ამსტერდამი გახდა მსოფლიოში პირველი დედაქალაქი, რომელმაც ქალაქის საჯარო სივრცეში ხორცისა და წიაღისეული საწვავის რეკლამა აკრძალა. შეზღუდვა შეეხება ავტობუსის გაჩერებებს, ბილბორდებს, ქუჩის სარეკლამო კონსტრუქციებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს.
აკრძალვის ქვეშ მოექცა, მაგალითად, ბურგერებისა და ქათმის ნაგეტსების რეკლამა, ასევე ბენზინზე მომუშავე ავტომობილების, ავიარეისების და საკრუიზო მოგზაურობების პოპულარიზაცია.
ქალაქის ხელისუფლება მსგავს განცხადებებს „კლიმატისთვის საზიანოდ“ აფასებს. ამსტერდამმა უკვე დაუჭირა მხარი საერთაშორისო ინიციატივას, რომელიც მცენარეულ კვებას ხორცის ალტერნატივად უწევს პოპულარიზაციას. მერიაში განმარტავენ, რომ საკვების წარმოების სისტემაში გამონაბოლქვის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ხორცის წარმოებას უკავშირდება. მეცხოველეობა პასუხისმგებელია ანთროპოგენური სათბურის აირების დაახლოებით 14–18%-ზე – მათ შორის მეთანზე და ნაკელისგან წარმოქმნილ აზოტის ქვეჟანგზე.
ქალაქის წარმომადგენლების განცხადებით, როდესაც წიაღისეული საწვავის რეკლამა ყველგან ჩანს, გლობალურ დათბობასთან ბრძოლის შესახებ სერიოზულ საუბარს აზრი ეკარგება.
აკრძალვა ძალაში 1 მაისიდან შევა. ამსტერდამის გადაწყვეტილებას უკვე აკვირდებიან სხვა ევროპული დედაქალაქებიც, თუ შეზღუდვა ეფექტური აღმოჩნდება, მსგავსი ზომები შესაძლოა სხვა ქალაქებშიც გავრცელდეს.