LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს იდეა ყველამ გულწრფელად აიტაცა… მართლაც დიდი ფუფუნებაა ლიზის და ლიზისნაირი მუსიკოსების მოსმენა…“ – „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ და კონცერტების სერია თბილისსა და გორში | თამარ ლიჩელი და ოთარ რამიშვილის ჩელისტი შვილიშვილი, ლიზა რამიშვილი „არტ-FM“-ში  

717
ლიზი-რამიშვილი

20 ივნისს, რადიო „ფორტუნას“ გადაცემას „არტ-FM“ ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის, ოთარ რამიშვილის ჩელისტი შვილიშვილი, ლიზი რამიშვილი და პიანისტი თამარ ლიჩელი სტუმრობდნენ, რომლებმაც „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების” სამზადისზე ისაუბრეს.

ეს არის კონცერტების ციკლი, რომელიც წელს პირველად, თბილისსა და გორში ჩატარდება და საქართველოში მცხოვრებ ქართველ მუსიკოსებს გააერთიანებს. იდეა პიანისტ თამარ ლიჩელს ეკუთვნის, ლიზი რამიშვილი კი კონცერტების სერიაში მიიღებს მონაწილეობას.

ცნობილი იურისტის და მუსიკოსის, მიხეილ რამიშვილისა და მევიოლინე, მაია იორამაშვილის შვილმა „არტ-FM“-ში იმ მხარდაჭერაზეც ისაუბრა, რასაც ბავშვობიდან მუსიკოსი ოჯახის წევრებისგან იღებს.

ლიზი რამიშვილი: პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოებზე“ დასწრება თავისუფალია. ჩვენი, როგორც ძველი, ასევე, ახალი თაობის კომპოზიტორები არაფრით არ ჩამოუვარდებიან ევროპელ კომპოზიტორებს და მგონია, რომ მათი დამსახურება ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად არის დაფასებული. სამწუხაროა, რომ საზოგადოება კარგად არ იცნობს მათ შემოქმედებას.

დიდი მადლობა თამარ ლიჩელს, რომელიც წელს პირველად აკეთებს აღნიშნულ ფესტივალს, რათა მსმენელს ქართველი კომპოზიტორების ნაშრომები გააცნოს და ამით თავად კომპოზიტორებს მისცეს უდიდესი სტიმული. სწორედ ამ იდეის გარშემო ვერთიანდებით ქართველი შემსრულებლები.

„ყოველთვის მინდოდა გამეერთიანებინა საქართველოში მცხოვრები გამორჩეული მუსიკოსები, პროექტი, რომელსაც წელს ჩაეყარა საფუძველი, უნიკალურია“ – „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ და კონცერტების სერია თბილისსა და გორში | თამარ ლიჩელი და დათუნა ალადაშვილი „არტ-FM“-ში

იდეა პიანისტ თამარ ლიჩელს ეკუთვნის, რომელიც სწორედ აღნიშნული პროექტის ორგანიზატორის ამპლუაში, რადიო „ფორტუნას“ გადაცემას „არტ-FM“ სტუმრობდა და ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების პროგრამასა და მასში მონაწილე ქართველ შემსრულებლებზე ისაუბრა.

მოხარული ვიქნები, თუ ეს ფესტივალი ყოველწლიურ სახეს მიიღებს. ფესტივალი სამდღიანია, თუმცა მე შეგხვდებით 27 ივნისს, თბილისში, კონსერვატორიის მცირე დარბაზში, 29 ივნისს კი გორში. ბატონმა კახა ცაბაძემ, რომელსაც ერთი თვის წინ, საიუბილეო საღამო ჰქონდა, მაშინ სპეციალურად ამ დღისთვის დამიწერა ნაწარმოები და მიხარია, რომ ამ ფესტივალის ფარგლებში, 27 ივნისს კიდევ მომიწევს შესრულება, ხოლო გორში უკვე ცინცაძის პიესებს შევასრულებ.

მამა სულ ჩემს ქება-დიდებაშია (იცინის). დედა უფრო მაკრიტიკებს. რაც შეეხება აზრის გათვალისწინებას, ამ მხრივ დედა და მამა ერთმანეთს აბალანსებენ, ჩემთვის ორივეს აზრი მნიშვნელოვანია. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ივლისში, საფრანგეთში მაქვს სამი კონცერტი დაგეგმილი, სხვა დანარჩენ მნიშვნელოვან სიახლეებს უახლოეს მომავალში გაგიზიარებთ.

თამარ ლიჩელი: ლიზი სრულიად უნიკალური, გამორჩეული და ჩვენთვის საყვარელი მუსიკოსია. მასთან ერთად დაკვრა ჩემთვის ყოველთვის დიდი სიხარულის მომგვრელია. მართლაც დიდი ფუფუნებაა ლიზის და ლიზისნაირი მუსიკოსების მოსმენა. მათ გულწრფელად აიტაცეს ეს იდეა, რადგან ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია ქართველი კომპოზიტორების პოპულარიზაცია.

მსმენელი მისთვის ცნობილ ნაწარმოებებსაც მოისმენს, მაგალითად, მე და ლიზი, გორში ცინცაძის პიესებს შევასრულებთ, მაგრამ არის კიდევ არაერთი არაჩვეულებრივი ნაწარმოები, რომლებიც იმსახურებს ცნობადობას. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ორ-სამ დღეში დიდი რეპერტუარი ამოვწუროთ, მაგრამ შედგება ახალი, ძალიან საინტერესო ნაწარმოების პრემიერა, სრულიად უცხო ფორმით, საუბარი მაქვს აჩიკო გიორგობიანის ნაწარმოებზე.

დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიასა და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირს, რომელიც ყველა წამოწყებაში ჩვენთან ერთად არის. დიდი სურვილი და იმედი მაქვს, უკვე შემდეგი წლიდან, ყოველწლიურად გახდება შესაძლებელი, რომ ამ პროექტმა და ქართულმა მუსიკამ მთელი საქართველო მოიცვას.

კონცერტების სერიაში მონაწილეობას მიიღებენ არაჩვეულებრივი პიანისტები: ვალერიან შიუკაშვილი, დათუნა ალადაშვილი, გიგი პიანომენი თავისი საავტორო პიესებით, ბატონო გოგა შავერდაშვილი ლანა გულდედავასთან ერთად, ჩვენი ცნობილი მომღერალი, სულხან გველესიანი, რომელსაც ივლისში ვარსკვლავს უხსნიან, ასევე, ირაკლი ევსტაფიშვილი, დიმა ბოქოლიშვილი, ნინო ჟვანია, ნათია ბერაია, ნინო უშიკიშვილი, ნათია ქავთარაძე, სტუდენტური სიმებიანი კვარტეტი და ასევე, სიმებიანი კვარტეტი „იბერი“.

ამ შემადგენლობის ნაწილი მივემგზავრებით გორში, სადაც ოდნავ განსხვავებულ პროგრამას წარვადგენთ. მადლობა გორის მუნიციპალიტეტს, რომელიც ჩვენს პროექტს დიდი ინტერესით მოეკიდა.