ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში გამართული გამოფენა – 2025 წლის ბოლო დიდი ავტოსალონია. ბრენდებმა წარმოადგინეს 93 ახალი მოდელი, რომელთა ნაწილი უახლოს მომავალში გამოვა ბაზარზე. მანამდე კი მთავარი ტენდენციების შესახებ მოგიყვებათ.
Audi A6L e-tron
„ეს მანქანა ჩვენ შევქმენით ჩინეთში ჩინელებთან ერთად“, – განაცხადა Audi-ის გაყიდვების დირექტორმა ჩინეთში, მიხაელ არნდტმა და რამდენიმე წუთში სცენა დატოვა.
Audi ამ მოდელზე დიდ იმედებს ამყარებს – 2025 წლის პირველ ნახევარში ბრენდის გაყიდვები ჩინეთში 10%-ით დაეცა, 2024 წლის შედეგებით კი თითქმის 11%-ით.
გერმანული სედანები და კროსოვერები უკვე ვერ უძლებენ ადგილობრივი კომპანიების ფასობრივ ზეწოლას.
Audi მსგავს სიტუაციაში მარტო არ არის. ჩინური GAC-ის ტექნიკურმა დირექტორმა მასატო კატსუმატამ აღნიშნა, რომ ახლა სწორედ მათი კომპანია უზიარებს ტექნოლოგიებს Toyota-ს (GAC-სა და Toyota-ს ერთობლივი საწარმო აქვთ), თუმცა რამდენიმე წლის წინ ყველაფერი პირიქით იყო.
„პარტნიორობის დასაწყისში ჩვენ ვსწავლობდით Toyota-სგან. ახლა კი პირიქით, ჩვენ ვუზიარებთ მათ ახალ ტექნოლოგიებს – განსაკუთრებით იმ ნაწილში, რაც ელექტრომობილებს შეეხება“, – განმარტა კატსუმატამ.

Toyota RAV4
ამავდროულად, სწორედ Toyota-მ წარმოადგინა გამოფენაზე მთავარი პრემიერა -ყველასთვის კარგად ნაცნობი RAV4, რომელმაც 7 წლის შემდეგ თაობა შეიცვალა. გარეგნულად და სალონში მანქანა მნიშვნელოვნად განახლდა, მაგრამ ტექნიკური ნაწილი იგივე დარჩა – არც ახალი ძრავები და არც ახალი ტრანსმისიები.
Lexus-მა კი საერთოდ არაფერი ახალი არ აჩვენა, გარდა სედან ES-ის, რომელიც ნახევარი წლის წინ იყო ნაჩვენები.

BMW X5
BMW-ს მდგომარეობა კიდევ უარესია: არც ერთი პრემიერა, მარტივი პრეზენტაცია ავტონომიურ მართვაზე (ანალოგები ჩინელებს უკვე საბაზისო მოდელებზეც აქვთ) და ეს იმ ფონზე, როცა 2025 წელს ბრენდის გაყიდვები 17%-ით დაეცა.

Mercedes-მა (-19% წლის ჯამში) კი მხოლოდ კომპაქტური სედანი CLA წარმოადგინა, ის „არტ-ობიექტად“ აქცია და გვერდით ახალი Vision Iconic-ის კარი დადგა, რომელიც სერიაში არ გამოვა და მხოლოდ ბრენდის ახალ დიზაინერულ ეპოქაზე მიანიშნებს.
