საქართველოს მასშტაბით იზრდება საკარანტინე ზონების რაოდენობა. თბილისის და ბათუმის შემდეგ, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში საკარანტინო ზონა შეიქმნა. ჰოსპიტალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პაციენტები გადანაწილდნენ სხვადასხვა კლინიკაში. სამხედრო ჰოსპიტალში საკარანტინო ზონაა მოეწყობილი და მზადაა საჭიროების შემთხვევაში, პაციენტები მიიღოს.
სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული პაციენტების ნაწილის რეფერირება გორში, კლინიკა „გორმედში“ განხორციელდა. „გორმედის“ ქსელის დირექტორი ვასილ ჭეიშვილი აცხადებს, რომ შექმნილია სტრატეგიის მართვის კომიტეტი, შემუშავებულია კონკრეტული სქემები და ყველა ექიმი მოქმედებს შესაბამისი რეკომენდაციებით.
„გორმედის“ ქსელის ყველა კლინიკა უზრუნველყოფილია შესაბამისი სამკურნალო საშუალებებით, აპარატურული მხარდაჭერით და ადამიანური რესურსით, რომ კვალიფიციურად მოხდეს პაციენტების მართვა. შექმნილია სტრატეგიის მართვის კომიტეტიც და შემუშავებული გვაქვს სქემები იმ შემთხვევისთვის, თუ, ვთქვათ, თვითდინებით შემოვა ვირუსულ ინფექციაზე საეჭვო პაციენტი. ამ დროისთვის პაციენტების განსაკუთრებული მომართვიანობა არ ფიქსირდება. მუშაობას ვაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში. სტაციონარში მოთავსებული პირების ახლობლებისთვის განსაზღვრულია მონახულების გარკვეული საათები. დარეგულირებულია საკვების და პირადი ნივთების მიწოდების საკითხიც“, – აცხადებს „გორმედის“ ქსელის ხელმძღვანელი.
იტალიიდან დაბრუნებულ 8 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდა, კიდევ 8 პაციენტის ტესტის პასუხი დღეს გახდება ცნობილი
რაც შეეხება დედაქალაქს, ამ დროისათვის ლუგარის ლაბორატორიიდან 8 პაციენტის ანალიზების პასუხს ელოდებიან. ინფექციურ საავადმყოფოში განთავსებული პაციენტები ყველა საქართველოს მოქალაქეა.