LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წასვლამდე იყო პირობა, რომ დაბრუნდება“- ცნობილი ქართველები, რომლებიც უკრაინაში საქართველოს დასაცავად წავიდნენ

47334
FORTUNA.GE (33)

24 თებერვალი, 4:20 წუთი, ეს ის დროა, როდესაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. პუტინის რუსეთი უკრაინაში მოწყობილ კოშმარს სამხედრო ოპერაციას უწოდებს.

მოაზროვნე მსოფლიო თანხმდება, რომ გმირი უკრაინელები, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით, ევროპისა და მსოფლიოს მშვიდობას იცავენ.

უკრაინაში მშვიდობისა და საქართველოს დასაცავად ჩავიდნენ ქართველებიც. მათ შორის არის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც კიევის ჩრდილოეთით იბრძვის.

„ომი ადვილი არ არის, ახლა ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში ვზივარ, რადგან ბოლო 5 საათია, ინტენსიური დაბომბვა მიდის კიევში, ჩემი თვალით ვხედავ 21-ე საუკუნის ფაშიზმს. ბალისტიკურ რაკეტებს ისრიან, ესვრიან ყველაფერს სახლებს, ეკლესიებს…

ამას აკეთებენ ის ადამიანები, რომლებიც მთავარი პროპოგანდისტები არიან, რომ მძინარე ცხინვალს ესროლეს ქართველებმა“… –  ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი.

 

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი რუსეთ-უკრაინის ომში მოხალისედ წავიდა. ამის შესახებ მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე 13 მარტს დაწერა.

“არასოდეს გულგრილი არ ვყოფილვარ. არ შემეძლო ისე მეცხოვრა, რომ სხვისი დარდი და განსაცდელისთვის თვალი ამერიდებინა. ახლა უკრაინა, ჩვენი ჭირის და ლხინის თანაზიარი უკრაინელები განსაცდელში არიან.

იბრძვიან ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ. ამ ბრძოლის შორიდან ყურება არ შემეძლო. ამიტომაც აქ ვარ, უკრაინაში. მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში. მტერი უნდა დავამარცხოთ.

დიდება უკრაინას!
დიდება საქართველოს!”, – დაწერა ელისაშვილმა სოციალურ ქსელში.

მისი თანაპარტიელი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ელისაშვილთან პერიოდულად აქვს კომუნიკაცია და რომ ის კარგადაა.

ლევან იოსელიანის თქმით, ელისაშვილი ამბობს, რომ უკრაინაში სელფების გადასაღებად არ არის წასული, შესაბამისად,  კამერებთან პოზიორობასა და ინტერვიუებზე უარს ამბობს.

უკრაინაში მოქმედ მოხალისეთა ბატალიონს – „ქართული ლეგიონი“, პოეტი თემურ ელიავა შეუერთდა.

მისი  მეუღლე, ანა კუტალია მედიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ მისი მეუღლე, 33 წლის პოეტი უკრაინაში 13 მარტს წავიდა.

ანა კუტალია: მეც ისეთ მდგომარეობაში ვარ, რა გითხრათ, არ ვიცი.. ომის თემაზე საუბრები ყოველთვის იყო. იცით, რომ თემური სოხუმელია და როგორც ჩანს, ომი ბავშვებში კვალს ტოვებს და სულ ჰქონდა განცდა, რომ მაშინ პატარა იყო და არაფრის გაკეთება შეეძლო. წასვლაზე საუბარი რომ დაიწყო, წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, ვიფიქრე, უბრალოდ ამბობს მეთქი.

3 შვილი გვყავს, 2 ბიჭი და პატარა გოგონა. 12, 11 და 5 წლისები არიან. უფროსი შვილი თავიდან ძალიან გაბრაზდა, ახლა მათაც ესმით რა ხდება და ამ ყველაფერს ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს…

როგორც ხდება ხოლმე, ომის ველიდან დაწვრილებით არაფერი ვიცი იმის გარდა, რომ ამ წამს ცოცხალია და ნორმალურად არის. ნორმალურში რას გულისხმობს ვერ გეტყვით… როცა აქვს შესაძლებლობა, 2-3 სიტყვას მწერს, რომ ვესაუბრო, ამის შესაძლებლობა არ არის…

წასვლამდე იყო პირობა, რომ დაბრუნდება“… ამბობს ანა კუტალია „პრაიმ ტაიმთან“ საუბრისას.

 

 

მებრძოლების გარდა ომში წასვლა გადაწყვიტეს ექიმებმაც…

მათ შორის არის გიორგი ღოღობერიძე, რომელმაც ვიდეო გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა წასულიყო უკრაინაში, სადაც ექიმები ძალიან სჭირდებათ. 

გიორგი ღოღობერიძესთან ერთად უკრაინაში მიემგზავრებიან „მთავარი დიაგნოზის“ წამყვანები სოფო ჯაფარიძე და ლევან ბუთხუზი.

“ჩვენი ჩართულობა იქნება ყველგან, მთავარია, რომ უკრაინელ ექიმებს და ადამიანებს გვერდით დავუდგეთ” – აცხადებენ წამყვანები.

 

 

უკრაინაში საბრძოლველად ერთ-ერთი პირველი წავიდა სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა.

 

 

უკრაინაში ჩასვლის შემდეგ დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში აქტიური აღარაა. უცხოურ მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ „პუტინის შეჩერებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ უშიშრები ვიქნებით“.

 

უკრაინის ომში წასვლა მეგობრებთან ერთად გადაწყვიტა ანსამბლ „ჩელას“ ლოტბარმა. ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„ლადო გამსახურდია, ანსამბლ „ჩელას“ ლოტბარი ბუბა სორდია და ჩვენი თაობის უძლიერესი პოეტი თემურ ელიავა“, – ვკითხულობთ  ფოტოს აღწერაში.

 

 

რუსეთ-უკრაინის ომში ერთ-ერთი პირველი წავიდა დომენიკ მანგო.

მისივე ინიციატივით, თბილისიდან უკრაინაში ომში დასახმარებლად 60 მოხალისე გაემგზავრა.

 

 

უკრაინელების გვერდით იბრძვის ქართველი სპორტსმენი მირო ვანაძე, რომელიც  შერეულ ორთაბრძოლაში ასპარეზობს.

ბოლო 5 წელია უკრაინაში ცხოვრობს. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მან ჩათვალა, რომ საქართველოში დაბრუნების დრო არ არის და სამშობლოში დაბრუნებას რეზერვისტობა არჩია.

ომის დაწყების შემდეგ მირო უკრაინელებისთვის უფასო პურს აცხობს.

 

 

საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების გარდა, უკრაინაში საქართველოს საზღვრების სხვა ბევრი ქართველი იცავს.

რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: ომი უკრაინაში

 

magti 5g