მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. სამი გამარჯვებული პროექტიდან ორს გრანტს სააგენტო გადასცემს, ერთ სტარტაპს კი USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა დააფინანსებს.
გამარჯვებული პროექტებია:
- ფიტოტესტერის კომერციალიზაციის მოდელის შერჩევა და დანერგვა – პროდუქტი გულისხმობს მცენარის ბიოელექტრული სიგნალების პორტატული/ჯიბის ტესტერისა და ამ სიგნალების საზომ-გადამცემი სმარტფონთან მისაერთებელი ადაპტორის შექმნას.
- LifeCraft Academy – ონლაინ სასწავლო პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს პიროვნული და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას სთავაზობს.
- StoryLand – პლატფორმა ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით მომხმარებელს საშუალებას აძლევს ნებისმიერი ისტორია, ფიქრი, მოთხრობა, ზღაპარი თამაშად აქციოს.
საგრანტო პროგრამის მიზანია, საქართველოს რეგიონებში ხელი შეუწყოს ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას. USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამასთან თანამშრომლობით საგრანტო პროგრამის ბენეფიციარებს მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონებიდან პროექტების განხორციელებისთვის დამატებითი რესურსების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.