ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, სოციალური ქსელის მეშვეობით მორიგ პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას იმ ადამიანებს აცნობს, რომლებიც მძიმე პერიოდში მას უპირობოდ გვერდში დაუდგნენ.
ამასთან, როგორც გიორგი კეკელიძე წერს, ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც სიკეთე გაუკეთა, მაგრამ მათ სიკვდილის პირას მყოფიც კი არ მოიკითხეს.
„ბოლო ორი წლის მანძილზე, ცუდი ყველაფერი ვნახე. ვნახე ადამიანები, რომელთაც მთელი ცხოვრება გვერდით ვედექი, ზუსტად ერთ წუთში გააქრეს ყველაფერი და ჩემს თვალდახუჭულ მტრებად იქცნენ.
იყვნენ ისეთებიც, რომელთათვის საკუთარი თავიც გამირისკავს და სიკვდილის პირას მყოფიც არ მომიკითხეს.
მე მათ ვაპატიე. იყო არაერთი, მოვიდა სხვათაშორისი მზერით და უკვე ფეხზე წამომდგარს მომესალმა. მეც გავუღიმე და მივესალმე. მაგრამ პატიება ვერ უშველის ფიქრს, რომ ადამიანი შეიძლება ზოგადად ასეთი არსებაა – სისხლისმსმელი, გაუთვალისწინებელი და უნდო – სულერთია რას დაირქმევს – ლიბერალს, კონსერვატორს თუ მეჩონგურეს. და განწირულიც კი ვიყავი ასეთი ფიქრისთვის, როცა გამოჩნდა ხალხი, რომელთაც თითქმის არ ვიცნობდი, არც არაფერი გამიკეთებია მათთვის და უპირობოდ გვერდით მედგნენ. ზოგჯერ ამ ადამიანებზეც მოგიყვებით. აგერ ორი მათგანი: გენრი დოლიძე და როინ აბუსელიძე შესანიშნავი პოეტები და მოქალაქეები ბათუმიდან“. – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.
