LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა ჩხაიძე: „ერთი შემთხვევა არ მქონია, ჩემი მოძღვრის მიერ წინასწარ ნათქვამი არ ამხდენოდეს!..“

284
ბექა ჩხაიძე

ბექა ჩხაიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს, როგორ ატარებს შობის დღესასწაულს მზოვრეთის მამათა მონასტერში, სადაც ბერებთან ურთიერთობისას არცთუ იშვიათად არის სასწაულის მოწმე.

როგორია შობის დღე მონასტერში?

შობას დღემდე მონასტერში ვხვდები. მზოვრეთის მამათა მონასტერში, სადაც მოძღვარი მყავს. არამარტო შობას, როცა კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება, იქ ვარ. იქ მყოფი ადამიანები არიან ჩემი გზაზე დამყენებელ-დამკვალიანებლები და იქ არის ჩემთვის ყველაფერი.

მარხვას ინახავ?

მაქსიმალურად ვცდილობ და ვახერხებ ხოლმე. ეს არ ეხება მხოლოდ საჭმლის არ ჭამას, ლოცვებითაც ვცდილობ. არ ვქადაგებ, მაგრამ მარხვას თავისი წესები აქვს – თუ აღსარება არ ჩააბარე და არ ეზიარე, მარტო საჭმლისგან თავის შეკავება, არ არის საკმარისი. სული უნდა გაამზადო საზიარებლად, უნდა ილოცო. ვერ ვიტყვი, რომ დიდად გამაგრებული ვარ ლოცვაში, მაგრამ როგორც შემიძლია, ვახერხებ. ვცდილობ, ჩემი მოძღვრის სწავლებას მივყვე.

მგონია, რომ იქ ბევრი საოცარი ამბის მომსწრე ხარ.

საოცარი ადგილია. ბოლო წლებში დიდი ამბავია აგორებული მამაოების „ჯიპებზე“, არადა, იმდენი ბერი და საერთოდ, სასულიერო პირი ცხოვრობს ასკეტურად, რასაც მე ვხედავ, რომ ზედმეტია საუბარი. უძლიერესი ბერები გვყავს. სადაც მე დავდივარ, მართლა სასწაულები ხდება. 3-4 თვეც გავჩერებულვარ გადაბმულად. 2017 წელს, ზამთარში, სამ თვეზე მეტი მომიწია იქ ყოფნა და იქიდან დაიწყო ჩემი ცხოვრების გზის გაკვალვა. როდესაც ღმერთთან ცდილობ მიახლოებას, ასე ხდება. ბევრი სასწაული მომხდარა ჩემ თვალწინ. ბერები უდიდესი საძმოა, ერთი ბეწო ეჭვი არ არის ურთიერთობაში, ყველაფერი ძალიან სუფთაა. მოძღვარიც რომ ძალიან ძლიერი გყავს, ეს ბევრს ნიშნავს. ერთი შემთხვევა არ მქონია, ჩემი მოძღვრის მიერ წინასწარ ნათქვამი არ ამხდენოდეს. თქმის მომენტში შეიძლება, ვერც მივმხვდარვარ, რას მეუბნებოდა, მაგრამ ერთი კვირა და ერთი თვე გასულა და მაშინ დარწმუნებული ვარ მისი სიტყვების მნიშვნელობაში. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი იმედი.

მთელი ცხოვრება ჰარი-ჰარალეში გავატარე, სუფრიდან – სუფრაზე, უდარდელი ცხოვრებით. დღე არ მახსოვს 2000 წლიდან 2017 წლამდე, რომ მინიმუმ ორ სუფრაზე მაინც არ ვყოფილიყავი მისასვლელი. ეს ხდებოდა ყოველდღე. თუმცა, სამიც ყოფილა, ოთხიც და ხუთიც, თავის გათენებებით. ბოჰემურია ეს ყველაფერი. ცუდს კი არაფერს ვაკეთებდით, ვმღეროდით, ხალხს პატივს ვცემდით და ვქეიფობდით, მაგრამ ეს დალევა და დროის კარგვა, იმ შედეგს გაძლევს, რომ შენს თავს უშვებ. მერე რომ გგონია, გვერდით არმია გყავს, მთელი ქვეყანა გვერდით გიდგას, ოდნავაც რომ გადაგიბრუნეს ფეხი, იქ მიხვდები რამდენი ყოფილა ყალბი. მაშინ ვმწარდებოდი ამაზე, ახლა ცხოვრებას მადლობას ვუხდი. დამანახვა ვინ არის ჩემიანი და ვინ – არა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები