ნავიგაციის სისტემების მწარმოებელმა კომპანიამ TomTom-მა იმ ქალაქების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც გზები მსოფლიოში ყველაზე მეტადაა გადატვირთული. კვლევა ეფუძნება GPS მონაცემებს თითქმის 500 ქალაქიდან და 2025 წლის სატრანსპორტო მდგომარეობას ასახავს.
კომპანიის შეფასებით, გასულ წელს საცობების დონე და გზების დატვირთულობა მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ანალიტიკოსები ითვალისწინებდნენ ისეთ მაჩვენებლებს, როგორიცაა: გზების საშუალო დატვირთვა, მოძრაობის სიჩქარე, 15 წუთში გასავლელი მანძილი და ის დრო, რომელსაც მძღოლები წლიურად საცობებში ატარებენ.
რეიტინგის ლიდერი გახდა მეხიკო, სადაც მძღოლები გზაში თითქმის 76%-ით მეტ დროს ატარებენ, ვიდრე თავისუფალი მოძრაობის პირობებში მოუწევდათ. შემდეგ პოზიციებზე არიან ბანგალორი და დუბლინი, რომლებიც მინიმალური სხვაობით ჩამორჩებიან ლიდერს.

მსოფლიოს 10 ყველაზე გადატვირთული ქალაქი (2025):
მეხიკო (მექსიკა)
ბანგალორი (ინდოეთი)
დუბლინი (ირლანდია)
ლოძი (პოლონეთი)
პუნა (ინდოეთი)
ლუბლინი (პოლონეთი)
ბოგოტა (კოლუმბია)
არეკიპა (პერუ)
ლიმა (პერუ)
ბანგკოკი (ტაილანდი)
ყველაზე მეტ დროს საცობებში მძღოლები ატარებენ ლიმაში, დუბლინში და მეხიკოში – ზოგიერთ შემთხვევაში ეს მაჩვენებელი წელიწადში 190 საათს აჭარბებს.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ნელი მოძრაობა ფიქსირდება ლათინური ამერიკისა და ევროპის დიდ ქალაქებში, სადაც საშუალო სიჩქარე 16–17 კმ/სთ-ს არ აღემატება. შედარებისთვის, უფრო მცირე და ნაკლებად გადატვირთულ ქალაქებში ავტომობილით 15 წუთში ოთხჯერ მეტი მანძილის დაფარვაა შესაძლებელი.
TomTom-ის შეფასებით, საცობების ზრდაზე გავლენას ახდენს ურბანიზაცია, სამუშაო ადგილებზე დაბრუნება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დატვირთვა და ინფრასტრუქტურის შეზღუდული განახლება.