მარკ ენტონი პირველად გამოეხმაურა ბრუკლინ ბექჰემის ქორწილში მომხდარ იმ სკანდალურ ეპიზოდს, რომლის გარშემოც წლებია საუბარი არ წყდება. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ენტონიმ, რომელიც ბრუკლინისა და ნიკოლა პელტცის ქორწილში მიწვეული არტისტი იყო, სცენაზე პირველ ცეკვაზე პატარძლის ნაცვლად ბრუკლინის დედა, ვიქტორია მიიწვია. ასევე ენტონიმ ვიქტორია „დარბაზში ყველაზე ლამაზ ქალად“ მოიხსენია, რის შემდეგაც ნიკოლა პელტცი ცრემლებით გავარდა საბანკეტო დარბაზიდან.
სწორედ ეს ეპიზოდი სახელდება ბრუკლინსა და მის მშობლებს შორის კონფლიქტის ერთ-ერთ პირველ მიზეზად.
The Hollywood Reporter-თან ახალ ინტერვიუში მომღერალმა პირდაპირ პასუხს თავი აარიდა, თუმცა მიანიშნა, რომ გავრცელებული დეტალები რეალობას არ შეესაბამება.
„ძალიან სამწუხაროა, როგორ ვითარდება ეს ყველაფერი, თუმცა ის, რასაც ვკითხულობთ, ნაკლებად შეესაბამება სინამდვილეს“, – განაცხადა არტისტმა.
ენტონიმ აღნიშნა, რომ ბექჰემების ოჯახთან წლების განმავლობაში ახლო ურთიერთობა აკავშირებს და მათი უმცროსი ვაჟის, კრუზის ნათლიაა. ამავე დროს, მან უარი თქვა კონკრეტულად იმაზე საუბარზე, რა მოხდა ქორწილში და რა ხდება ახლა მათ ოჯახში.
„არაფერი მაქვს სათქმელი იმაზე, რა მოხდა იქ და რა ხდება მათ ოჯახში ახლა“, – დასძინა მომღერალმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ 26 წლის ბრუკლინ ბექჰემმა „ინსტაგრამზე“ განაცხადა, რომ წლების განმავლობაში მშობლების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. მან ისინი დაადანაშაულა იმაშიც, რომ მისი ქორწინების დანგრევას ცდილობდნენ და სოციალურ ქსელებში მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებდნენ მისსა და ნიკოლას წინააღმდეგ.
არსანიშნავია, რომ ვიქტორიასა და დევიდს შვილის ბრალდებებზე ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

