ზურა გორგაძემ 3 წლის წინ საოცნებო ბინა შეიძინა და სულ ახლახან რემონტი დაამთავრა. fortuna.ge მის ბინას დეტალურად დაგათვალიერებინებთ, მეგზურობას კი თავად ტელესახე და მსახიობი გაგვიწევს.
ზურა, საკუთარი ბინაზე ყველა ოცნებობს. როგორ აიხდინე ეს ოცნება?
ნამდვილად ასეა და მინდა, ყველას ვუსურვო აეხდინოს ოცნება, რომელიც საკუთარ კერას უკავშირდება! დიდი ხანი დავატარებდი ამ ოცნებას გულით, მაგრამ გარკვეული პირობები ხელს არ მიწყობდა. მოგეხსენებათ, ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი და ნამდვილად რთულია, ყველაფერს ერთად მობილიზება გაუკეთო. ბევრს ვშრომობ, შესაბამისად, მიზნად დავისახე, პრიორიტეტად ვაქციე და გამოვიდა კიდეც, თან გამიმართლა, 3 წლის წინ, მაშინ, როდესაც ამაზე ფიქრი სერიოზულად დავიწყე, ზუსტად ჩემს საოცნებო ადგილას გადაწყვიტა ერთ-ერთმა კომპანიამ მშენებლობის დაწყება (ქალაქში და თან ახლოს ბუნებასთან). ესეც მენიშნა. მივხვდი, რომ ეს ის მომენტი იყო, რომელიც ხელიდან არ უნდა გამეშვა და არც გავუშვი… დახმარების ხელიც გამომიწოდეს და მშენებლობის დასრულებამდე წინასწარი შესატანისთვის 2 წელი შიდა განვადებით მასარგებლეს…მშენებლობის დასრულების შემდეგ იპოთეკაც მარტივად გაკეთდა.

მართალია, დიდი ხანი დიდი ვალით მომიწევს ცხოვრება (იღიმის), მაგრამ როცა იცი, რომ შენია, და ეს ის ოცნებაა, რომელიც აიხდინე, ამად ნამდვილად ღირს.
მთელი ზაფხული მართლა ბინის რემონტში გაატარე და ვერსად წახვედი?
არამხოლოდ ზაფხული (იღიმის). ფაქტობრივად, ერთი წელი გაგრძელდა სარემონტო სამუშაოები… პრინციპში, რემონტი დათქმულ ვადებში დავამთავრეთ, თუმცა მხოლოდ კედელი, იატაკი და ჭერი არაა, უამრავი დეტალია და თან, თუ გინდა, რომ შენი ოცნება რეალობად აქციო, ბევრჯერ გაზომვა და მერე გაჭრა გიწევს…

ექსპერიმენტების ჩატარების საშუალება არ მქონდა და დიდი სიფრთხილით ვარჩევდი და ვწყვეტდი ყველა დეტალს… ჩემი ვარაუდით და გათვლებით, მეგონა, ზაფხულის მშვიდად გატარება შემეძლო, მაგრამ იყო ვადების გადაცილებებიც… ვინ გაგიშვა, სად წავიდოდი (იღიმის). ყოველდღე ახალ-ახალი ხელოსანი შემოდიოდა და გადიოდა ახალი დეტალის დასასრულებელ-გამოსასწორებლად… გამომსვეს თბილისში…

რა იყო ყველაზე რთული და ადვილი შენი რემონტისას?
ბინის რემონტი ნახევრად, ფაქტობრივად, საბარტერო თანამშრომლობებით გავაკეთე, სხვანაირად ვერც მოვერეოდი ფინანსურად… ყველაზე რთული, ალბათ, მაინც მთელი 3 წლის განმავლობაში ყველაფრის გადაღება, ვიდეოების დახარისხება, შენახვა და მათი მონტაჟი თვეების შემდეგ, რომ საბოლოო შედეგი ჩემი გამომწერებისთვისაც გამეზიარებინა…

ფინანსურად თანხა დავზოგე, თუმცა უდიდესი ადამიანური რესურსი მოითხოვა. ასევე რთული იყო რთულ ხელოსნებთან კომუნიკაცია, რაც საბედნიეროდ, მცირე დოზებით შემეხო. და რთული იყო ლოდინი, როდის დავდებდი თავს ბალიშზე პირველად საკუთარ ახალ ბინაში.
როგორი გინდოდა გამოსულიყო და საბოლოოდ, რა შედეგი მიიღე, რა მოგეწონა ყველაზე მეტად შენს ბინაში?
იქიდან გამომდინარე, რომ დაწყების დღიდან ბოლო დღემდე თითოეულ დეტალში თავად ვიყავი ჩართული, კი, ზუსტად ისეთი და საბოლოო ჯამში უკეთესიც კი გამოვიდა, ვიდრე წარმომედგინა… დიზაინერსაც, სანამ ჩემი წარმოდგენები არ დავახატვინე, თავი არ დავანებე (იცინის). როცა არ ვიცოდი, როგორ ამეხსნა, ყველა ხელოსანთან ფოტო და ვიდეომასალით მივდიოდი და ვაჩვენებდი, თუ რა მინდოდა, ხან ვუხატავდი…

ყველაფერი მომწონს, ყველა დეტალი და არა მხოლოდ. მე ვინც მესტუმრა. არავინ დამალა თავისი ემოცია და ამან კიდევ უფრო გამახარა… დიდი ენერგია და რესურსი ჩავდე და მიხარია. რომ შედეგი გამოიღო.

ახალმოსახლეობის აღნიშვნას თუ გეგმავ?
ვაპირებ, თუმცა როდის არ ვიცი… ზაფხული ისე გამიფრინდა და ახალი სატელევიზიო სეზონი ისე მომადგა, შეგრძნება მქონდა, რომ შვებულებაში არც გავსულვარ, ამიტომ სამუშაო რეჟიმიდან ახალ სამუშაო რეჟიმში გადავედი… როგორც კი პატარა პაუზა გამოჩნდება, სუფრა გაიშლება (იღიმის).
ფოტოებისთვის მადლობა ფოტოგრაფ დავით ბანცაძეს.