ღვინის ეროვნული სააგენტოს და ასოციაციის „ქართული ღვინო“ მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანია იტალიაში მერანოს ღვინის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდა.
ღონისძიების ფარგლებში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დასახელების ღვინო, მათ შორის, ქვევრის ღვინის და საფერავის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ღვინოები.
ღონისძიებას ღვინის პროფესიონალები და ჟურნალისტები დაესწრნენ.
„ამაღელვებელია ისეთი ღვინის დაგემოვნება, რომელსაც 8000 წლიანი ისტორია აქვს. ქართული ღვინო მსოფლიოში უფრო და უფრო ცნობილი ხდება, რაც მის მაღალ ხარისხზე მიანიშნებს. საქართველოში გვხვდება ღვინის დაყენების როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე მეთოდები“, – აღნიშნა გუიდო ინვერნიციმ, იტალიის სომელიეთა ასოციაციის წევრმა, რომელიც დეგუსტაციას უძღვებოდა.
სამხრეთ ტიროლში, ქალაქ მერანოში, ღვინის საერთაშორისო ფესტივალი პირველად 1992 წელს გაიმართა. ეს იყო ღვინის პირველი ფესტივალი ევროპაში, რომელიც დროთა განმავლობაში არა მხოლოდ იტალიის, არამედ მსოფლიო მასშტაბის წამყვან ღვინის მოვლენად იქცა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, ფესტივალის ფარგლებში, ქართული ქვევრი, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მერანოს, იტალიის ამ ერთ-ერთი უძველესი ქალაქის ცენტრში დაიდგა.