„მოვუწოდებ ხელისუფლებას – დროა, თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოაჩინოს. დროა, რომ რაც არაერთხელ მოვითხოვე – შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო, შეიკრიბოს საჯაროდ და განხილული იყოს 3-თვიანი ვიზების დაწესება, რაც საჭირო არის ჩვენთვის, თუნდაც შიდა გამოწვევებიდან გამომდინარე“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას პროვოკაცია უწოდა.
პრეზიდენტი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე: რუსეთიდან საჩუქრები არ გვჭირდება, ვითომც რაღაც დათმობა
„დღეს ყველამ მოვისმინეთ მორიგი რუსული პროვოკაციული განცხადება. რას ემსახურება ეს პროვოკაცია – შესაძლებელია ერთი მხრივ ეს იყოს გადაფარვა თავიანთი მარცხის, კრახის, ბახმუტში – არ ვიცი, როგორ უნდა დავახასიათო, მაგრამ ვგულისხმობ იმას, რაც ხდება და სადაც ვერ ახერხებენ თავიანთი ძალის გამოჩენას. შესაძლოა, ეს იყოს პასუხი ევროკავშირის მიერ გუშინ გაცხადებული სანქციების მე-11 პაკეტის მიმართ.
ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რომ ეს არის პროვოკაცია ჩვენი საზოგადოების გამოწვევისთვის და ჩვენს ხელისუფლებას დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს. ეს უთუოდ გამოიწვევს ერთგვარ დაძაბულობას, ყოველ შემთხვევაში პარტიებს შორის, თორემ დარწმუნებული ვარ, საზოგადოებაში დაძაბულობას არ გამოიწვევს – გამოიწვევს რეაქციას, რომელსაც ძალიან კარგად ესმის, რომ რუსეთი ამ ნაბიჯებს დგამს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე.
სამწუხაროა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ჯერ ვერ გაიგო, არ დაფიქრდა ისტორიაზე და მაგალითებზე, რაც არსებობს, რომ რუსეთის ხელისუფლება დათმობებზე დათმობით არ პასუხობს. პასუხობს იმით, რაც უფრო გაართულებს მდგომარეობას.
ეს არის მისი ქცევის მუდმივი მეთოდი და ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლებაა. ჩემი პოზიცია „ტვიტერზე“ გამოვხატე. მიმაჩნია რომ უადგილოა, უდროოა.
„კიდევ ერთი რუსული პროვოკაცია!“ – პრეზიდენტი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე
ვიზების მოხსნა არ გვჭირდება, არც ფრენების აღდგენა, სანამ რუსეთი მთელი მსოფლიოსთვის აგრესორია და ოკუპანტის ასეთი ჟესტი უდროო და მიუღებელია. მოვუწოდებ ხელისუფლებას – დროა, თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოაჩინოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ამასთან, ვლადიმირ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.