რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ალექსანდრე ზაზარაშვილი სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს „შენ არა ხარ მარტო“ წარუდგინა.
როგორი იყო ამერიკაში წასვლის პერიოდი, არ გაგიჭირდა შეგუება?
ისეთ პერიოდში წავედი, ფაქტობრივად, იქ გავიზარდე. რა თქმა უნდა, თავიდან რთული იყო შეგუება, მაგრამ მერე გავითავისე სიტუაცია. ისეთ ადგილას ვცხოვრობ, რომ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, არ შეგიყვარდეს იქ ყოფნა. სხვათა შორის, უკვე ძალიან მენატრება, ძალიან მიყვარს იქაურობა.
არაერთ კონკურსში გაქვს მონაწილეობა მიღებული, როგორი ემოცია არის ხოლმე, არ ღელავ?
პირველად რომ კონკურსში მივიღე მონაწილეობა, 4 წლის ვიყავი. ღელვა არ ქრება, სანამ სცენაზე გავალ ხოლმე, მაინც არის ემოცია, ყოველ ჯერზე ასეა.
ახლახან გორში გქონდა კონცერტი, მოგვიყევი აღნიშნულ ღონისძიებაზე.
ეს ყველაფერი 2 წლის წინ დაიგეგმა. ამერიკაში ჩავატარე ტური, ეს არ იყო მხოლოდ კონცერტი, ეს იყო კონცერტი შოუს მიქსით. დავარქვი „ბიჭი ოცნებით“ და გავაკეთე რეალურ ისტორიაზე, საიდან დავიწყე, როგორ წამოვიდა ეს ყველაფერი, რა გზები გამოვიარე… სხვათა შორის, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა იქაური მაყურებლისთვისაც. საქართველოში რომ ჩამოვედი, ახალი კლიპის პრეზენტაციას ვაპირებდი და როდესაც ამაზე დავიწყე საუბარი, გამიჩნდა აზრი, რომ ეს ტური აქაც გამემეორებინა. კონცერტი „გორის თეატრში“ გავაკეთეთ, იმხელა ანშლაგით ჩაიარა,ძალიან ბევრი ხალხი იყო. კონცერტის მსვლელობის დროს, ყველას იმხელა ემოცია ჰქონდა. პატარა ბავშვები წამოხტნენ, ჩემთან ერთად მღეროდნენ. 3 წლის როცა ვიყავი, ხალხური სიმღერის გუნდში ვმღეროდი და ეს გუნდიც ჩავრთე კონცერტში. ყველა ნაბიჯი, რაც გამოვიარე, ჩადებული იყო ამ პროექტში. ყველა მეუბნებოდა, სამჯერ მაინც შევიკავე ცრემლები ან ვიტირეო. იმხელა სითბო ვიგრძენი ხალხისგან, იმხელა სიყვარულს და კარგ ემოციებს მიზიარებდნენ, მართლა ღირდა ეს ყველაფერი. მესიჯები მივიღე, სადაც მწერდნენ, ასეთი დაუვიწყარი დღე არ მქონიაო.
ვინ არის შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?
პირველ რიგში, ჩემი ოჯახი. ცნობილი ადამიანებიდან ცირა ბზიშვილი, ნუცა შანშიაშვილი.
ამ წლების განმავლობაში, თუ გქონია ისეთი მომენტი, რომ საქართველოში დაბრუნებაზე გეფიქრა?
იმდენად მიზანდასახული ვარ, რომ რადგან დავისახე ეს მიზანი, შანსი არ არის, გადავუხვიო. ტვინში სულ ის მაქვს, რომ შეგიძლია შეცვალო გეგმა, მაგრამ არა მიზანი. ამერიკაში წავედი იმისთვის, რომ რაღაცას მივაღწიო.
ამ ეტაპზე, რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში, რა პროექტზე მუშაობ?
ძალიან შემთხვევით მოვხვდი ისეთ ადგილას, სადაც უნდა მოვხვედრილიყავი… გავიცანი ისეთი პროდიუსერი, რომელიც ცნობილ ადამიანებთან მუშაობს სიმღერებზე. მითხრა, ძალიან მომეწონა შენი ხმა, რაღაც სიმღერები მაქვს და მაინტერესებს, შენი ხმა თუ მოუხდებაო. მე ,,ნაგლად” ვუთხარი, მეც ვწერ სიმღერებს და შემიძლია მოგასმენინოთ-მეთქი. როცა მოვასმენინე, მართლა ძალიან მოეწონა. ერთად უკვე ორი სიმღერა გავაკეთეთ და სამომავლოდ, ალბომს ვაპირებთ.
ახლა, გამოვიდა ახალი სიმღერა, რომელსაც ინსტაგრამზე დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, დაახლოებით, 80 მლნ ნახვა აქვს.
მოკლედ, ძალიან საინტერესო პროექტებს უნდა ელოდოს ხალხი.
ბევრი მწერს კონკურსებზე, მაგრამ ჩემი მთავარი ფოკუსია, რომ ალბომი შევქმნა.
ვისაუბროთ სიმღერაზე, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.
შუაღამისას ჩავწერეთ. უბრალოდ ცირასთან ვიყავი მისული, რომ მომეკითხა და უცებ გადავწყვიტეთ, რომ ამ სიმღერის ახალი ვერსია გაგვეკეთებინა. პირველი ვერსია, ფაქტობრივად, 6 წლის წინ გავაკეთეთ. ახლა აკუსტიკური, პიანო ვერსია გავაკეთეთ და მგონი, ძალიან საინტერესო გამოვიდა.
ალექსანდრე ზაზარაშვილი – შენ არა ხარ მარტო
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ალექსანდრე ზაზარაშვილი. გადაცემა “პრემიერა თაკოსთან”