არ არის შორს ის დღე, როდესაც დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს, – ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან განაცხადა. აღნიშნული განცხადება მეუფე ნიკოლოზმა მედიასთან პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდზე, სამებაში გააკეთა.
„მნიშვნელოვანია მასთან ახლოს მისვლა და შეხება მის სხეულთან, საფლავთან. ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო: არ არის შორს ის დღე, როდესაც ჩვენ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ. არგუმენტი, გარდა საყოველთაო თაყვანისცემისა, რაც წმინდანობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია, ჩვენ უკვე გვაქვს განკურნებისა და სასწაულების მოხდენის შემთხვევები. მიდით, სთხოვეთ და ნახავთ…“, – აღნიშნა მან.
პატრიარქ ილია მეორესთან გამოსამშვიდობებლად ხალხის ნაკადი არ წყდება. ეკლესიის კარი 24 საათი ღიაა. მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ უკანასკნელად პატივი მიაგონ უწმინდესის სხოვნას.
გარდა ამისა, ცნობილია კვირის მსახურების განრიგი. კვირის წირვა დილით 09:00 საათზე დაიწყება, მას მეუფე შიო მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს. კვირას ელოდებიან მსოფლიო პატრიარქსაც, რომელიც წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას. მსახურება 12 საათზე დაიწყება.
