”კრედო ბანკი” ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებით იქნება დაკავებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენატაძემ განუცხადა. მისივე თქმით, “კრედო ბანკზე” ლიცენზიის გაცემის პროცედურა დამთავრებულია.
”ლიცენზია ჩვენ გუშინ გავეცით. მოგეხსენებათ, ”კრედო” 2007 წლიდან იყო ქართულ ბაზარზე, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. ძირითადად ბანკი დაკავებული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებით. ეს იქნება ძირითადად მისი მიმართულება. ვფიქრობთ, რომ ის კარგად ჩაეწერება საბანკო სისტემაში, რადგან მან უკვე საკმაოდ კარგი გამოცდილება დააგროვა ამ მიმართულებით დაფინანსებაში, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
შეგახსენებთ, კრედოს 2014 წლიდან ინვესტორთა კონსორციუმი ფლობს, რომელიც, თავის მხრივ, მიკროსაფინანსო და სხვა საფინანსო მომსახურებას საერთაშორისო მასშტაბით ახორციელებს და წარმოდგენილია ევროპის, აზიის, სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის კონტინენტებზე.