ნანი ბრეგვაძისა და ეკა მამალაძის ოჯახში ახალი წელი განსაკუთრებული დღესასწაულია, თუმცა წელს, რასაკვირველია, ტრადიციული ბედობის შეკრებისა  და შესანიშნავი მუსიკალური საღამოს გარეშე ჩაივლის, მხოლოდ ვიწრო ოჯახურ წრეში. მიუხედავად საერთო განწყობისა, რომელიც ძალიან ამაღლებული არ არის ობიექტური მიზეზების გამო, ეკა მამალაძემ მაინც გადაწყვიტა სახლის ძველებურად მორთვა და ფიქრობს, რომ ხასიათის გამოკეთებას რთულ პერიოდში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ნანი ბრეგვაძის ოჯახში, ტრადიციულად, fortuna.ge-ს საახალწლო გადაღება შედგა.

ეკა მამალაძე:

მიუხედავად იმისა, რომ სადღესასწაულო განწყობა წელს ნაკლებია, როცა ახალი წელი ახლოვდება, მაინც ვიფუსფუსეთ საახალწლოდ. ვიფიქრე, აივანსაც გავანათებ-მეთქი. დედაჩემმა მითხრა, უხერხული ხომ არ არის ასეთ დროს აივნის განათება და მორთვაო. თავიდან წინააღმდეგი იყო. გავიხედე ჩემს პირადპირ და ძალიან ბევრი აივანი იყო განათებული და მორთული. ამის შემდეგ მეც მივიღე აივნის მორთვის გადაწყვეტილება. ჩემს თავს მინდა შევუძახო, რომ ყველაფერი უკეთ იქნება. ნეგატივი, გაბრაზება, გამწარება ძალიან ცუდია… რა თქმა უნდა, ასეთ დროს გაგიჟებული გახარებული ვერ იქნები. პანდემიამ უამრავი ნეგატივი მოიტანა. მხოლოდ ჩემი შვილის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ 2020 წლის დასაწყისში მისი კარიერისთვის მნიშნელოვანი რამ მოხდა, კონკურსზე გაიმარჯვა, თუმცა შემდეგ მისი კარიერა ისე ვერ განვითარდა, როგორც დაგეგმილი იყო. თუმცა ვფიქრობ, რომ ყველაფერს აქვს წერტილი და ამასაც დაესმება, წავა და აღარ იქნება ეს ვირუსი.

ანუ 2021 წელს უკეთესის მოლოდინით ხვდებით.

რა თქმა უნდა, მაქვს უკეთესის მოლოდინი. მე წინა კარანტინის დროსაც ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი. მაინც გული არ დამწყვეტია. არ მითქვამს, ვაიმე, რა მეშველება-მეთქი, რადგან ასეთ დროს ვერაფერს გააკეთებ. რა უნდა ქნა? ეგუები. ჩემი თავი ფსიქოლოგიურად ამოვიცანი და ჩემი ფსიქოპოტრეტიც ასეთია, მაინც მომავალზე ვარ ორიენტირებული. სულ მაინტერესებს, ახლა როგორ ვარ და მომავლისკენ ვიყურები. მახარებს, რომ უფრო მეტად პოზიტიურად ვაზროვნებ და უკან არ ვიხედები. ამას წინათ ნატალია იყო ტელევიზორში, ჩემმა ნათესავმა დამირეკა, ძალიან კარგ ხასიათზე დავდექიო. კი არ ვმეტიჩრობ ახლა, უბრალოდ, ვამბობ, რომ შენი ერთი ფრაზით თუ ნამღერით შეგიძლია პოზტივისა და სიხარულის მოტანა, ეს ყველაზე დიდი სიმდიდრეა.

სწორედ ამიტომ გააბრჭყვიალეთ თქვენი სახლი, როგორც გვითხარით. შემატეთ რაიმე თქვენს ლამაზ ნაძვის ხეს?

ორი წელი ნამდვილი ნაძვის ხე გვქონდა. მე და ნანი მცირე ხნის წინ ბაკურიანში ვიყავით, სახლში ძველ ფრანგულ ნაძვის ხეს ვინახავდით, ძალიან კარგი ნაძის ხეა. ნატალიკოს ამოუტანია მარტო და სიურპრიზად დაგვახვედრა საახალწლოდ თბილისში დაბრუნებულებს. მერე ჩვენ მოვრთეთ. ძალიან მომწონს ნაძვის ხე მხოლოდ განათებებით, თუმცა როდესაც სათამაშოების ყუთებს ვხსნი, მენანება, რომ არ ჩამოვკიდო. ეს არის წლების განმავლობაში ჩვენ მიერ ნაგროვები სათამაშოები…

2 იანვრის ტრადიცია წელს, ალბათ, დაირღვევა, როცა თქვენს ოჯახში მეგობრები და კოლეგები იკრიბებიან მუსიკალური საღამოებისთვის

წელს ეს შეკრება არ იქნება, სამწუხაროდ. არ მინდა პასუხისმგებლობის აღება, რომ ვინმეს რამე გადაედოს. 2 იანვრის ტრადიცია ჩვენს ოჯახში ოთხი-ხუთი წლის წინ დამკვიდრდა. სულ გვინდა, რომ ასეთ დღეს ჩვენთან მოვიდნენ სტუმრები, ამიტომ ტრადიციად დამკვიდრდა.

ვინ ამზადებს საახალწლოდ კერძებს თქვენთან?

რასაკვირველია, მე. საცივს არ ვამზადებ, რადგან დედაჩემს არ უყვარს. აუცილებლად გვაქვს ხოლმე მოხარშული ბურვაკი. გოზინაყს ჩემს დამხმარე ქალბატონთან ერთად ვამზადებ. ასევე ცნობილია ჩემი ტორტი, მინდა გითხრათ, საცორებას ვაკეთებ. მას არა მხოლოდ საახალწლოდ ვამზადებ ხოლმე, მაგრამ ახალ წელს აუცილებლად. რეცეპტი ვიცი ბებიისგან. არანაირი განსაკუთრებული გაფორმება არ არის, მაგრამ ისეთი გემო აქვს, წარმოდგენაც კი არ შეგიძლიათ.

საჩუქრების ჩუქების ტრადიცია გაქვთ ახალ წელს?

ნაძვის ხის ქვეშ საჩუქრებს მაშინ აწყობ, როცა სახლში პატარები გყავს. წელს დაბნეული ვარ, რადგან უკვე დიდი შვილიშვილები მყავს. ერთადერთი, ნიკოს დავუდებ ნაძვის ხეს საჩუქარს, ნანის აუცილებლად დავასაჩუქრებ, ხოლო ნატალიას საახალწლოდ ასევე შევპირდი საჩუქარს, კერძს მისი საახალწლო სუფრისთვის. ხალისი ახალი წლისთვის სწორედ ჩემი ოჯახის გამო მაქვს. გარშემო ჩემი ახლობლები ჩემთან ერთად არიან და ჯანმრთელად, რაც მთავარია. იმდენი რამ გინდა ცხოვრებაში, მაგრამ მე ყოველთვის იმით ვარ კმაყოფილი, რაც მაქვს. ბედნიერი ვარ იმ ადამიანებით, რომლებიც გარს მახვევია და ასევე იმით, რომ სახლში საჭმელი მაქვს. გაიხედეთ გარშემო, რა ხდება. სიმდიდრე არის შენი შვილები, შვილიშვილები, ოჯახი, დედა… სიტყვა წარმატებული არ მიყვარს, მაგრამ ასეთები არიან ჩემი შვილები, რითაც ასევე ბედნიერი ვარ. თუკი ვინმე რაიმეს ცუდს იტყვის ჩემზე და ჩემს ოჯახზე და გამიგია ამ ბოლო დროს რაღაცები, მე მაინც არ მივაცევ ყურადღებას, ზემოდან შევხედავ ამ ყველაფერს. ვერაფერს დაგაკლებენ, როცა არ ხარ გამწარებული ადამიანი და ფეხზე მყარად დგახარ.

2021 წლისთვის რა სურვილი გაქვთ, პანდემიის დასრულების გარდა?

რასაკვირველია, ეგ ყველას სურვილია. და კიდევ, სიამოვნებით ჩავჯდებოდი თვითმფრინავში. ბევრ ქვეყანაში მიმოგზაურია, მაგრამ ის მომენტი მენატრება, როცა თვითმფრინავში უნდა ჩაჯდე და სადმე გაემგზავრო. მინდა, პანდემია მორჩეს და ყველა ჯანმრთელად იყოს!.. ყველას ცხოვრებაში ყველაფერი დალაგდეს…

ფოტო: დათუნა აგასი

ინტერვიუ: ნინო მურღულია

 

მსგავსი თემები