ცოტნე გამსახურიდიას მეუღლე ანა ჯაბაური ჟურნალ „სარკესთან“ მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ზვიად გამსახურდიას ვაჟს ღეროვანი უჯრედებით მკურნალობენ:
„ცოტნე უკეთესადაა. გამადიდებელი შუშით ვუყურებ თითოეულ პატარა წინსვლას. ვერც ლაპარაკობს და ვერც დადის, მაგრამ ხელს და ფეხს უკეთესად ამოძრავებს, უფრო ფხიზლად არის, რეაქციებიც უკეთესი აქვს, მარცვლებსაც უკეთესად წარმოთქვამს… სხვისთვის ეს ყველაფერი არც იმდენად თვალხილულია, მაგრამ ჩემთვის და მათთვის, ვინც ხშირად უყურებს, ეს ყველაფერი კარგად ჩანს.
ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის კურსებს ვუტარებთ გერმანელ პროფესორებთან ერთად.
მეორე მეთოდი ის გახლავთ, რომ ლუქსემბურგიდან ჩამოვიტანეთ რობოტი, რომლის საშუალებითაც, ვოტნე, ფაქტობრივად, დადის. სხვა სასიარულო აპარატურაც გვაქვს, მაგრამ ეს რობოტი აბსოლუტურად იმეორებს ადამიანის ნაბიჯებს და ამიტომ არის მნიშვნელოვანი. ცოტნეს ვამაგრებთ ამ რობოტს. მოჰყვება პლანშეტის სახით სრული კომპიუტერი, რომელსაც ვაპროგრამებთ და დაატარებს ცოტნეს…
ახსოვს თქვენი სიყვარულის ამბავი, თქვენი ერთობლივი ცხოვრება?
როგორ არ ახსოვს?! მხოლოდ ჩვენი სიყვარული კი არა, ყველაფერი ახსოვს! თავის ახლობლებსაც ცნობს, მეზობლები რომ მოდიან, გული უჩუყდება და ტირის. მეგობრების დანახვაზე ცრემლები მოსდის. ცოტა ხნის წინ ჯოხარ დუდაევის შვილი იყო ჩამოსული და მაშინაც გული აუჩუყდა. რამე როცა აწუხებს, გარეგნულად არ ეტყობა, მაგრამ მისი ერთი შეხედვით ვხვდები. ხელის მოჭერითაც მელაპარაკება…
