კომპანია Honda-მ შექმნა მისაბმელი კემპერი სახელწოდებით Base Station. ამ ეტაპზე ეს კონცეპტუალური მოდელია, თუმცა უკვე ცნობილია, რომ უახლოეს მომავალში მისი შეძენაც იქნება შესაძლებელი. იუწყებიან, რომ კემპერი დამწყები მოგზაურებისთვისაც გამოდგება და მისი ბუქსირება ელექტრომობილებსაც შეეძლებათ.
კემპერის ზუსტი გარე ზომები ჯერ არ სახელდება. Honda ამტკიცებს, რომ მის ბუქსირებას უპრობლემოდ შეძლებენ შედარებით პატარა კროსოვერები, მაგალითად Honda CR-V. მცირე მასა საშუალებას იძლევა, სიახლე მომავალში ბრენდის ელექტრო SUV-ებთანაც გამოიყენონ, რისთვისაც ენერგიის ეკონომია ბუნებაში გასვლისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

კემპერის ფორმა კლასიკურია – მართკუთხა. ორიგინალურ იერს მას სრულად შემინული გვერდითი კედლები და დამრეცი კუთხეები ანიჭებს. მთელ პერიმეტრზე დამონტაჟებულია LED განათების ზოლი, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს შიდა განათებას და ქმნის მყუდრო გარემოს კემპერის გარშემო.
შესასვლელი მოწყობილია უკანა ასაწევი კედლის მეშვეობით. სახურავის აწევის შემთხვევაში ჭერის მაქსიმალური სიმაღლე 2,13 მეტრამდე იზრდება. ინტერიერის ფოტოები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა ცნობილია, რომ სივრცე გათვლილია ოთხსულიან ოჯახზე: მშობლები დიდ ორადგილიან საწოლზე იძინებენ, ბავშვები კი ორსართულიან საწოლებზე.
კემპერი აღჭურვილია კონდიციონერით და მზის პანელებით. შესაძლებელია საჭმლის მომზადებაც და შხაპის მიღებაც, თუმცა შესაბამისი აღჭურვილობა გარეთ არის განთავსებული, რაც ცუდ ამინდში კომფორტს გარკვეულ პრობლემებს უქმნის.

ერთი დღით ადრე Honda-მ ასევე წარმოადგინა განახლებული ლოგო, რომელიც კომპანიამ პირველად შეცვალა ბოლო 25 წლის განმავლობაში. სტილიზებულმა ასო „H“-მა ოდნავ შეიცვალა ფორმა, მოიშორა ჩარჩო და მიიღო მოდური განათება. ახალი ემბლემა პირველად 2027 წლიდან ელექტრომობილებსა და ჰიბრიდებზე გამოჩნდება.