„ეროვნული თანხმობა უნდა ვმართოთ ჩვენ, პარტნიორების ძალისხმევა როგორიც არ უნდა იყოს, პროცესი საბოლოოდ ჩვენ უნდა მოვირგოთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, ყველას მიზანია შერიგება, რომელსაც ურჩევნია, ეროვნული თანხმობის პროცესი დაარქვას, რადგან ეს უფრო პროცესია, ვიდრე შედეგი, თუმცა ზურაბიშვილის თქმით, აუცილებელია, პროცესის წინ წასვლისთვის, რაღაც მომენტში კონსენსუსის პლატფორმა შედგეს.
„თვით შერიგებაც ვერ იქნება წინაპირობა. ეს ცუდად იყო გაგებული, დაიწყო ამაზე გარკვევა, რომ როგორ უნდა შეურიგდე იმას თუ ამას, ან რატომ უნდა შეურიგდე. შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი. იწყება მოსმენით, იწყება ერთმანეთის აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით და სიმართლის გაგებით. მით უმეტეს, როცა წარსულს ეხება ან აწმყოს, გრძელდება სამართლიანობით და შემდეგ შეიძლება, შედგეს. ცხადია, ყველას მიზანია შერიგება, რომელსაც მირჩევნია, დავარქვა ეროვნული თანხმობის პროცესი, რადგან მაინც უფრო პროცესია, ვიდრე შედეგი, მაგრამ აუცილებელია, რათა ეს პროცესი წინ წავიდეს, რაღაც მომენტში შედგეს კონსენსუსის პლატფორმა.
დარწმუნებული ვარ და გამოცდილებაც მივიღეთ, რომ ეს უნდა იყოს ჩვენ მიერ მართული პროცესი. ჩვენ მივედით იმის ბოლომდე, რომ გარედან რაც არ უნდა იყოს ძალისხმევა, მონდომება ჩვენი პარტნიორების, იმათ არ აქვთ შიგნიდან პროცესების ისეთი გაგება, რომ მართონ ასეთი მძიმე, ძლიერი და ხანგრძლივი პროცესი, რადგან ეს არ იქნება ორიოდე დღის პროცესი. ვინც ელოდება ასეთ შედეგებს, არარეალურია. ამიტომ, ეს უნდა იყოს ჩვენ მიერ მართული პროცესი. ცხადია, ჩვენ შეიძლება, გამოვიყენოთ მოდელები და არსებობს ბევრი მაგალითი, რაც გამოყენებული იქნა სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში და არაევროპულ ქვეყანაში. ეს არის მხოლოდ მაგალითები, საიდანაც შეიძლება შედარებითი ანალიზები გამოვიტანოთ, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ უნდა მოვირგოთ ეს პროცესი ჩვენს სპეციფიკაზე და ეს უნდა იყოს ქართული პროცესი, სადაც რაღაც ეტაპის შემდეგ, არ არის გამორიცხული, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა იყოს გარკვეული ფორმით გამოხატული. მაგრამ ჩვენი გადასაწყვეტია, რა ფორმატზე გადავალთ, როცა ჩვენ ჩავთვლით, რომ პირველი გარკვევის ეტაპი დასრულდა. ეს იქნება საკანონმდებლო დონეზე ახალი კანონმდებლობის მიღება, კომისიის შედგენა, რომელიც შეუდგება უფრო დეტალურ განხილვას, იქნება საზოგადოებრივი ქარტია თუ სახალხო კრება ან სხვა ფორმატი. ძალიან ბევრი ვარიანტის მოფიქრება შეიძლება. ყოველ შემთხვევაში, მე არ ვაპირებ, რომ ჩემი პასუხი მქონდეს დღეს და ვინმეს თავს მოვახვიო. ერთად იქნება გასარკვევი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ის სამი წელი რაც დამრჩა, ვალდებულად ვთვლი, რომ [შერიგების] ეს პროცესი დავიწყო: სალომე ზურაბიშვილი
ამავე თემაზე:
არ გვაქვს რაიმე სახის სიმულაციაში მონაწილეობის სურვილი: გიგა ბოკერია პრეზიდენტის მიწვევაზე
ნაძვის ხეზე წასვლით და არც წაუსვლელობით არაფერი დაშავდება: გიგი უგულავა
“არა ნაძვის ხის და შამპანურის გამო” – ვინ რა არგუმენტით (არ) მივა პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე
მადლობა პრეზიდენტს – ნიკა მელიამ ზურაბიშვილის მიპატიჟება არ მიიღო