LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის სანაპიროსთან “პენსიაზე გასული” დელფინების ნაკრძალი გაიხსნება

110
stephen-coetsee-_dev43yk9wi-unsplash


იტალიის სანაპიროსთან უახლოეს პერიოდში გაიხსნება ევროპაში პირველი დაცული ნაკრძალი დელფინებისთვის, რომლებიც წარსულში აკვაპარკებსა და შოუებში მონაწილეობდნენ. პროექტის მიზანია იმ ზღვის ძუძუმწოვრების დაცვა, რომლებმაც ცხოვრების დიდი ნაწილი ტყვეობაში გაატარეს და ბუნებრივ გარემოში პირდაპირ დაბრუნებას ვეღარ ახერხებენ.

სპეციალისტები უკვე დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ დელფინებისთვის ტყვეობაში ცხოვრება მძიმე სტრესთან არის დაკავშირებული. აკვარიუმებსა და დელფინარიუმებში მათ არ აქვთ შესაძლებლობა სრულფასოვანი სოციალური ურთიერთობების, ნადირობისა და საკმარისი გადაადგილებისთვის, რაც ბუნებრივ პირობებში დელფინების ცხოვრების აუცილებელი ნაწილია.

ბოლო წლებში ევროპაში სულ უფრო მეტი აკვაპარკი წყვეტს დელფინების მონაწილეობით წარმოდგენებს, თუმცა ჩნდება ახალი პრობლემა – სად უნდა იცხოვრონ ამ ცხოველებმა შოუების დასრულების შემდეგ. ტყვეობაში დაბადებული დელფინები ველურ გარემოში დამოუკიდებლად ვერ გადარჩებიან, ამიტომ მათთვის ალტერნატიული, უსაფრთხო სივრცის შექმნა გახდა საჭირო.

გამოსავალი გახდა სპეციალური დაცული ზონა, რომელიც იტალიის სანაპიროდან ოთხ კილომეტრში, ზღვის ღია აკვატორიაში მოეწყობა. ნაკრძალი 7 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიას მოიცავს და ღრმა წყალქვეშა ბადეებით იქნება შემოსაზღვრული, რათა დელფინები დაცულ გარემოში იყვნენ, მაგრამ ზღვის ბუნებრივ პირობებს მაქსიმალურად მიუახლოვდნენ.

ტერიტორიაზე განთავსდება ვეტერინარული აუზი, ხოლო გარემოს მდგომარეობას 24 საათიანი მონიტორინგის სისტემა გააკონტროლებს. შეგროვებული მონაცემები რეალურ დროში დამუშავდება, რაც სპეციალისტებს საშუალებას მისცემს სწრაფად იმოქმედონ კრიტიკული სიტუაციების შემთხვევაში.

ნაკრძალი დელფინებისთვის მუდმივ საცხოვრებლად არ არის განკუთვნილი. აქ ისინი ეტაპობრივად გაივლიან რეაბილიტაციისა და ადაპტაციის პროცესს; ისწავლიან ნადირობას,  ღია წყალში ორიენტირებას, გრძელ დისტანციებზე გადაადგილებას და სხვა დელფინებთან ურთიერთობას.

ამ დროისთვის ევროპაში დაახლოებით 60 დელფინი კვლავ ტყვეობაში ცხოვრობს. პროექტის წარმატების შემთხვევაში, მსგავსი ნაკრძალების შექმნა მომავალში სხვა ქვეყნებშიც იგეგმება, რაც შოუებში მონაწილე ზღვის ცხოველებისთვის უფრო ჰუმანური ალტერნატივა იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები