LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანანა თოდაძე: „დიეტის წინააღმდეგი ვარ, ადამიანმა არ უნდა მოიკლოს ის ბედნიერება, რასაც გემრიელად ჭამა ჰქვია… ყველაზე კარგი დიეტოლოგი და ექიმი საკუთარი ორგანიზმი და ინტუიციაა…“

138
მანანა თოდაძე

მომღერალი მანანა თოდაძე არაჩვეულებრივ ფორმაშია. ამისთვის კი მას ნამდვილად არ სჭირდება დიდი ძალისხმევა, რადგან გარდა გენეტიკისა და პატარ-პატარა შეზღუდვებისა, მას მარტივი ვარჯიშები და თავის მოვლის საშუალებები ეხმარება, რასაც სახლის პირობებში იტარებს. ამბობს, რომ გაპრანჭვა და ლამაზად ჩაცმა ბავშვობიდან უყვარდა, ეს თვისება კი დედისგან გადმოეცა და დღემდე მიჰყვება. თემაზე ის ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.

– წლების მატებასთან ერთად, ადამიანებს უჭირთ სასურველი წონის შენარჩუნება. თქვენ არაჩვეულებრივად გამოიყურებით. როგორ ინარჩუნებთ სხეულის ასეთ ფორმებს და წონას? ამისთვის დიეტა, განტვირთვის დღეები, ვარჯიში თუ შეზღუდული რაციონი გშველით?

– დიეტის წინააღმდეგი ვარ, ადამიანმა არ უნდა მოიკლოს ის ბედნიერება, რასაც გემრიელად ჭამა ჰქვია. თუმცა, ამ ყველაფერს აქვს თავისი დრო და ზომა. დილით, როცა ვიღვიძებ, ლოგინიდანვე ვიწყებ ვარჯიშს. ფეხის, წელის, ხერხემლისა და კისრის ვარჯიშებს ვიტარებ. არანაირ დარბაზში არ დავდივარ. წლებია, სახლის პირობებში ვვარჯიშობ, დღეში, ალბათ, 10-15 წუთი. საკუთარი თავი თუ გიყვარს, ვარჯიში სახლშიც შეგიძლია, რომ ჯანსაღად გამოიყურებოდე და წონაც აკონტოლო. რაც შეეხება კვებას, უკვე ხუთი წელია, ხორცეულზე ვთქვი უარი. ვჭამ მხოლოდ ქათმის ხორცს კვირაში ერთხელ, თევზს, ბოსტნეულსა და ხილს. ყოველ დილით მივირთმევ მოხარშულ ორ კვერცხს, რომ ორგანიზმი ცილით მოვამარაგო. გვიან ვიძინებ და ბოლოს რვა საათზე ვიკვებები მსუბუქად. საღამოს ძალიან მომწონს საბავშვო მაწონში გარეული თაფლი. ზოგადად, ჩემი ორგანიზმი თავად მკარნახობს, რა უნდა მივირთვა და რა არის ჩემთვის უკეთესი. სულ ვამბობ, რომ ადამიანისთვის ყველაზე კარგი დიეტოლოგი და ექიმი საკუთარი ორგანიზმი და ინტუიციაა.

– ბევრს წლების მატება აშინებს. თქვენს შემთხვევაში როგორ არის საქმე?

– ჩემი აზრით, ყველა ასაკს თავისი ხიბლი და სილამაზე აქვს. გულდასაწყვეტია, როცა ადამიანზე ამბობენ: ასაკშია, წლებთან შედარებით კარგად გამოიყურება, აღარ უნდა დაბერდესო? არ შეიძლება, სულ ასაკზე გამახვილდეს ყურადღება. ასაკზე კი არ უნდა მიუთითოთ, პატივი უნდა სცეთ მის პიროვნებას. თუ ადამიანი ჯანმრთელია, აქვს პოტენციალი და კარგად გამოიყურება, მას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია – ეს ხომ შესანიშნავია. ადამიანს სიცოცხლის ბოლომდე აქვს უფლება, იყოს ბედნიერი და გააკეთოს ის, რაც კარგად გამოსდის, გარშემო მყოფებმა უნდა დააფასონ მისი შესაძლებლობები. როცა შეხედავ ქალს ლამაზია, ჭკვიანი, შრომისუნარიანი, თავის სფეროში წარმატებული, მიიღე ისეთი, როგორიცაა და შეაფასე და დააფასე მისი ნიჭიერება და სილამაზე. ასე რომ, ყველას უნდა ჰქონდეს სრულყოფილი ცხოვრება. ყველა ადამიანს ვუსურვებ დღეგრძელობასა და ბედნიერებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g