LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დათუნა ჩემი სულიერი მეგობარია… შვილს ძიძის გარეშე ვზრდით, სულ ჩვენთან ერთად არის…“ – თიკა ბალანჩინის ბედნიერება სცენაზეც და პირადშიც

1150
თიკა ბალანჩინი

მომღერალი თიკა ბალანჩინი 20 წლის იყო, როდესაც მას და მის მეუღლეს, დრამერ დათუნა ბარნაბიშვილს ქალიშვილი, ლეა შეეძინათ… მაშინ წყვილი ესპანეთში, ბარსელონაში ცხოვრობდა. როგორც თიკა ჩვენთან საუბრისას იხსენებს, ძალიან უნდოდა, დედა გამხდარიყო და აინტერესებდა, როგორ აიღებდა საკუთარ თავზე ამ პასუხისმგებლობას. დედობის სირთულეებსა და ოჯახურ თემებზე თიკამ fortuna.ge-თან საკმაოდ გულწრფელად ისაუბრა.

შენთან საუბარი უნდა დავიწყო შენი ქალიშვილით, რომელიც უსაყვარლესი გოგონაა… „იმედის“ ეთერში ძალიან მხიარული სტუმრობა გქონდათ, სადაც ლეამ თქვა, რომ სახლში არაფრის კეთება არ გიყვარს… ვის ჰგავს ასეთი პირდაპირი?

ჩემი შვილი არის ძალიან ჯიუტი, თავისნათქვამა, მაგრამ ძალიან პრინციპული ადამიანი (იღიმის). მამას უფრო ჰგავს, ასე ვიტყოდი (იღიმის), თუმცა მეც, ალბათ, უფრო ტიპაჟურად, მხიარული ადამიანია, ცეკვა და სიმღერა უყვარს. არ მიყვარს ხოლმე კონკრეტულად რჩევის მიცემა – მაგალითად, „იმედის“ ეთერში რომ ვიყავით, წინასწარ არაფერი მითქვამს, რომც მეთქვა, აუცილებლად საპირისპიროდ მოიქცეოდა. ამიტომ მივეცი თავისუფლება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვართ მის მიმართ მკაცრები, ან ბავშვს რეჟიმი არ აქვს. იყო ხალხის მხრიდან კომენტარები, ბავშვს როგორ აბედვინებენ თავისი აზრის დაფიქსირებასო. არ მიმაჩნია, რომ რაიმე განსაკუთრებული თქვა „იმედში“.

როცა ქალიშვილი შეგეძინა, მაშინ შენ და შენი მეუღლე ბარსელონაში ცხოვრობდით. როგორი ემოცია იყო შვილის დაბადება?

მეგონა, რომ მზად ვიყავი დედობისთვის, თუმცა არ ვყოფილვარ. იმავდროულად, ჩემს ასაკთან შედარებით, და 20 წლის ვიყავი, როდესაც შვილი შემეძინა, ასე თუ ისე, მაინც მზად ვიყავი. პატარა ვიყავი, მაგრამ ძალიან მინდოდა შვილი. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ დედა გავმხდარიყავი. პასუხისმგებლობას როგორ გავართმევდი თავს, მაინტერესებდა, სირთულეებს… ვუმკლავდები, მაგრამ უფრო რთული ყოფილა უფრო მეტად, ვიდრე მე მეგონა. თან, ჩემი შვილი უფრო მეტად რთული აღმოჩნდა, ვიდრე ზოგადად არიან ხოლმე ბავშვები.

რას გულისხმობ?

ორი წლიდან ლაპარაკობს გაუჩერებლად, 10 თვიდან დადის. ყველაფერი ძალიან ნაადრევად დაიწყო მის ცხოვრებაში. მომწონს ის, რომ პრინციპული ადამიანია, თუმცა ეს სიჯიუტე ალბათ რაღაც პრობლემებს ქმნის ცხოვრებაში, ურთიერთობებში. მაინც თავისი ცხოვრებაა და თავად უნდა გადაწყვიტოს. ჩვენ ვმართავთ ჩვენს ცხოვრებას. მასზე დომინანტი მისსავე ცხოვრებაში სხვა ვერ იქნება… დედამ და მამამ გზა უნდა გაჩვენონ, კარგი განათლება მოგცენ… რაც შეუძლიათ, ის უნდა გაგიკეთონ.

გინდა, რომ მუსიკოსი იყოს?

სიმართლე გითხრა, დიდად არ მინდა, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ იქნება და რთული იქნება ჩარევა… თან, მით უმეტეს, როცა ხედავს, რომ დედაც და მამაც, ორივე ამ პროფესიაშია, ყოველდღიურად აქვს შეხება ხელოვნებასთან და უფრო მარტივი იქნება, ალბათ, რომ ეს გზა აირჩიოს. ეს აინტერესებს და ხომ ვერ დავაძალებ, რომ სხვა რამ აინტერესებდეს.

ორი ხელოვანის თანაარსებობა ერთ ოჯახში როგორია?

ძალიან რთული, მაგრამ ბავშვისთვის მუდამ გვცალია. ლეას ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებზე, დედა და მამა სულ მასთან არიან. სკოლაშიც მე დამყავს, სულ ჩვენთან ერთადაა. სულ რომ 5000 კილომეტრის დაშორებით ვიყო, მისთვის მნიშვნელოვან დღეს არ გამოვტოვებ. რაღაც პერიოდი ძიძა გვყავდა, მაგრამ ორ წლიდან თავად ვზრდით, ბებოები ორივე მხრიდან ჩართულები არიან. ჩემს შვილს ორივე ბებოსთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს და ეს ძალიან მახარებს, რომ უცხო ადამიანებთან არ არის.

შენ და დათუნა ბარნაბიშვილი წლებია, ერთად ხართ. როგორ ფიქრობ, რა არის ყველაზე მთავარი თქვენს ურთიერთობაში, რამაც ოჯახი შეგანარჩუნებინათ?

ორივე ცეცხლი ვართ, მაგრამ ცხოვრებას ერთნაირად ვუყურებთ. 100%-დან 95% ერთნაირ აზრზე ვართ. სულიერი მეგობარია ჩემი. ეს უფრო მეტ სტიმულს მაძლევს, რომ ჩვენი მეგობრობა არ ჩამქრალა. მასზე ახლო მეგობარი არ მყავს. ისეთ თემებზე ვსაუბრობთ დეტალურად, დაქალს რომ ვერ მოუყვები.

ბარსელონაში რაღაც პერიოდი ცხოვრობდით, რამ დაგაბრუნათ?

მე ძალიან გამიჭირდა. პოპულარობა არაა მთავარი მიზეზი, უბრალოდ, საქართველოში ჩვენი საქმე ძალიან კარგად იყო აწყობილი, კარგ ეტაპზე ვიყავით. ხალხის სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ეს მაძლიერებს. კონცერტებზე თბილისსა თუ რეგიონში, როცა ვხედავ ხალხის დამოკიდებულებას, არ ვიცი, ამაზე მაგარი რა უნდა გამეკეთებინა ცხოვრებაში. ბარსელონაში დავიწყებდი ყველაფერს ნულიდან, მაგრამ ესპანეთში ამის პოტენციალი ვერ ვნახე, შოუბიზნესი არ არის იმ საფეხურზე, რომ მეცადა და ჩამედო ჩემი ენერგია და პოტენციალი. მივხვდი, რომ მუსიკა დიდად არ აინტერესებთ. აქ მეტად დაფასებული ვარ, მე ასე მივიჩნევ.

„საქართველოს ხმის“ ჟიურის წევრი გახდი… რთულია მუსიკალური კონკურსის ჟიურის გადმოსახედიდან მომღერლების შეფასება?

თავიდან, როცა ჟიურის წევრობა შემომთავაზეს, დავფიქრდი, იმიტომ არა, რომ არ მინდოდა. ძალიან საპასუხისმგებლო იყო და ვნერვიულობდი. მე თვითონაც ასე დავიწყე, კონკურსით, იმ სცენაზე ვიდექი ზუსტად და რა განცდებშიც ახლა არიან კონკურსანტები, იგივე თუ არა, შეიძლება, მეტიც მაქვს გამოვლილი. ვისაც ეს არ გაუვლია, ძალიან რთულია, მიხვდეს, რას გრძნობენ ეს ადამიანები. ყველაზე მეტად რატომაც ვარ ბედნიერი, ისაა, რომ მაქვს შეხება ქართველ ნიჭიერ ადამიანებთან, ჩვენთან მოდიან მომღერლები, რომლებიც შესაძლოა, 10 წლის შემდეგ საუკეთესოები იყვნენ ქართულ მუსიკალურ სივრცეში და მიხარია, რომ მე ამაში მონაწილეობას მივიღებ.

New One-ს რა გეგმები გაქვთ?

ზუსტად ახლა ვწერთ ახალ კომპოზიციას, რომლის მოსმენის საშუალება ნოემბერში, ვფიქრობ, უკვე გექნებათ.

ფოტო: დათუნა აგასი

Dio magti 5g