლე ან გაიქეცი” რეაქცია – რას ნიშნავს ეს? სტრესორზე საპასუხოდ ჩვენ გადავდივართ საფრთხის მოლოდინის რეჟიმში და ორგანიზმი ემზადება საპასუხო რეაქციისთვის – ან უნდა შეებრძოლოს მას, ან განერიდოს, ან გაირინდოს – ამ დროს ორგანიზმის მთლიანი რესურსი და ენერგია მიმართულია მობილიზებისკენ და ბუნებრივია აღარ რჩება ენერგია მაღალგანვითარებული სისტემების ასამუშავებლად (აზროვნებისთვის), ერთია რომ ენერგია არ რჩება, მეორე – არც სჭირდება.
წარმოიდგინეთ თქვენს ორგანიზმში განგაშია – გარემოში საფრთხეა – და ამ დროს ყველა სისტემა ელოდება ტვინის მაღალგანვითარებულ უბნებს, რომ მიიღოს დაამუშაოს, გაანალიზოს ინფორმაცია და მოიფიქროს საპასუხო რეაქცია – მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით საკმაოდ სწრაფად ხდება ეს ყველაფერი, საკმაოდ დიდი დრო მიაქვს;
შესაბამისად, ასეთი აქტივობა ითრგუნება და მუშაობს მხოლოდ საბაზისო ფუნქციები. განგაში როცა გადაივლის, შემდეგ ვიწყებთ ფიქრს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ – ჯერ ვმოქმედებთ, შემდეგ ვაზროვნებთ.
ასეთი რეაგირება არ ნიშნავს, რომ სუსტები ვხდებით, უბრალოდ ვხდებით ბიოლოგიურები. არც იმას ნიშნავს რომ საკმარისად ჭკვიანები და რაციონალურები არ ვართ – რადგან ზოგადად არც იმდენად რაციონალურები ვართ, როგორც გვგონია – ტვინის მოაზროვნე ნაწილი ბევრად პატარაა ვიდრე ევოლუციური, ემოციური ნაწილი.

შეიძლება გავივარჯიშოთ და გამოვიმუშაოთ ეს უნარი?
თუმცა, არის უნარი, რომლის გავარჯიშებითაც შეგვიძლია ჩვენ ქცევაზე გარკვეული კონტროლის მოპოვება. ამას თვითრეგულაციას ვეძახით, ანუ მაშინ როდესაც იმპულსები გვიბიძგებს ქცევისკენ, შევაჩეროთ ჩვენი თავი, იქამდე სანამ იმპულსის ინტენსივობა დაიწევს. მაგალითად, კამათისას მინდა სასწრაფოდ დავუბრუნო პასუხი, მაგრამ ვჩერდები, ვაცდი ემოციას რომ დაიკოს და შემდეგ უკვე გააზრებულად ვპასუხობ. ეს უნარი გამომუშავებადია.