LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არ უნდა გახდეს სამხედრო მოსამსახურეების და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების სტიგმატიზაციის საბაბი“ – რას წერს არჩილ მარშანია

199
არჩილ მარშანია

ექიმი რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია საგარეჯოში მომხდარ თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ექიმი პოსტ-ტრავმულ სტრესულ აშლილობაზე წერს და ფსიქიკური აშლილობის შესახებ არსებულ სტიგმებზე ამაცვილებს ყურადღებას.

არ მგონია, რომ პოსტკონფლიქტური სინდრომის შედეგია – მისია გაიარა 30 ათასზე მეტმა ადამიანმა, ასეთი შედეგი არ გვქონია – გენერალი გიორგი სურმავა საგარეჯოში მომხდარ თავდასხმაზ

ამასთან, არჩილ მარშანია საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებაზე უყვება:

„PTSD ანუ პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა, შეიძლება დაემართოს ყველას, ეს არ არის ექსკლუზიურად სამხედრო მოსამსახურეების პრობლემა:

ამ ტრაგიკულმა მოვლენებმა, ბევრ რამეზე გვალაპარაკა და დაგვაფიქრა, მათ შორის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დაზუსტებით არავინ იცის ფსიქიკურ აშლილობას რა როლი ჰქონდა ამ შემთხვევასთან, რადგან არსებული ინფორმაციით, ყველა ნიშანი და საფუძველი გამოიკვეთა ვარაუდისთვის, ამას მოყვა ის, რომ ბევრი დაიწერა პოსტ ტრავმულ სტრესულ აშლილობაზე.

ამ სტატუსში არა დანაშაულზე (რასაც თავიდანვე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ, რაღა თქმა უნდა, ვერაფერი და ვერავინ გააბათილებს), არამედ ამ ფსიქიკური აშლილობის შესახებ მინდა ვისაუბრო სიტგმის და ცნობიერების ამაღლების კუთხით.

თან ჩემი რამდენიმე მეგობარი, რომელიც სამხედროა, საუბრობდნენ სტიგმატიზაციაზე და მათ მხარდასაჭერად და ცნობიერების ასამაღლებლად მე ჩემს ისტორიასაც მოგიყვებით.

ვიმედოვნებ, ესეც მცირე წვლილი იქნება სტიგმის მოსაშორებლად და, რაც მთავარია, იქნებ მომავალში, ვინ იცის, შემზარავი და უპატიებელი დანაშაულები ავირიდოთ თავიდან, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისადმი სწორი მიდგომით და სწრაფი პრევენციით.

2008 წელს კატასტროფის მედიცინის ცენტრში ვმუშაობდი, ღუდუშაურში.

აგვისტოში როდესაც პირველი შეტაკებები დაიწყო, შვებულებაში ვიყავი, იმ დღეს ავედი თიანეთში, ეს ამბავი რომ გავიგე, მაშინვე გამოვბრუნდი უკან და მივედი სამსახურში. ჩავეწერე მსურველთა სიაში მთავარ ექთანთან და მეორე დღეს წავედით ფრონტის უკანა ხაზზე, საველე ჰოსპიტალში, ტყვიავში.

პირველი შოკი იყო გორში შესვლა, აფეთქებული ბენზინგასამართი სადგური, შენობებზე ცეცხლი, ქუჩებში პანიკა და მოკლედ ის რამდენიმე წამი იყო რომ ყველამ რეალურად გავიაზრეთ სად ვიყავით და სად მივდიოდით.

მერე იყო ის რამდენიმე დღე, სადაც ბევრი რამე ვნახე:

– გზაზე რომ მივდიოდით, ჩვენ გარშემო ბომბების ცვენა, ქაოსი ქუჩებში, უამრავი დაჭრილი, დასახიჩრებული და გარდაცვლილი ადამიანი, რამდენიმე ათასი ტრანსპორტირებული პაციენტი, მათ შორის, პირადად ჩემი მონაწილეობით რამდენიმე ათეული ალბათ თუ ასეული არა, როგორც შიდაჰოსპიტალური, ისე რეგიონულ გზებზე, საველე ჰოსპიტლის აწყობა, ველზე ქირურგიული ჩარევები, ძალიან ბევრი სისხლი და ყვირილი, თხრილებში წოლა და საკაცეზე ძილის მცდელობები…

– ტყვიავიდან ერთ-ერთ გამოსვლაზე, შუღამით ტრასაზე გამოსვლის წინ გაგვაფრთხილეს შუქები არ აანთოთ, გვესვრიანო და უკუნ სიბნელეში, მძღოლი „დალნებს“ აანთებდა რამდენიმე წამი, იმახსოვრებდა გზას, გაივლიდა მერე ისევ აანთებდა და ასე ვმოძრაობდით ბედის ანაბარა.

– მერე უკან დახევა და ევაკუაცია, გზაზე ხალხის დამატება, ქუჩაში ყვირილი რომ ჩვენც გაგვიყოლეთო და ა.შ.

იმ დროს მობილიზაციის მეტს არაფერს ვგრძნობდი, პირიქით, ჩემს ძმას დავურეკე ჩამოდით ომი დაიწყო და მიდით რეზერვში-მეთქი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თითქოს მთელი ცხოვრება ასე ვიყავით.
რამდენიმე დღეში წონაში ისე დავიკელი, რომ ჩემმა უახლოესმა ძმაკაცმა, უკან დაბრუნებულზე, ოთახში ვიწექი და რომ შემოვიდა, ვერ მიცნო.

ხო და,  მოკლედ რომ დამთავრდა ეს ყველაფერი, დავბრუნდით, სამსახურის უფროსმა გაგვიშვა ყველა სახლში დასასვენებლად ვინც იმ დღეებში ტყვიავისკენ ვიყავით და მორიგეობები გადავაბით.

როგორც კი გამოვედი კლინიკიდან, აი მაშინ დაიწყო ყველაფერი, თითქოს აზრზე მოვედი და მერე გავაანალიზე რა ხდებოდა.

ვერ დავიძინე, ხმები მესმოდა და სისხლის სუნს ვგრძნობდი, ჩამთვლემდა თუ არა, ხან თვითმფრინავის ხმა მესმოდა, ხან სროლების, მერე ჩავედი მაღაზიაში არაყი ვიყიდე, დავლიე, წამალი მივაყოლე, მერე ლუდი (⚠️არავითარ შემთხვევაში არ გამიეოროთ ეს, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, და შეიცავს საფრთხეს. ამბავს ვყვები და არა მაგალითს⚠️), ცოტა ჩამეძინა მაგრამ მერე გამეღვიძა ისევ
– მერე იმას ვფიქრობდი ჩემ ძმას რომ რამე მოსვლოდა ხომ ჩემი ბრალი იქნებოდა-მეთქი, მერე ჩემი ძმაკაცის ხმა მესმოდა წამდაუწუმ,
მოკლედ ვერ დავლადგი და გავბრუნდი ისევ სამსახურში, მერჩივნა რაღაცა მეკეთებინა და ხალხში ვყოფილიყავი.

თუმცა იქაც ვერაფერი გავაკეთე, აი ბავშვობიდან ექიმობა მინდა და ამის მეტი არაფერი მიკეთებია და აღმოვაჩინე რომ სისხლის სუნს და დანახვას ვეღარ ვგუობდი, დავდიოდი აღმა-დაღმა ეგრე, ვერ ვეკარებოდი მძიმე პაციენტს.

მერე ტელევიზორს ვეღარ ვუყურებდი, ინტერნეტიდან დისნეის მულტფილმები ჩამოვტვირთე დისკებზე და იმას ვუყურებდი მარტო, მეტს არაფერს. მერე ჩემ მასწავლებელს, ექიმს ველაპარაკე ამ პრობლემაზე, იმან დამარიგა რაღაცები, და მოკლედ ასე იყო და ნელ-ნელა გაიარა მალევე, აღარ დამჭირვებია რამე მნიშვნელოვანი ინტერვენციები ან კონსულტაცია.

თუმცა მეორე ე.წ. flashback მქონდა უკრაინის ომი რომ დაიწყო.
პირველი 2 კვირა დაახლოებით, იგივე შეგრძნებები მქონდა, დაძაბული ვიყავი, სულ მეგონა რომ რაღაც უნდა გავაკეთო, რაღაცას რომ ვწერდი ან ვაკეთებდი წამოვდგებოდი და ვიწყებდი ბოლთის ცემას და ფიქრს – რა ვქნათ?!

მაგრამ აზრზე რომ მოვიდოდი, ვხვდებოდი, რომ რა უნდა ქნა, რა გინდა რო ქნა, შენ რა შუაში ხარ საერთოდ?!

სისხლის სუნიც დაბრუნდა ერთი-ორ ეპიზოდად, თუმცა კოშმარები არ მესიზმრებოდა და ბოლოს გადაიარა.

ეს იყო (არის) მსუბუქი PTSD, თუმცა ყველას ასე არ არის სამწუხაროდ, მძიმე შემთხვევებიც არსებობს.

მოკლედ, ის რომ სამხედრო ვეტერანებში მომატებული რისკია და თუნდაც ეს შემთხვევა ჯერჯერობით დაუდასტურებლად, თუმცა მაღალი ალბათობით, შესაძლოა დაკავშირებულია PTSD-სთან (პოსტ ტრავმულ სტრესულ აშლილობა), ეს არ უნდა გახდეს სამხედრო მოსამსახურეების და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების სტიგმატიზაციის საბაბი.

(‼️კიდევ ერთხელ ხაზი რომ გავუსვათ, აქ ცხადია არ არის იმაზე საუბარი, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები დანაშაულს აბათილებს, ან დამნაშავის რომანტიზებას ემსახურება, არანაირად‼️):

ერთი იმიტომ, რომ ყველას შეიძლება დაემართოს ეს და საომარი მოქმედებების გარდა, ბევრი სხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს;

მეორე იმიტომ, რომ არათუ სამხედრო სამსახური, თუნდაც საომარ მოქმედებებში ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ყველას დაემართება მსგავსი რამ;

და მესამე, უბრალოდ PTSD-ს როგორც მოვლენას, უნდა შევხედოთ სხვანაირად, ეს არის პრობლემა და ამაზე ადამიანები უნდა საუბრობდნენ ხმამაღლა და არსებობდეს ადეკვატური სისტემა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად.

სამხედრო მოსამსახურეებისთვის მომატებული რისკი კი, ეს არის ის მძიმე საფასური, რასაც მათი რაღაც ნაწილი იხდის სამშობლოს და ჩვენი სამსახურისთვის.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, არ უნდა გახდეს სტიგმატიზაციის და ადამიანების გარიყვის საბაბი, არამედ ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში, თუ შევამჩნევთ რაიმე სიმპტომს ჩვენს ნაცნობ ადამიანს, მას უნდა ვურჩიოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მივიდეს სპეციალისტთან და მკაფიოდ ავუხსნათ, რომ არ ტეხავს ექიმთან მისვლა, არ ტეხავს ფსიქოლოგთან მისვლა, არ ტეხავს ფსიქიატრთან მისვლა და ა.შ.

რაც მთავარია, სახელმწიფოს უნდა მოვთხოვოთ ადეკვატური სერვისების არსებობის შესახებ.

სიმპტომები და ზოგადად PTSD-ს მოკლე განხილვა შეგიძლიათ ნახოთ აქ:
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=486280127016765&id=100069043451685&mibextid=Nif5oz

ძალიან ვწუხვარ და ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს.
ჯანმრთელობას და უსაფრთხო ქვეყანაში ცხოვრებას გისურვებთ“, – წერს არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 20 იანვრის ღამეს, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.

გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა.

მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

ამავე თემაზე უფრო ვრცლად წაიკითხავთ აქ:

„ჯეოჰოსპიტალის” საგარეჯოს ფილიალში სამი პაციენტი რჩება, მათგან ერთის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა

შემოიყვანეს პაციენტი თვალის კაკლის ნაფლეთი ჭრილობით, მოხდა თვალის კაკლის აღდგენა – „ევექსის“კლინიკა

საგარეჯოში დაჭრილებს ესაჭიროებათ დიდი რაოდენობით სისხლი – კვანტალიანის სისხლის ბანკი

ვინ არის საგარეჯოში სროლის შედეგად გარდაცვლილი პოლიციელი – რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

ცნობილია საგარეჯოში ყოფილი სამხედროს მიერ მოკლული ოთხი ახალგაზრდის ვინაობა

გარდაცვლილთა შორის არის ზაქრო მათიაშვილი, სამაგალითო მოხალისე საგარეჯოდან, მადლობა, რომ მუდამ იყავი ჩვენს გვერდით – საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება

ვიდეო: საგარეჯოში, მოკლული ახალგაზრდების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მიმდინარეობს

მეუბნებოდი ხოლმე, არსად არ დადო ჩემი ფოტოებიო, მაგრამ მომიწია, მაა – რას წერს საგარეჯოში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი პოლიციელის შვილი

ამბავი იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე მთელი დღე გიყვებოდით – რას წერს ჟურნალისტი, რომელიც საგარეჯოში მომხდარ თავდასხმას აშუქებდა

„სახლში იყო შვილი, ვერაფერს გვეუბნება, გამოვიქეციო..“ – საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი

შოკისმომგვრელი იყო.. ბოლომდე მჯეროდა, რომ სიზმარი იყო – რას ჰყვება საგარეჯოში სროლისას დაჭრილი

„როცა ვინმეს გაშავება უნდათ, სრულიად ლიბერალურ პოზიციაზე მყოფი პოლიტიკოსები ცინიკურად ამბობენ: „ფსიქიატრიის სფეროა“ – ვუსამძიმრებ ამ უდიდესი ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს“ – გიორგი კეკელიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g