ესპანეთის მთავრობამ მოამზადა კანონპროექტი, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს მოზარდების ციფრული გარემო. ინიციატივის მიხედვით, 16 წლამდე პირებს სოციალური ქსელებით სარგებლობა აეკრძალებათ.
თუ პარლამენტი წინადადებას მხარს დაუჭერს, პლატფორმებს მოუწევთ ასაკის გადამოწმების რეალური მექანიზმების დანერგვა. საუბარია არა ფორმალურ „მონიშვნებზე“, არამედ ისეთ სისტემებზე, რომლებიც არასრულწლოვნებისთვის წვდომას ფაქტობრივად შეზღუდავს.
ერთ-ერთ შესაძლო გამოსავლად სახელდება პანევროპული ციფრული პირადობის მოწმობა, რომლის დახმარებით მომხმარებელი ასაკის დადასტურებას შეძლებს ზედმეტი პერსონალური მონაცემების – მაგალითად, დაბადების ზუსტი თარიღის, მისამართის ან დოკუმენტის ნომრის, გაზიარების გარეშე.
კანონის ავტორები აღნიშნავენ, რომ სოციალური ქსელები შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს არასრულწლოვანთა მენტალურ ჯანმრთელობას. სპეციალისტების შეფასებით, კონტენტის ხანგრძლივი და ხშირ შემთხვევაში აგრესიული ან სტრესის გამომწვევი მასალის მოხმარება გავლენას ახდენს ძილზე, ემოციურ მდგომარეობასა და ზოგად კეთილდღეობაზე, ზოგიერთ შემთხვევაში კი ზრდის დეპრესიის რისკსაც.
ბოლო წლების კვლევები მიუთითებს კავშირზე სოციალური ქსელების გადაჭარბებულ გამოყენებასა და შფოთვითი აშლილობების, ძილის პრობლემებისა და თვითშეფასების შემცირებას შორის. დამატებით პრობლემად სახელდება მუდმივი შედარება „იდეალურ“ სურათებთან და ცხოვრებასთან, რაც ახალგაზრდებში იზოლაციისა და მარტოობის განცდას აძლიერებს.
მსგავსი შეზღუდვები სხვა ევროპულ ქვეყნებშიც განიხილება. საფრანგეთში მსჯელობენ კანონზე, რომელიც 15 წლამდე ბავშვებს სოციალურ ქსელებში რეგისტრაციას მშობლების თანხმობის გარეშე აუკრძალავს. დანიაში შესაბამისი რეგულაცია მიმდინარე წელს უნდა ამოქმედდეს, ხოლო საბერძნეთში მსგავსი შეზღუდვები უკვე გასულ წელს შევიდა ძალაში. გასულ წელს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც წევრ ქვეყნებს ევროკავშირის დონეზე მსგავსი აკრძალვის დაწესებისკენ მოუწოდებს.