LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა პოლიტიკური არასტაბილურობაა – ევროკავშირის 2024 წლის ანგარიში საქართველოს ბიზნეს კლიმატის შესახებ

108
ბიზნესი

ევროპულმა ბიზნეს ასოციაციამ (EBA) საქართველოში არსებული ბიზნეს კლიმატის შესახებ 2024 წლის ანგარიში მოამზადა. ანგარიში ეფუძნება საქართველოში მოქმედი 200-მდე ევროპული კომპანიის გამოკითხვას, ასევე სამაგიდე კვლევასა და ძირითად საინფორმაციო წყაროებთან ინტერვიუებს. დოკუმენტში საუბარია იმ ფაქტორებზე, რომლებმაც შარშან ბიზნეს გარემოს არასტაბილურობა განაპირობეს.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მოქმედი ევროპული ბიზნესებისთვის ძირითად გამოწვევებად რჩებოდა საქართველოში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობა, კვალიფიციური სამუშაო ძალა და ვალუტის კურსის მერყეობა.

უფრო კონკრეტულად, გამოკითხული ევროპული ბიზნესების 76.8% მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობა ბიზნესის კეთებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბარიერია. გამოკითხულთა 65.9%-სთვის მთავარი გამოწვევაა კვალიფიციური კადრების დეფიციტი, რაც  წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 26%-იან დანაკარგს იწვევს, ხოლო ვალუტის კურსის მერყეობა პრობლემურია გამოკითხულთა ნახევარზე მეტისთვის, კერძოდ, 51.5%-სთვის.

გარდა ამისა, კვლევის ფარგლებში, ბიზნესმა გამოხატა შეშფოთება კორუფციასა და არაეფექტურ მარეგულირებელ გარემოსთან დაკავშირებით, განსაკუთრებით საგადასახადო პოლიტიკის, სახელმწიფო შესყიდვებისა და სასამართლო სისტემის მიმართ, რაც კიდევ უფრო ართულებს საინვესტიციო კლიმატს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორად რჩება, საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 18%-ით შემცირდა შემდეგი მიზეზების გამო: ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისობის მაღალი ხარჯები; ევროპული სერტიფიცირების აკრედიტებული ლაბორატორიების ნაკლებობა; ბიზნესის მიერ მარეგულირებელი ჩარჩოების შეზღუდული ცოდნა.

ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული სასამართლო და საგანმანათლებლო რეფორმების დაჩქარების აუცილებლობა ბიზნესის ნდობის გასაზრდელად. საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ კერძო სექტორთან, რათა უნარების განვითარების პროგრამები ბაზრის მოთხოვნებზე იყოს მორგებული. ამავდროულად, ეკონომიკური პოლიტიკისა და სავაჭრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება გადამწყვეტ როლს ითამაშებს საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g