ჩინეთის მრეწველობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტრომ მოქმედ ეროვნულ სტანდარტში ცვლილება მოამზადა, რომელიც ავტომობილების მართვის ორგანოების, ინდიკატორებისა და სისტემების მონიშვნას ეხება. დოკუმენტში ჩამოთვლილია ფუნქციები, რომლებიც აუცილებლად უნდა იმართებოდეს ფიზიკური ღილაკებითა და გადამრთველებით.
როგორც გამოცემა CarNewsChina წერს, ახალი მოთხოვნა ძალაში 2026 წლის 1 ივლისიდან შევა და ჩინეთში გამოშვებულ ყველა ახალ ავტომობილს შეეხება.
დოკუმენტის მიხედვით, ფიზიკური მართვა სავალდებულო იქნება მოსახვევის მანიშნებლებისთვის, ფანჯრის ამწევებისთვის, საქარე მინის საწმენდებისთვის, საქარე მინის გათბობისთვის, ავარიული სიგნალისთვის, სიგნალისთვის და მძღოლის დამხმარე სისტემის აქტივაციისთვის. ელექტრომობილებში დამატებით აუცილებელი გახდება ენერგომომარაგების გამორთვის ფიზიკური ღილაკიც. ასევე იკრძალება გადაცემათა კოლოფის გადართვა მხოლოდ სენსორული ეკრანის საშუალებით.
სტანდარტი თავად ღილაკებსაც ეხება – მათი სამუშაო ზედაპირი მინიმუმ 10×10 მილიმეტრი უნდა იყოს. გარდა ამისა, სავალდებულო ხდება ტაქტილური ან ხმოვანი უკუკავშირის არსებობა, რათა მძღოლმა მოქმედება თვალის მოცილების გარეშე შეძლოს.
ცვლილებები მიმართულია ავტომობილების ინტერიერში ტოტალური მინიმალიზმის ტენდენციის წინააღმდეგ, რომელსაც ბევრი ჩინური და საერთაშორისო მწარმოებელი მიჰყვება.