ფინეთში საბავშვო ბაღებმა ბავშვებს მიწაში და ჩამოცვენილ ფოთლებში თამაში შესთავაზეს. როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, ბავშვები უფრო ჯანმრთელები გაიზრდებიან, თუ მათ ჭუჭყისგან არ დაიცავენ და პირიქით, მიწასთან და ტალახთან მუდმივ კონტაქტში ყოფნის საშუალებას მისცემენ. ასეთ შემთხვევაში ისინი დაცულები იქნებიან ალერგიული და სხვა სერიოზული დაავადებებისგან როგორც ბავშვობაში, ისე ზრდასრულ ასაკშიც.
კვლევებმა აჩვენა, რომ სოფლის ტერიტორიებზე მცხოვრებ ბავშვებს იშვიათად აქვთ იმუნური სისტემის დარღვევები – მაგალითად, ცელიაკია, ალერგია და პირველი ტიპის დიაბეტი. აღმოჩნდა, რომ ბუნებასთან მუდმივი კონტაქტი ორგანიზმში მიკრობების მრავალფეროვნებას ზრდის. ეს კი, თავის მხრივ, ავარჯიშებს იმუნურ სისტემას როგორც სხვა ბავშვებისგან გადამდები დაავადებების, ისე აუტოიმუნური დაავადებების, მათ შორის ალერგიების წინააღმდეგ.
ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 43 საბავშვო ბაღმა მთავრობისგან მიიღო გრანტი, რათა სათამაშო მოედნებზე ხელოვნური საფარი ბალახით ჩაანაცვლონ, შექმნან ნერგების ყუთები, კომპოსტის გროვები და ბუნებრივ გარემოში მზარდი ბუჩქები. ზოგიერთ ბაღში უკვე გაჩნდა ტყის ნიადაგის საფარი, სადაც იზრდება წითელი მოცვი, მოცვი, ხავსი და ლიქენები, რომლებიც მწერებით არის სავსე.
თუ ექსპერიმენტი წარმატებულად შეფასდება, ბავშვებს მიწაში თამაში ფინეთის ყველა საბავშვო ბაღში შეუზღუდავად შეეძლებათ.