„იმ ხელისუფლების გვერდით ჯდომა მიუღებელია, რომელიც ყოველდღიურად სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმიანობით არის დაკავებული და ქვეყნის მესამე პრეზიდენტს სიკვდილით სჯის“, – ამ განცხადების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს დატოვება გამოაცხადეს. დეპუტატების თქმით, პროტესტის გაგრძელებას ქუჩაში გეგმავენ.
„ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ სიკვდილით დასჯის ქრონიკას, როცა რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის დავალებით ხელისუფლება წამებით კლავს მიხეილ სააკაშვილს.
მაშინ როცა ხელისუფლება დაკავებული უნდა იყოს ევროინტეგრაციის მიზნების მისაღწევად კონკრეტული რეფორმების განხორციელებით, მიზანმიმართულად ახორციელებენ შურისძიებასა და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, რომ ევროპის კარი ჩვენთვის დაიხუროს.
უფრო მეტიც, ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად აცხადებენ, რომ მათ ინტერესში არ შედის კანდიდატობის სტატუსის მიღება, ამავე დროს სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს ავტოკრატიული მმართველობის გამყარება და რუსეთისათვის კარის გახსნა.
სწორედ ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი ხელისუფლების გვერდით ჯდომა მიუღებელია, ხელისუფლებისა, რომელიც ყოველდღიურად დაკავებულია სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმიანობითა და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიკვდილით დასჯით.
აუცილებელია, გადარჩეს მიხეილ სააკაშვილი და შეუნარჩუნდეს ჯანმრთელობა, სწორედ ამიტომ არ ვაპირებთ კაბინეტებიდან სიკვდილით დასჯის ყურებას და ვიბრძოლებთ რუსული ტყვეობიდან მის დასახსნელად”,- განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.
14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრები გაასაჯაროვა.
კადრები სააკაშვილის კლინიკა „ვივა მედში“ ყოფნის სხვადასხვა (8 აგვისტოდან 12 დეკემბრამდე) პერიოდს ასახავს.
ერთ-ერთი ბოლო კადრი 12 დეკემბრით თარიღდება. როგორც ვიდეოში ჩანს, ექსპრეზიდენტი დამხმარე საშუალებით გადაადგილდება.
აღნიშნული კადრების გავრცელებამ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების, ოპოზიციისა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის აღშფოთება გამოიწვია.
ამავე თემაზე:
ბრეგაძე: გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ გავასაჯაროვეთ ბევრი სხვა კადრი
“ვფიქრობ, რუსეთი ბედნიერია იმ წარმოუდგენელი ტანჯვით, რომელიც მამაჩემმა გამოიარა” – ედუარდ სააკაშვილი