LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა ყველაზე პოპულარული,18 საათიანი დიეტის შესახებ

1591
page

რადიოს „ფორტუნას“ დილის ეთერის სტუმარი გახლდათ ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა, რომელმაც 18-საათიან დიეტაზე ისაუბრა და მსმენელს წონის კორექციისთვის საჭირო რეკომენდაციები გაუზიარა.

ბატონო ლაშა, ამჟამად დიდი პოპულარობით სარგებლობს 18საათიანი დიეტა. რამდენად ეფექტური და სასურველია ამ დიეტის დაცვა და ზოგადად, რას ურჩევდით ადამიანებს, რომელთაც წონის კორექცია სურთ?

ნამდვილად ძალიან პოპულარულია 18-საათიანი დიეტა. 18-საათიანი დიეტა, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი კვებითი სტილი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის და  გვაძლევს სასურველ შედეგს. თუმცა, ამ დიეტას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანმა კონკრეტული დიეტის დაწყებამდე მიმართოს პროფესიონალს და გარკვეული რეკომენდაციები მიიღოს, ჯანმრთელობასთან მიმართებაში გაიაროს კონსულტაცია. თავის დროზე, იაპონელმა მეცნიერებმა ეს დიეტა ონკოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებისთვის შეადგინეს და ძალიან ეფექტურიც აღმოჩნდა როგორც პაციენტების ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის, ასევე წონის კორექციისთვის. თუმცა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ 18-საათიანი დიეტის გარკვეული წესები. 18-საათიანი შიმშილი არ ნიშნავს, რომ დარჩენილი 6 საათის განმავლობაში, რაც კვებისთვის არის განკუთვნილი, ყველაფრის მიღება შეგვიძლია. სასურველია, ამ 6 საათის განმავლობაში დავიცვათ გარკვეული წესები და დავაწესოთ შეზღუდვები კვებით რაციონში. წონის კორექციისას მაქსიმალურად უნდა იყოს შემცირებული მარტივი ნახშირწყლები. აღსანიშნავია, რომ 6 საათის განმავლობაში მიღებული კალორიების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს დღიურ ნორმას.

რამდენი კილოგრამის დაკლება არის მიზანშეწონილი თვის განმავლობაში?

რა თქმა უნდა, ეს ინდივიდუალურია, გააჩნია საწყის წონას. იმისთვის, რომ ორგანიზმს ზიანი არ მივაყენოთ, თვეში დაახლოებით საწყისი წონის 7%-ის კლება არის რეკომენდებული, თუმცა როდესაც გვაქვს მეორე ან მესამე ხარისხის სიმსუქნე, შეიძლება, მეტი კლებაც გვქონდეს. საწყისი წონის გარდა, კლება დამოკიდებულია იმაზეც, თუ რა საკვებს მივირთმევთ იმ 6 საათის განმავლობაში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები