ქვეყანაში ეპიდვითარება ნამდვილად საყურადღებოა, ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად მატულობს. ვხედავთ, რომ კოვიდის შემთხვევაში სამწუხაროდ პროგნოზები არ ამართლებს. ამიტომ ძალიან რთული სათქმელია, შემთხვევათა კლება დაწყება აგვისტოს შუა რიცხვებში, ბოლოს თუ როდის, თუმცა, იმედი ვიქონიოთ რომ სტაბილიზაცია მალე მოხდება. – ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” განაცხადა და ახალ შემთხვევათა ზრდის გამომწვევ ფაქტორებზე ისაუბრა.
ბუწაშვილი ამბობს, რომ ფუნდმენტური ეპიდემიოლოგიური კვლევების გარეშე რთულია იმ მიზეზების დასახელება, რამაც ქვეყანაში ინფიცირებულთა ასეთი ზრდა განაპირობა. თუმცა, მთავარ ფაქტორებს შორის ტურიზმსა და ხალხმრავალ შეკრებებს მოიაზრებს.
“ტურიზმი ცალსახად არის შემთხვევების აღმავლობის ხელშემწყობი ფაქტორი, რადგან შემოდიან ტურისტები იმ ქვეყნებიდან სადაც ძალიან მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, მართალია მათ სთხოვენ საზღვარზე დოკუმენტს, მაგრამ ჩვენ არ ვართ დარწმუნებული რომ ეს დოკუმენტები ვალიდურია.”
მეტად უნდა გამკაცრდეს კონტროლი ტურისტების მიმართ, შემოსვლისას ნამდვილად გარანტირებულად უნდა ხდებოდეს მათი შემოწმება ვირუსთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ქორწილებსა და შეკრებებს, ეს მართლაც სტატისტიკის ზრდის ერთ-ერთი მიზეზია.
ჩვენ ვხედავთ, რომ ძველი ტრადიციები აღვადგინეთ ძალიან სწრაფად, თავშეყრები, ქელეხები, ქორწილები ისევ ძალაშია.
განსაკუთრებით რეგიონებში, სოფლად ძალიან ხშირია ისევ იმ ტიპის თავშეყრები, სადაც უკონტროლო კონტაქტია ადამიანებს შორის და სუფრა არის ის ერთ-ერთი ადგილი სადაც, სამწუხაროდ, ყველაზე მეტად ხდება ვირუსის გადაცემა,” – აღნიშნა მაია ბუწაშვილმა “კვირის თემაში” სტუმრობისას.
ამავე თემაზე: