LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენტონი ბლინკენი: NATO-მ 2008 წელს დაადასტურა, რომ მისი კარი უკრაინისა და საქართველოსთვის ღიაა

78
ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, NATO-ს კარი, როგორც უკრაინისთვის, ასევე, საქართველოსთვის ღიაა. მისი თქმით, ეს ალიანსმა 2008 წელსაც დაადასტურა. აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო მდივანმა NBC News-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

ბლინკენის განცხადებით, ალიანსი თავისი არსებობის დღიდან ცხადად ამბობდა, რომ კარი ღია იქნებოდა ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელსაც წევრობა სურს და საჭირო კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

„ალიანსმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა 2008 წელსაც, რომ მისი კარი ღიაა უკრაინისთვის და ასევე, საქართველოსთვის — თუ ისინი წევრობისკენ სწრაფვას გააგრძელებენ და მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, ეს საკითხი წინ წავა“, — აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

მან ასევე, ისაუბრა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო აგრესიაზე და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამის შედეგები ვლადიმირ პუტინისთვის არასასიამოვნო იქნება. მისი თქმით, არსებობს ბევრად უკეთესი — დეესკალაციისა და დიპლომატიის გზა.

ხავიერ კოლომინა: რუსეთს სურს, საქართველოსა და უკრაინას უკარნახოს, რა არჩევანი გააკეთონ – ჩვენ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებების ერთგული ვართ

„ყველაზე საინტერესო აქ ის არის, რომ — თუ 2014 წელს დავუბრუნდებით, როცა რუსეთი უკრაინაში შევიდა — ეს არის ის, რაზეც პუტინი ამბობდა, რომ თავიდან აცილება სურდა, თუმცა რეალურად თავისი ქმედებებით პროვოცირებას უკეთებდა. სიმართლე ისაა, რომ სანამ პუტინი აღმოსავლეთ უკრაინაში შევიდოდა, დიდი საჯარო მხარდაჭერა NATO-ში დაუყოვნებლივ გაწევრიანებაზე უკრაინაში არ იყო — ეს შეიცვალა. ანალოგიურად, NATO-საც მოუწია, რომ თავი უკეთესად დაეცვა და უკეთესად მომზადებული ძალები ჰყოლოდა რუსეთთან ახლოს“, – დასძინა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს, გაუქმდეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა NATO-ში უნდა გაწევრიანდნენ.

მათივე მტკიცებით, NATO პირობების დარღვევით იწევს აღმოსავლეთისკენ და ყურადღებას არ აქცევს „მოსკოვის უსაფრთხოებას“. მათი თქმით, დიდი ხანია უსვამენ ხაზს, რომ მოვლენების ასე განვითარებას არ დაუშვებენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: ნატო-ს გაფართოება არ შეიძლება სხვა ქვეყნების უსაფრთხოების საზიანოდ მოხდეს