LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიმიტრი ტატიშვილი: „შემოსავალი დაბალია. გვყოფნის, რომ ვიარსებოთ. აქ ფუფუნებაზე არ არის საუბარი. ფუფუნებაზე მხოლოდ მოსახლეობის 3-4 პროცენტი ფიქრობს, დანარჩენი – ვერა და მათ შორის, ვერც მსახიობები…“

116
დიმიტრი ტატიშვილი

როგორია მსახიობ დიმიტრი ტატიშვილის „ურთიერთობა“ ფულთან, რამდენად კარგად გამოსდის მას ფინანსების მართვა და რა ასაკიდან გახდა მატერიალურად დამოუკიდებელი – ამას ჟურნალ „თბილისელების“ ინტერვიუდან შეიტყობთ.

– რა ასაკში მოიპოვეთ სრული ფინანსური დამოუკიდებლობა?

– 27-28 წლის ასაკში, როცა „რუსთავი 2-ში“ ამიყვანეს გახმოვანებაზე. ეს ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში იყო. ეს იყო სტაბილური სამსახური, თეატრთან ერთად. იმ დღიდან მოყოლებული, ოჯახის სარჩენად არავის დახმარება აღარ დამჭირვებია. თეატრში არ არის ისეთი ხელფასები, რომ მხოლოდ მასზე იყო დამოკიდებული. მე „სისხლიანი ცხრა წლის“ განმავლობაში რა ხელფასიც დამინიშნეს, დღემდე ის მაქვს. შემოსავალი დაბალია. გვყოფნის, რომ ვიარსებოთ. აქ ფუფუნებაზე არ არის საუბარი. ფუფუნებაზე მხოლოდ მოსახლეობის 3-4 პროცენტი ფიქრობს, დანარჩენი – ვერა და მათ შორის, ვერც მსახიობები. თუმცა, ბევრს ჩემზე ნაკლები ხელფასი აქვს, ამიტომ მე ნამდვილად ვერ ვიწუწუნებ. არც არასდროს მიწუწუნია.

– რას ნიშნავს თქვენთვის ფული?

– ძალიან საჭირო რამ არის არსებობისთვის. მის გარეშე ცხოვრება არ გამოდის. ჯერჯერობით სამყარო ისე არ არის მოწყობილი, რომ ფული არ დაგვჭირდეს. ადამიანები ხომ იმისთვის ვმუშაობთ, რომ ფული გამოვიმუშაოთ. გაწეული სამსახურისთვის ღირსეული ანაზღაურება ნორმალური ამბავია. მათხოვრული ანაზღაურება კი არ არის ნორმალური.

მიხარია, როცა ხელფასს ან ჰონორარს ვიღებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფული მიყვარს და მის გამო ყველაფერს დავთანხმდები. პირიქით, ძალიან ბევრ რამეზე მითქვამს უარი, რადგან ჩემს პრინციპებს არ შეესაბამებოდა. არასდროს მიღალატია პრინციპებისთვის ფულის გამო. ამის თქმა თამამად შემიძლია.

– თუ დაკვირვებიხართ, ცვლის ფული ადამიანებს?

– დიდი ფული ცვლის. ნათქვამია, თუ გინდა, ადამიანი გაიცნო, მას ძალაუფლება და ბევრი ფული უნდა მისცეო. ეს ნამდვილად ასეა. ბევრი ფული ადამიანს, თუ ის ნომალურია, არ შეცვლის, მაგრამ ადამიანს თუ ბევრი ნაკლი აქვს, მას გამოააშკარავებს. მერე მიხვდები, ვინ ყოფილა სინამდვილეში. აღზევებული მდაბიოების ეპოქაში ვცხოვრობთ და სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ძალიან სამარცხვინო არსებები არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g